ევროპალიგა. 1/2-ფინალი. I მატჩების წინ: ჯაბა კანკავა ნეაპოლში

AutoSharing Option
7 მაისს ნეაპოლსა და სევილიაში ევროპული საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე გათამაშების, ევროპალიგის ორი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ყურადღება იტალიის სამხრეთისკენაა, სადაც ჯაბა კანკავა და კომპანია ჩადის საბრძოლველად.

რაფა ბენიტესი აგრძელებს შეტევას მესამე ევროპალიგურ ტიტულზე. მისი "ნაპოლი" ნახევარფინალური ეტაპის დებიუტანტ "დნიპროს" მასპინძლობს. ჩვენ კი საამაყოდ ის გვრჩება, რომ აგვისტოდან მოყოლებული, ევროთასების ეულმა ქართველმა ჯაბა კანკავამ აქამდე მოაღწია.

ნეაპოლელ ტიფოზებს იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი გუნდი დიდი ანგარიშით მოიგებს და ამ დაპირისპირების ბედს იტალიაშივე გადაწყვეტს, თუმცა "დნიპრო" "კერკეტი კაკალია". მარკევიჩმა იტალიაში 21
ფეხბურთელი წაიყვანა. სიაში ვერ მოხვდა "ბრიუგესთან" თავგამოჩენილი იევჰენ შახოვი.

ეს ორი კლუბი ერთმანეთისთვის უცხო სულაც არ არის - 2012/13 წლების ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუანდე რამოსის "დნიპრომ" შინ 3:1 მოიგო. ფედეცკის, მატეუსის და ჯულიანოს გოლებს ედინსონ კავანიმ პენალტით უპასუხა. ვალტერ მაძარის "ნაპოლიმ" შინ, "სან პაოლოზე" 4:2 მოუგო უკრაინულ გუნდს. კავანიმ გაილაღა - პოკერი შეასრულა, სტუმართა მხრიდან კი გოლები ფედეცკიმ და ზოზულიამ გაიტანეს.

მართალია, ედინსონ კავანი "ნაპოლის" აღარ ჰყავს, მაგრამ მას მაღალი კლასის ფორვარდები მაინც არ აკლია, თუმცა ნაკლებად უნდა ველოდოთ პოკერს სტუმართა კარში. "ნაპოლი" სხვა უკრაინულ კლუბს არც არასოდეს შეხვედრია. აი, "დნიპროს" რეკორდი იტალიურ კლუბებთან კი უკეთესის სურვილს ტოვებს: 1 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი. თანაც, ზედიზედ ხუთი მარცხი ბოლოს.

"ნაპოლი" ევროასპარეზზე შინ ძალიან ყოჩაღობს - 12 მატჩია, არ წაუგია: 9 მოგება და 3 ფრე. "ნაპოლი" ევროასპარეზზე ამ ეტაპამდე ბოლოს 1989 წელს იყო (იმ წელს უეფას თასი მოიგო). "დნიპროს" აქამდელი უდიდესი მიღწევები მეოთხედფინალებია (1985 და 1990 წელს).

"ნაპოლის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი 7 გოლით ტურნირის ბომბარდირია, ჯერ კიდევ შემორჩენილთა შორის. რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) და ალანი (ზალცბურგი) თავიანთ მონაგარს (8-8 გოლი) ვეღარაფერს შემატებენ.

"დნიპროს" იევჰენ კონოპლიანკა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ ევროპალიგის ამ გათამაშებაში ყველაზე მეტჯერ (41) დაარღვიეს თამაშის წესი.

"დნიპროდან" "ნაპოლიში" დეკემბერში ერთი ტრანსფერი განხორციელდა, ხორვატი ივან სტრინიჩი გადავიდა, მაგრამ მას ამ ტურნირზე გამოსვლის უფლება აღარ აქვს.

"დნიპრო" ტაქტიკურად განსწავლული გუნდია. ასე რომ, "ნაპოლის" მძიმე მატჩი ელის", - ეს რაფა ბენიტესის სიტყვებია. თავის მხრივ, მარკევიჩი "ნაპოლის" ევროპალიგაზე შემორჩენილ გუნდებში ყველაზე ძლიერად მიიჩნევს.

* * *
ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია" ტიტულის შენარჩუნებას აპირებს. ამისთვის კი უნაი ემერის გუნდმა გზიდან "ფიორენტინა" უნდა ჩამოიშოროს. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად გადაეყარა, თუმცა "სევილიას" არასოდეს მოუგია იტალიური გუნდისთვის, ხოლო "ფიორენტინამ" ესპანურის დამარცხება ორჯერ შეძლო.

ამ სეზონში ევროპალიგაზე "სევილიამ" ყველა საშინაო მატჩი მოიგო, დავუმატოთ ამას გასული სეზონის მოგებებიც და მივიღებთ ანდალუსიელთა 8-მატჩიან მოგებათა სერიას.

თუკი "სევილია" ევროთასებზე ნახევარფინალურ სტადიას აღწევს, აუცილებლად იმარჯვებს. ამ "წესმა" უკვე 4-ჯერ გაამართლა. "იებმა" ევროთასებზე ნახევარფინალში 6-დან 4 შემთხვევაში იმარჯვა.

ევროპალიგა. 1/2-ფინალი. I მატჩები
7 მაისი
ნაპოლი-დნიპრო 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიჩუ - ზოზულია, მატეუსი (?), შახოვი
მსაჯი: სვეინ ოდვან მოენი (ნორვეგია)

სევილია-ფიორენტინა 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარეხა - ბაბაქარი, როსი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჯაბას და მის გუნდს!!
georgiano
20:23 07-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული