შვეიცარია-საქართველო 5:0
გოლები: 1:0 ცუბერი (8), 2:0 ბენ ხალიფა (13), 3:0 ცუბერი (33), 4:0 ცუბერი (42), 5:0 რ. კოხი (64)
შვეიცარია საქართველო
4-4-2 4-5-1
ბიურკი მაკარიძე
ქსაკა კანდელაკი
დაპრელა მ. კობახიძე
რ. კოხი კვერკველია
ფ. კოხი იოსელიანი
ბაშა ჯიღაური
ბენ ხალიფა კვეკვესკირი
ტოკო თარხნიშვილი
კასამი ოქრიაშვილი
ცუბერი ძალამიძე
სეფეროვიჩი შეყილაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
პ. ტამი ს. ჭედია
შვეიცარია
61. დაპრელა - მუბანჯე
68. ბენ ხალიფა - ვიუტრიხი
80. ქსაკა - ვისი
სათადარიგოები: ზიგრისტი, კამბერი, ბუფი, დრმიჩი
საქართველო
46. კანდელაკი - აფაქიძე
56. შეყილაძე - საბანაძე
80. ჯიღაური - სიხარულია
სათადარიგოები: შეროზია,
გაფრთხილება: კასამი (89), კობახიძე (90)
არბიტრი: ს. ცინკევიჩი (ბელარუსი)
გუშინ ლუგანოში გასაკვირი არაფერი მომხდარა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიის ძლიერ გუნდთან დამარცხდა. ამ მატჩის წინ დადებითი შედეგის დიდი იმედი ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ იმის დაჯერება კი ძალიან გვინდოდა, რომ ესპანეთთან ქუთაისში ნაწვნევი 2:7 მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენი 21-წლამდელებისთვის ბოლო სირცხვილი იქნებოდა.
სამწუხაროდ, მწარედ შევცდით და შვეიცარიის ახალგაზრულმა ნაკრებმა, რომელმაც ერთი თვის წინ თბილისში მხოლოდ მინიმალურად მოიგო, გუშინ სოსო ჭედიას გუნდს შავი დღე აყარა. კიდევ კარგი, შესვენების შემდეგ მასპინძლებს საგოლე მადა დაუქვეითდათ, თორემ ესპანელთა შედეგსაც გააუმჯობესებდნენ.
წინა შესარჩევი ციკლი გამონაკლისი იყო და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ბოლო ტურებამდე ინარჩუნებდა. შესარჩევი რაუნდის გადალახვას ჩვენი ახალგაზრდულისგან არც ამჯერად ვითხოვდით, მაგრამ იმის იმედი მაინც გვქონდა, რომ უაღრესად რთული მეტოქეების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა და თუ ვერ აჯობებდა, მოედანს შერცხვენილი მაინც არ დატოვებდა. საუბედუროდ, ეს მოკრძალებული ოცნებაც აუსრულებელი დაგვრჩა.
რა უნდა თქვა მატჩზე, რომელშიც შენი ქვეყნის გუნდი 0:5 მარცხდება? სიტყვების პოვნა ძნელია და ასეთ დროს, ალბათ, ცხელ გულზე ბევრი მსჯელობაც არ არის აუცილებელი. ყველაზე მთავარი და დამთრგუნველი შეგრძნება, რასაც ასეთი შეხვედრები აჩენს, ის არის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩი კი არ წაგვიგია, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც დღეს ბევრის ვერაფრის მაქნისია, ხვალინდელი დღისთვის სრული კატასტროფის წინაშე დგას!
სხვა რა გითხრათ წუხანდელ საშინელებაზე? ქართველ ქომაგს მატჩი არ უნახავს, ინტერნეტით მხოლოდ გოლების ფრაგმენტები გავრცელდა, სადაც ვნახეთ, თუ რა საცოდაობა ტრიალებდა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში და როგორ აპამპულავებდნენ მასპინძელთა შემტევები სტუმართა მცველებს. სტევენ ცუბერმა პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი გაიფორმა, მანამდე კი პიერ-ლუიჯი ტაიმის გუნდმა ქართველები ორი სწრაფი გოლით გატეხა. შესვენების შემდეგ შვეიცარიელებმა ტემპი დააგდეს და საკუთარი უპირატესობა კიდევ ერთი ბურთით განიმტკიცეს, სტუმრებს კი პრესტიჟის გოლიც არ გაატანინეს.
ჯგუფში მესამე ადგილზე კი დავრჩით, მაგრამ ხორვატიასა და ესტონეთს ჩვენზე ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული და 14 ნოემბერს მათი ურთიერთშეხვედრა აუცილებლად მეოთხეზე ჩაგვაჩოჩებს. ჯგუფის ორივე ფავორიტთან შეხვედრები უკვე მოვილიეთ და მომავალი წლის ივნისამდე შესარჩევი მატჩები აღარ გველის, თუმცა თუ პოპულარულად ქცეულ გამოთქმას მოვიშველიებთ, ისღა დაგვრჩენია, ისინი მომავალი ციკლისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.
დაბოლოს, ფაქტი უკომენტაროდ: შვეიცარიიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის გასული ჩემპიონატის ფინალისტია და გუნდის ღირსებას დღეს ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამდენიმე ფეხბურთელი იცავს. თუმცა ევროპული ვერცხლის მომპოვებელი გუნდის ბირთვს, უმეტესად, ის მოთამაშეები შეადგენდნენ, რომლებმაც წინა შესარჩევში საქართველოს ნაკრებს შვეიცარიაში მინიმალურად სძლიეს, თბილისში კი 0:0-ს დასჯერდნენ.
ეს იმათ გასაგონად, ვინც 0:5-ის ასახსნელად არგუმენტებს დაეძებს...
ესპანეთი-ესტონეთი 6:0
1. ესპანეთი 4 4 0 0 17-2 12
2. შვეიცარია 4 3 1 0 10-0 10
3. საქართველო 5 1 0 4 3-15 3
4. ხორვატია 4 1 0 3 1-7 3
5. ესტონეთი 3 0 1 2 0-1 1
მომდევნო ტური
14 ნოემბერი
ესპანეთი-შვეიცარია
ხორვატია-ესტონეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ან რისთვის იხარჯება უაზროთ პული?
მოკვდა ქართული პეხბურთი უკვე დანამდვილებით შეიზლება ამაზე ლაპარაკი.ერთი ის კი ვიცი რო ამათ გამო მე აგარ ვაპირებ არც ნერვების შლას.და კიდე ნუ გამოდიან და ნუ იძახიან სტადიონზე იარეთო რა.უპასო კი არაა იქიტ ტუ გადამიხდიან მოედანზე მისვლისტვის პულს კიდე შეიზლება დაპიქრება ტორე ისე კისერიც უტეხიათ ამათ.ტქვენც გირჩევტ ნერვები აგარ მოიშალოთ ამატ გამო.