ევროპალიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "ბრაგა" და 15 უცნობი

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის 1/16-ფინალური სტადიის თამაშებია. გაირკვევა ის 15 გუნდი (ერთი წუხელ გაირკვა), რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

"ბრაგა" პირველია
პორტუგალიური "ბრაგა" პირველი გავიდა მერვედფინალში, მაგრამ ეს იმაზე რთულად გამოუვიდა, ვიდრე წინასწარმეტყველებდნენ.

"ბრაგას" სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული "სიონთან", მაგრამ უკვე პირველ ნახევარ საათში გამოცდილი ტეოფანის გეკასის დუბლის წყალობით, შვეიცარიული კლუბი 2:1-ს იგებდა. ეს შედეგი კი დამატებით დროს ითვალისწინებდა. მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს - 48-ე წუთზე ნიკოლა სტოილიკოვიჩმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში (4:3)
"ბრაგამ" იმარჯვა და ბრძოლას აგრძელებს.

რისკის მატჩი
დღევანდელი შეხვედრებიდან რისკის მატჩად მოინათლა "ლოკომოტივისა" და "ფენერბაჰჩეს" დაპირისპირება. თუმცა თურქული გრანდის ბოსები ამტკიცებენ, რომ მოსკოვში გუნდს თბილად დახვდნენ და ფეხბურთი პოლიტიკის გარეშე რჩება. ვნახოთ, რა მოხდება მოედანზე, "ლოკომოტივს" 0:2 აქვს ამოსაქაჩი. თურქულ კლუბს სტამბოლიდან გულშემატკივრები არ გაჰყოლიან, მხოლოდ მოსკოვში მცხოვრებ თურქებს თუ ელიან სტადიონზე.

დე ხეა დაბრუნდა
მთელი ყურადღება მანჩესტერისკენაა, რადგან ლუი ვან გაალის "იუნაიტედს" დანიაში მარცხისთვის (1:2) შური აქვს საძიებელი და "მიდტიულანდი" გზიდან ჩამოსაშორებელი. ჰოლანდიელი სპეციალისტის გასახარად, დანიაში მოთელვაზე დაშავებული ესპანელი გოლკიპერი დავიდ დე ხეა ბრუნდება.

ტრავმა მოიშუშა მარკოს როხომაც და ის სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდება. მოკლედ, "მანჩესტერში" ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორებისკენ მიდის. "მიდტიულანდის" ვერგავლა ვან გაალისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

არც კეინი, არც დემბელე
ლონდონში "ტოტენჰემი" "ფიორენტინას" მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ასე რომ, "დეზები" ფავორიტებად იქცნენ, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს ბანაკში პრობლემებიცაა. არ იქნებიან დაშავებული ჰარი კეინი და ნახევარმცველი მუსა დემბელე. ეს კი დიდი დანაკლისია ლონდონელთათვის.

საინტერესო იქნება "ბილბაოსა" და "მარსელის" დაპირისპირება. ფრანგულ კლუბს ესპანელი მიჩელი წვრთნის: "სამშობლოში დაბრუნება უკეთეს სიტუაციაში მერჩივნა. მეტოქე ძალიან სახიფათოა, რომელსაც წინ ორი ძლიერი შემტევი ჰყავს - რაულ გარსია და არიც ადურისი", - თქვა მიჩელმა, რომლის გუნდმაც შინ 0:1 დათმო და მერვედფინალში გასვლის მცირე შანსი აქვს.

"ვილიარეალი" "ნაპოლის" სტუმრობს. "წყალქვეშა ნავი" თავს დიდებულად იცავს, ახლა კი მხოლოდ ეს არის საჭირო, "ელ მადრიგალზე" ესპანელებმა 1:0 მოიგეს და ახლა ეს მყიფე უპირატესობა აქვთ დასაცავი. თავის მხრივ კი, "ნაპოლი" ბოლო დროს ძალზე გაბრაზებულია და "ვილიარეალი" ფრთხილად უნდა იყოს.

კიდევ ერთ ესპანურ კლუბს, "ვალენსიას" კი თავი ქუდში აქვს, "მესტალიაზე" "რაპიდი" 6:0 ჰყავს განადგურებული. საპასუხო თამაში ოდენ ფორმალობაა.

24 თებერვალი
ბრაგა-სიონი 2:2 (2:1)
გოლები: 0:1 გეკასი (16), 1:1 ჟოსუე (27-პენ), 1:2 გეკასი (29), 2:2 სტოილიკოვიჩი (48)
ბრაგა (4-4-2): მატეუსი - კარნეირო, რ. ფერეირა, ბოლი, მარსელინიო - ჟოსუე (62. სანტოსი), მაურო, ლუის კარლოსი, რ. სილვა - ჰასანი (92. პინტო), სტოილიკოვიჩი (81. ფონტე)
სიონი (4-2-3-1): ვანინში - რუფლი, ვანჩაკი, ნდოი, მოდუ - სალატიჩი, ე. ფერნანდესი - კონატე, ასიფუა (76. მუჯანჯი), კარლიტოსი - გეკასი (88. ზემანი)

ხუთშაბათი. 25 თებერვალი
ლოკომოტივი-ფენერბაჰჩე 20:00 (0:2)
ბილბაო-მარსელი 22:00 (1:0)
ლევერკუზენი-სპორტინგი 22:00 (1:0)
კრასნოდარი-სპარტა 22:00 (0:1)
ლაციო-გალათასარაი 22:00 (1:1)
ლივერპული-აუგსბურგი 22:00 (0:0)
რაპიდი-ვალენსია 22:00 (0:6)
შალკე-შახტარი 22:00 (0:0)
ბაზელი-სტ. ეტიენი 00:05 (2:3)
პორტუ-დორტმუნდი 00:05 (0:2)
მანჩესტერი-მიდტიულანდი 00:05 (1:2)
მიოლდე-სევილია 00:05 (0:3)
ნაპოლი-ვილიარეალი 00:05 (0:1)
ოლიმპიაკოსი-ანდერლეხტი 00:05 (0:1)
ტოტენჰემი-ფიორენტინა 00:05 (1:1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული