საქართველო-შვეიცარია 0:1
0:1 აფოლტერი (56)
საქართველო შვეიცარია
4-3-3 4-4-1-1
მაკარიძე ბიურკი
კანდელაკი ფ. კოხი
მ. კობახიძე რ. კოხი
კვერკველია აფოლტერი
ხოჭოლავა დაპრელა
თარხნიშვილი ვიუტრიხი
კვეკვესკირი ბუფი
ძალამიძე ვისი
ჭანტურია ცუბერი
შეყილაძე კასამი
ქობალია ბენ ხალიფა
მწვრთნელი მწვრთნელი
ს. ჭედია პ. ტამი
საქართველო
65. ჭანტურია - ყაზაიშვილი
71. კანდელაკი - იოსელიანი
76. ძალამიძე - ლექვთაძე
სათადარიგოები: შეროზია, აფაქიძე, კალანდაძე, გუგუჩია
შვეიცარია
46. ვიუტრიხი - სეფეროვიჩი
79. ბენ ხალიფა - ტოკო
89. ბუფი - ქსაკა
სათადარიგოები: ზიგრისტი, კამბერი, შონბეხლერი, დრმიჩი
გაფრთხილება: ბუფი (12), კანდელაკი (26), ჭანტურია (45), კვერკველია (53), ბიურკი (90)
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუშინდელი მარცხით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა. სოსო ჭედიას სადებიუტო მატჩი უიმედოდ ნამდვილად არ წაუგია, მაგრამ ამას სატურნირო ცხრილისთვის მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს - შესარჩევი ციკლი ხორვატიაში გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ამას ზედიზედ სამი მარცხი მივაყოლეთ და დღეისთვის ჯგუფის აუტსაიდერობის კანდიდატს უფრო ვგავართ.
მართალია, ჩვენი გუნდი ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზეა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ, მეტოქეთაგან განსხვავებით, შეხვედრათა ნახევარი უკვე ჩატარებული აქვს.
გუშინდელი მატჩის შედეგი კანონზომიერად მიგვაჩნია, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია, რამდენიმე საგოლე მომენტი რომ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენს შემტევებს დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, მინიმუმ ფრეს მაინც მივაღწევდით. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ გოლს ჩვენი კარიც რამდენიმეჯერ გადაურჩა, მატჩის ბედი კი იმან გადაწყვიტა, რომ შვეიცარიელებმა მეორე ტაიმი ჩვენზე დამაჯერებლად ჩაატარეს და მიზანსაც მიაღწიეს.
შეხვედრის დებიუტი საქართველოს ნაკრების მიერ საუკეთესოდ ჩატარებული დროის მონაკვეთი იყო. საწყის 15 წუთში დაწინაურება არაერთხელ შეგვეძლო - ირაკლი ქობალიას დარტყმა მეკარემ მოიგერია, გიორგი ჭანტურიას გამჭოლ გადაცემას ნიკა კვეკვესკირი ვერ მისწვდა, იმავე ჭანტურიას სახიფათო ჯარიმას კვლავ სტუმართა კიპერი დაუხვდა, ქობალიას თავური კი ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
დაუწერელი საფეხბურთო კანონი კინაღამ უმალ ამოქმედდა - სებასტიენ ვიუტრიხმა ხუთიოდე მეტრიდან ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ გაიტანა და ბურთი ხარიხას გაარტყა, მისმა თანაგუნდელებმა კი დამატებაზე ვერ ივარგეს.
შესვენებამდე დარჩენილ წუთებში საქმე უკვე გიორგი მაკარიძეს მიეცა, რომელმაც ყველა საფრთხე დამაჯერებლად განმუხტა და ვფიქრობთ, საქართველოს ნაკრებში ყველაზე სასარგებლო სწორედ იგი იყო.
მეორე ტაიმს დიდი იმედით ველოდით, მაგრამ შეხვედრის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი არადამაჯერებლად ჩავატარეთ. შვეიცარიელებმა კი ჩვეულად, არცთუ ეფექტურად, მაგრამ ძალიან ეფექტიანად ითამაშეს და საწადელსაც მიაღწიეს. მათმა ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა ფრანსუა აფოლტერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შეაგება და - 0:1.
არადა, გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა დაწინაურების ორი ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან - ხელსაყრელი მანძილიდან მიზანს ჯერ ირაკლი შეყილაძემ ააცილა, მერე კი ჭანტურიამ.
საქართველოს ნაკრებს გოლის გარდა, კიდევ ერთი უსიამოვნებაც შეემთხვა - მუხლის ტრავმის გამო ჭანტურია შესაცვლელი შეიქნა.
გოლის შემდეგ ჭედიას გუნდს რეგრესი დაეტყო, ვეღარც კომბინაციურად თამაში გამოსდიოდა და ტემპიც დაეცა. 77-ე წუთზე ქობალიას მაინც შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ეფექტური ვარდნით ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
მატჩის დასკვნითი ნაწილი უხეიროდ ჩავატარეთ და მეტოქეს საკუთარი კარის მშრალად შენახვა აღარ გასჭირვებია.
ასე წავაგეთ მატჩი, რომელშიც ჩვენს ბიჭებს თავდადებას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ წარმატებისთვის მარტო ეს არ კმარა - ვფიქრობთ, თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა და უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. ერთი შეხედვით, მეტოქეს ბევრით არაფრით დავუჩაგრივართ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გუშინ გუნდს შვეიცარია უფრო ჰგავდა, ჩვენ კი ჯერ გუნდიც ჩამოსაყალიბებელი გვაქვს და შემადგენლობაც გადასახედი - აქ მხოლოდ ტრავმებით გამოწვეულ იძულებით ცვლილებებს არ ვგულისხმობთ, ნაკრების ზოგიერთი პოტენციური ლიდერი გუშინ საოცრად უფერული იყო.
1. ესპანეთი 3 3 0 0 11-2 9
2. შვეიცარია 3 2 1 0 5-0 7
3. საქართველო 4 1 0 3 3-10 3
4. ესტონეთი 1 0 1 0 0-0 1
5. ხორვატია 3 0 0 3 0-7 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"