ანანიძე გაბელიას დარჩა, ყენია გამორიცხულია...

AutoSharing Option
21-წლამდელთა ნაკრებებს შორის, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ერთი თურქეთთან სტუმრად და ორიც სომხეთთამ შინ და გასვლაზე. 11 აგვისტოს ჩვენს 21-წლამდელებს, პრინციპული მატჩი ელით ერევანში, სომეხ თანატოლებთან.

ამ თამაშისთვის ჩვენი ახალგაზრდულის თავკაცმა ოთარ გაბელიამ შემადგენლობა დაასახელა. ყველას აინტერესებდა 11 აგვისტოს რომელ ნაკრებში ითამაშებდა ვუნდერკინდი ჯანო ანანიძე. ახალგაზრდულს ერევანში მეტად მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და გადაწყვეტილება სწორად მიიღეს - ანანიძე 21-წლამდელებში ითამაშებს. ერთი სიტყვით, გაბელიამ ერევნის მატჩისთვის 18 ფეხბურთელი შეარჩია და ეს სია ასეთია:

მეკარეები -
როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორ ეტო, უნგრეთი);
მცველები - ლაშა თოთაძე (დიორ ეტო, უნგრეთი), გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე დინამო), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია);
ნახევარმცველები - ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა, რუსეთი), გიორგი განუგრავა (დიორ ეტო, უნგრეთი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), გიორგი თექთურმანიძე (დინამო);
თავდამსხმელები - გიორგი ივანიშვილი (შაფჰაუზენი, შვეიცარია), გიორგი ილურიძე (ანჟი, რუსეთი), მათე ვაწაძე (დინამო), გიორგი ჭედია (ოლიმპი).

როგორც ხედავთ, ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი დებიუტანტია - მახაჩყალის "ანჟის" თავდამსხმელი გიორგი ილურიძე, რომელსაც გასულ უქმეებზე პირველად ათამაშეს სასტარტო შემადგენლობაში. შემადგენლობაში არ არის "შალკეს" ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელიც ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა. სომხეთთან მატჩისთვის გუნდის მომზადებას ოთარ გაბელია შაბათს, 7 აგვისტოს დაიწყებს. 9-ში ჩვენი 21-წლამდელები ერევანში გადაფრინდებიან და მზადებას იქ გააგრძელებენ.

სამის გარდა ყველა ლეგიონერი თბილისში ჩამოვა. ჯანო ანანიძე, გიორგი ივანიშვილი და ნიკა ძალამიძე ნაკრებს ერევანში შეუერთდებიან.
სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრების დანიელ თავკაც ფლემინგ სერისლევს საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია. გაცნობებთ იმასაც, რომ სემხეთის 21-წლამდელებმა წელს, შესარჩევი ციკლის ორი მატჩი გამართეთ, ორივე სტუმრად და ორივე შეხვედრა მოიგეს. სერიცლევის გუნდმა 3 მარტს ირლანდიაში 2:1 იმარჯვა, 20 მაისს კი ესტონელები სტუმრად 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხებს ორი თამაში დარჩათ ჩასატარებელი და ორივე ჩვენს 21-წლამდელებთან.

სომხეთი ცხრილში ქულითა და საფეხურით გვისწრებს და მე-4 ადგილზეა. თუ ერევანში მოვიგებთ სომხებს უკან ჩამოვიტოვებთ, მეორეზე მყოფ თურქეთთან ქულათა სხვაობას შევამცირებთ და საუკეთესო მეორეადგილოსნობის გამსვლელი საგზურისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. ერევანში ვერმოგების შემთხვევაში კი მხოლოდ თეორიული შანსიღა გვრჩება, რაც უნდა გამოვრიცხოთ.

გაცნობებთ იმასაც, რომ 10 აგვისტოს ირლანდია ესტონეთს უმასპინძლებს. ეს ესტონელებისთვის ბოლო მატჩია და თუ ვერ მოიგეს, მეორე ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშებიან. შეგახსენებთ, რომ შესარჩევიდან პლეი ოფში 14 გუნდი გადის. მათ 10 ჯგუფის გამარჯვებული და 4 საუკეთესო მე-2 ადგილოსანი დაემატებიან. საუკეთესო მეორეადგილოსნები თავთავიანთ ჯგუფებში პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებულ ქულების ჯამით გამოვლინდება.

პლეი ოფის 14 მონაწილიდან 7 გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება და კონტინენტის პირველობისათვის დასკვნით სტადიაში სწორედ ეს 8 გუნდი იბრძოლებს. ფლეი ოფის მატჩები წელს 9 და 13 ოქტომბერს ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი გაისად 11-25 ივნისს დანიაში გაიმართება.
დაბოლოს, 11 აგვისტოს, სომხეთ-საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი ვაზგენ სარქისიანის სახელობის "რესპუბლიკურ" სტადიონზე ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება. შეხვედრას მაკედონიელი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი დიმიტარ მეჩკაროვსკი იქნება.

თ  მ  ფ  წ      ბ     ქ
1. შვეიცარია      9  5  2   2  14-8   17
2. თურქეთი       8  4  1  3  12-10 13
3. ესტონეთი      9  3  3  3   9-11  12
4. სომხეთი        8  3  1  4  14-16 10
5. საქართველო   7  2 3  2    8-5   9
6. ირლანდია     7  0  4  3   6-13  4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული