2008 წელს რუსები გორს ბომბავდნენ, დღეს კი ამ ქალაქის გუნდი საერთაშორისო სარბიელზეა გასული, ხორვატულ "ჰაიდუკს" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეთამაშება და მომდევნო ეტაპზე გასვლის რიგიანი შანსიც აქვს. წესით, დღეს სტადიონზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს. მანამდე კი...
7 აგვისტოს ორივე გუნდმა "მიხეილ მესხზე" ივარჯიშა. იქვე ვნახეთ ივო შუშაკიც, "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი, ხორვატი, რომელმაც საქართველოში კარგი ადამიანის სახელი დაიდო.
"ჰაიდუკს" ჩამოჰყვნენ ხორვატი ჟურნალისტები, გულშემატკივრებმა კი თბილისში მგზავრობა და
"მიხეილ მესხის" სტადიონს ჯერ "დილას" ავტობუსი მოადგა. გუნდის განწყობა კარგი უნდა იყოს, "დილას" მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ხალისი ეტყობოდათ.
საპრესკონფერენციო დარბაზში "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი და კაპიტანი ირაკლი მოდებაძე შემოვიდნენ. ჯერ დევდარიანს ვკითხეთ:
- "ჰაიდუკი"-"დილას" მატჩი ცივი გონებით რომ გააანალიზეთ, რა პრობლემები აღმოაჩინეთ საკუთარ გუნდში?
- პრობლემა ბევრია და ამაში გასაკვირიც არაფერია, ეს გუნდი ორი თვეც არ არის, რაც შეიკრა. ყველა პრობლემაზე რომ ვისაუბროთ, ეს შორს წაგვიყვანს და ამის დროც ახლა ნამდვილად არ გვაქვს.
რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და ყველა ხარვეზი ერთ თამაშში ვერ გამოსწორდება. ვეცდებით, რომ გარკვეული პრობლემები გადავჭრათ, სისუსტეები თამაშიდან თამაშამდე უნდა გამოვასწოროთ.
- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თამაშს არ გახსნით. მაინც როგორ აპირებთ "ჰაიდუკთან" თამაშს?
- სტრატეგია იგივე იქნება, რაც "ჰაიდუკთან" პირველ შეხვედრაში იყო. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, მოწინააღმდგე უნდა ვაიძულოთ, რომ გახსნას თამაში და მოთმინებით დაველოდოთ ისეთ შესაძლებლობას, როცა სწრაფ კონტრშეტევას განვახორციელებთ.
- დისკვალიფიცირებული ოთარ ხიზანეიშვილის ადგილს ალექსანდრე კვახაძე დაიკავებს?
- კი, ასე იქნება.
- ხიზანეიშვილმა სპლიტში ორი გაფრთხილება მიიღო და გააძევეს. მის საქციელს ღალატს დაარქმევდით?
- ეს სხვა ფეხბურთელს რომ გაეკეთებინა, მართლა ღალატს დავარქმევდი, მაგრამ ხიზანეიშვილს კარგად ვიცნობ, ვიცი, რა პიროვნებაცაა, ალბათ ყველამ შეამჩნიეთ, თუ როგორ განიცადა ეს ყველაფერი.
როგორც უნდა იყოს, ასეთ გამოცდილ მოთამაშეს ასეთი რამ არ უნდა მოსვლოდა.
- გულშემატკივრის ფაქტორზე რას იტყოდით? თქვენ ხომ ფრთხილ თამაშს აპირებთ...
- გულშემატკივარს ერთხელაც ვთხოვ, მომთმენი იყოს. გუნდის გაურკვეველ მოქმედებებს დაგეგმილის შესრულება სჯობია.
ირაკლი მოდებაძე არ იყო სასტარტოში "ჰაიდუკთან" პირველ შეხვედრაში, ვერ ითამაშა სტუმრად "ოლბორგთან". მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იყო ჩვენთვის და ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რომ სპლიტში ჩაკეტილი ფეხბურთი ვითამაშეთ.
მოდებაძეს შეუძლია პირველი ბურთის მიღება, გუნდის ამოყვანა და არა მხოლოდ ეს. ტრავმის შემდეგ ის ახლა სრულ მზადყოფნაშია და ძალიან გვინდა, რომ მთელი 90 წუთი ნაყოფიერად იმუშაოს.
ეს თამაში მხოლოდ "დილა"-"ჰაიდუკის" დაპირისპირება არ არის, 8 აგვისტო საქართველოსა და გორისთვის მძიმე დღეა და ვალდებული ვართ, პატარა სიხარული ვაჩუქოთ ხალხს. ამ ყველაფერს კარგად ვაცნობიერებთ.
ირაკლი მოდებაძე: - პირველი მატჩი კი მოვიგეთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. ბიჭებმა ხორვატიაში ყველაფერი იღონეს და თბილისშიც ასე იქნება. რაც უფრო მეტი ხალხი მოვა სტადიონზე, მით უკეთესი ჩვენთვის.
"ჰაიდუკთან" "დილას" განაცხადში არ იქნება რატი ალექსიძე, რომელის შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.
ტუდორს ინგლისური არა, მაგრამ ჭკუა ფეხბურთით უნდა ვასწავლოთ
პრესკონფერენციის მერე "დილას" მწვრთნელ-ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ, ვარჯიში დამთავრებული არ ჰქონდათ, როცა საპრესკონფერენციო დარბაზში "ჰაიდუკის" მწვრთნელი, ერთ დროს "იუვენტუსის" მცველი იგორ ტუდორი რომ შემოვიდა, მას გუნდის კაპიტანი მარიო მალოკაც ახლდა.
პირველი კითხვა ტუდორს ხორვატმა ჟურნალისტმა დაუსვა - რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი "დილასთან" მეორე მატჩისთვისო?
"განწყობა ძალიან ოპტიმისტურია. "დილასთან" პირველი მატჩის შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებოდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფრის შეცვლა შეიძლება. სპლიტში წავაგეთ, თუმცა ვფიქრობ, "ჰაიდუკმა" მეტოქეზე უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა".
ტუდორისთვის კითხვების დასმა ქართველ ჟურნალისტებსაც გვსურდა, თუმცა ინგლისურად მოლაპარაკე ხორვატმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ხორვატულიდან თუ არ თარგმნით, კითხვებზე არ გიპასუხებთო, მე რა ვიცი, ზუსტად მიაწვდით თუ არა მკითხველს ჩემს ნათქვამსო...
ხორვატულიდან ქართულად მთარგმნელი დარბაზში არავინ იყო და ტუდორმაც დარბაზი დატოვა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პირველად საქართველოში: სტადიონზე შესვლა ელექტრონული ბილეთებით მოხდება
გიორგი დევდარიანი: "ჰაიდუკთან" თამაშს ისევ ჩავკეტავთ და ჩავრაზავთ
ევროპალიგა. მეტოქე: სპლიტის "ჰაიდუკი" დროებით პირველია
კვირის 1000 წვრილმანი: რაღაცნაირი და ბრჭყვიალა
იმედიანი ზაფხული, ახალი "დილა" და ნუკრი რევიშვილის დაბრუნება
ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს
გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]
ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]