ჩვენმა 17-წლამდელებმა პირველი შესარჩევი ეტაპი ჯერ კიდევ სექტემბერში გადალახეს, ელიტრაუნდამდე 19-იანებსაც ერთი ნაბიჯი აშორებთ, მაგრამ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და ახლა 17-წლამდელებზე შევჩერდეთ. თანაც, ამ ასაკში, 19-წლამდელებისგან განსხვავებით, პირველი შესარჩევი რაუნდი უკვე დასრულებულია და, შესაბამისად, გარკვეულია ელიტრაუნდში გასული ყველა გუნდი.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდმა ბულგარეთსა და მასპინძელ მოლდოვას აჯობა, ბოლო, უმოტივაციო მატჩში კი შვედეთთან დამარცხდა. პირველზე
საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, მესამე ან მეოთხე კალათში მოხვდება. ეს ამბავი მხოლოდ წილისყრის წინა დღეს დაზუსტდება.
ელიტრაუნდში ჩვენს 17-წლამდელებთან ერთად გავიდნენ უნგრეთი, ბელარუსი, რუსეთი, პორტუგალია, შოტლანდია, თურქეთი, ჩეხეთი, ირლანდია, დანია, იტალია, ინგლისი, ჰოლანდია, ბელგია, უკრაინა, შვედეთი, სერბეთი, ლიტვა, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ესპანეთი, პოლონეთი, გერმანია, ალბანეთი, ისლანდია, შვეიცარია, ყაზახეთი, მაკედონია.
ყაზახეთისა და მაკედონიის ნაკრებები ელიტრაუნდში საუკეთესო მესამეადგილოსნების სტატუსით მოხვდნენ.
გასულ თვეში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრთა სტატისტიკური მონაცემები გაგაცანით, ახლა კი მოკლედ გუნდურ მაჩვენებლებსაც გავეცნოთ:
- საქართველოს ნაკრებმა პირველი რაუნდის სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე მიიღო (საშუალოდ მატჩში 1,67);
- მაისურაძის გუნდმა მეტოქის კარის ჩარჩოში 15-ჯერ დაარტყა (საშუალოდ მატჩში 5-ჯერ);
- ქართველებმა 12 კუთხური მოაწოდეს (საშუალოდ მატჩში 4)
- საქართველოს ნაკრები 41-ჯერ დაჯარიმდა (საშუალოდ მატჩში 13,67-ჯერ);
- ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ მეტოქეები 33-ჯერ დაჯარიმდნენ (საშუალოდ მატჩში 11-ჯერ);
- ქართველებმა 8 გაფრთხილება მიიღეს (საშუალოდ მატჩში 2,67);
- საქართველოს ნაკრების წევრთაგან არავინ გაუძევებიათ.
30 ნოემბერსვე გაიმართება ორივე ასაკში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის პირველი რაუნდის წილისყრა. აქ სულ ორი კალათა იქნება, თითოეულ ჯგუფში კი თითო კალათიდან ორ-ორი გუნდი მოხვდება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომლის წინა რამდენიმე თაობამ ზედიზედ გააღწია ელიტრაუნდში, აუცილებლად პირველი კალათის ბინადარი იქნება, 19-წლამდელთა პოზიცია კი ჯერ გაურკვეველია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფაში ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას აპირებს და იმედია, მიზანსაც მიაღწევს. კარგი იქნება, თუ რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში ელიტრაუნდს ვუმასპინძლებთ, უარეს შემთხვევაში კი, არც ის იქნება ცუდი, თუ მომავალ შემოდგომაზე საქართველოში პირველი ეტაპის მატჩები ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"