ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩების წინ: უეფამ დანის პირზე აღარ გაიარა

AutoSharing Option
20 თებერვალს პლეი ოფის პირველი რაუნდით განახლდება ევროპის რანგით მეორე საკლუბო გათამაშება ევროპალიგა.

32 კლუბი ისევ იბრძვის ტროფეის მოსაპოვებლად. რამდენიმე მათგანში ქართველი ლეგიონერებიც ასპარეზობენ...

ფეხბურთი და სისხლისღვრა
ევროპალიგაზე ერთბაშად 4 (!) უკრაინული გუნდია შემორჩენილი, რომელთაგანაც სამი 20 თებერვალს შინ თამაშობს. არადა, მოგეხსენებათ, რა ხდება კიევში, სადაც უკვე ათეულობით დემონსტრანტია დაღუპული.

ვითარება ყოველ წამს იცვლება და არ ვიცით, რა იქნება მაშინ, როცა ამ სტატიას წაიკითხავთ, მაგრამ მისი დაწერისას უეფამ, ერთი შეხედვით, სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, მერე შეეშინდა და შეცვალა.

ოდესა და დნეპროპეტროვსკი
მოცილებულნი არიან სისხლისღვრის ეპიცენტრს, მაგრამ აუხსნელია, რა პრინციპით იხელმძღვანელეს ევროპული ფეხბურთის მამებმა, როდესაც კიევში მატჩის გამართვაზეც (!) თავიდან თანხმობა განაცხადეს.

19 თებერვალს კიევში შედგა წინასამატჩო შეკრება და გადაწყდა - "დინამოსა" და "ვალენსიას" 1/16-ფინალური მატჩი, როგორც დაგეგმილი იყო, "ოლიმპიურზე" გაიმართებოდა. რამდენიმე საათში ვითარება ისევ შეიცვალა, რასაც პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ 20 თებერვლის გლოვის დღედ გამოცხადებაც დაერთო.

საბოლოო გადაწყვეტილებით, მატჩი აუცილებლად გაიმართება, ოღონდ... ნიქოზიაში.

ვის ვუგულშემატკივროთ
უკრაინული კლუბები ვახსენეთ და ევროპალიგაზე შემორჩენილ ქართველ ფეხბურთელებზეც ვთქვათ - მათი დიდი ნაწილი ხომ უკრაინულ კლუბებში თამაშობს: "დნიპროს" ღირსებას სამეული იცავს: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე.

"დნიპრო" 20 თებერვალს ლონდონის "ტოტენჰემს" დაუხვდება. ევროპალიგის პლეი ოფის პირველ წრეში ეს დაპირისპირება ერთ-ერთი ცენტრალურია. "ტოტენჰემს" 7 წამყვანი მოთამაშე არ გაჰყვა უკრაინაში.

ოდესის "ჩერნომორეცის" ღირსებას იცავს თორნიკე ოქრიაშვილი, ის გუნდში იჯარითაა და ჯერ ერთი ოფიციალური თამაშიც არ გაუმართია ოდესელთა რიგებში. "ჩერნომორეცი" ფრანგულ "ლიონს" მასპინძლობს.

აღსანიშნავია "ლიონის" მწვრთნელის გადაწყვეტილება - ოდესაში მან თითქმის სარეზერვო შემადგენლობა მიავლინა. უკრაინაში არ წავიდა "ლიონის" ძირითადი გუნდის 12 ფეხბურთელი, მათ შორის, არც ალეკსანდრ ლაკაზეტი, იოან გურკუფი, კლემან გრენიე და ბაფეტიმბი გომისი.

ოქრიაშვილი ჯერაც "შახტარის" საკუთრებაა, რომელიც პლზენში "ვიქტორიას" ხვდება, რომლის თავკაციც თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი დუშან უჰრინი-უმცროსია.

კიდევ ერთი ქართველი თამაშობს რუსულ "ანჟიში". სწორედ "ანჟისა" და ბელგიური "გენკის" თამაშით განახლდება ევროპალიგა. შეგახსენებთ, რომ "ანჟის" რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა გამოდის.

ყაზანის "რუბინმა" ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა საბა კვირკველია. ყაზანური კლუბი სევილიაში წყალწაღებულ "ბეტისს" ესტუმრება.

ფავორიტები
ტურინამდე გზა (ფინალი "იუვენტუს არენაზე" გაიმართება) ჯერ კიდევ გრძელია. ამიტომაც ახლა ძნელია ფავორიტების დასახელება.

სიტუაციას ართულებს ზოგიერთი ევროპული კლუბის აგდებული დამოკიდებულება ტურნირისადმი (თუნდაც "ლიონის" მაგალითი ავიღოთ), თუმცა ბუკმეკერები ევროპალიგის მოგებას ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსს" უწინასწარმეტყველებენ. შემდეგ მოდიან: "ტოტენჰემი", "ნაპოლი", "ფიორენტინა" და "შახტარი"...

ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები
20 თებერვალი
ანჟი (რუს)-გენკი (ბელ) 21:00
ჩერნომორეცი (უკრ)-ლიონი (საფ) 22:00
დნიპრო (უკრ)-ტოტენჰემი (ინგ) 22:00
დინამო კ. (უკრ)-ვალენსია (ესპ) 22:00
ესბიერგი (დან)-ფიორენტინა (იტა) 22:00
იუვენტუსი (იტა)-ტრაბზონი (თურ) 22:00
ლიბერეცი (სლო)-ალკმაარი (ჰოლ) 22:00
პაოკ-ი (საბ)-ბენფიკა (პორ) 22:00
აიაქსი (ჰოლ)-ზალცბურგი (ავს) 00:05
ბეტისი (ესპ)-რუბინი (რუს) 00:05
პორტუ (პორ)-აინტრახტი (გერ) 00:05
ლაციო (იტა)-ლუდოგორეცი (ბულ) 00:05
მაკაბი თ. (ისრ)-ბაზელი (შვე) 00:05
მარიბორი (სლო)-სევილია (ესპ) 00:05
პლზენი (ჩეხ)-შახტარი (უკრ) 00:05
სუონსი (უელ)-ნაპოლი (იტა) 00:05

ბომბარდირები:
5 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ოლქან ადინი (ტრაბზონი); 4 - ხონათან სორიანო (ზალცბურგი), რომან ბეზიაკი (ლუდოგორეცი), სერჯო ფლოკარი (ლაციო), ალანი (ზალცბურგი), ტერენს ბოიდი (რაპიდი), ანდრი იარმოლენკო (დინამო კ.)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული