19-წლამდელთა წარმატების ფორმულა - სწორი მიდგომა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე მართლაც რომ იყოჩაღა, ესქიშეჰირში გამართულ ტურნირში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მასპინძელ თურქებსაც აჯობეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

უკვე გაუწყეთ, რომ ტურნირის ბოლო მატჩში ჩვენებმა აუტსაიდერ ლუქსემბურგს 2:0 აჯობეს.

"რომ არა პირველ ტაიმში წარმოუდგენელი უიღბლობა, ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა. იმდენი საგოლე მომენტი შევქმენით, სხვა თამაშებსაც ეყოფოდა. ქართველი ფეხბურთელების დარტყმები ან ძელს ხვდებოდა, ან მილიმეტრებით სცდებოდა მეტოქის კარს.

მთავარი დატვირთვა მარჯვენა ფლანგზე მოდიოდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობდა. ჰოლანდიური "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მეტოქე
მცველი გააწამა და მას ხშირად ორი-სამი თანაგუნდელის დახმარება სჭირდებოდა.

თამაშში მშვენივრად ჩაერთო პირველ ტაიმშივე შეცვლაზე შესული დავით გელაშვილი, რომელსაც რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, როცა ყაზაიშვილის დარტყმულ ბურთს ვარდნით უცვლიდა მიმართულებას, თუმცა ლუქსემბურგის ნაკრები რაღაც სასწაულით გადარჩა. ბევრი ურტყა შორიდან მერაბ გიგაურმა, მაგრამ მიზანი ვერა და ვერ გაისწორა.

მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა სანდრო რეხვიაშვილმა შუა ხაზის თამაში უფრო მწყობრი გახადა. ლუქსემბურგელთა კარს აქტიურად უტევდნენ ქართველი მცველებიც, სანდოხაძე და ხოჭოლავა.

74-ე წუთზე ყაზაიშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა: ბურთი ცენტრთან ახლოს მიიღო, გზად ყველა მეტოქე ჩამოიტოვა, ცენტრისკენ შეიწია და ახლო, დაბალ კუთხეში უზუსტესად დაარტყა - 2:0.

დევდარიანის გუნდი სისწრაფეს უმატებდა თუ არა, მომენტი მომენტზე იქმნებოდა. მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად, ხეირიანად თამაშის საშუალებაც არ მისცემია; პირველ ტაიმში ერთი-ორჯერ კი სცადეს "ეკბინათ", მაგრამ ჩვენი ნაკრების მეკარე დავით ლეგაშვილი საიმედო იყო", - გვამცნობს თურქეთიდან სფფ-ის წარმომადგენელი.

ჩვენი ბიჭების შედეგი ჩინებულია - პირველი ადგილი ჯგუფში 7 ქულით, ანუ ორი მოგება და ერთი ფრე, 6 გატანილი და 2 გაშვებული ბურთი. ელიტრაუნდის მეტოქეთა ვინაობას კი 29 ნოემბრის კენჭისყრისას შევიტყობთ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში 18 ნოემბერს დაბრუნდება, გიორგი დევდარიანი და ფეხბურთელები კი მედიას მომავალ კვირას შეხვდებიან.

ახლა მთავარზე: გიორგი დევდარიანის გუნდისგან წარმატება აღარავის უკვირს, არადა, ისიც ქართველია, ისეთსავე პირობებში მუშაობს, როგორშიც სხვები და იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ისეთი თაობა ჰყავს, რომლის დარიც საქართველოში არ დაბადებულა. ან დაბადებულა, მაგრამ ეს თაობები დაკარგულა, დევდარიანისა და მისი თანამოაზრეების (თემურ ფოცხვერია, გია ცეცაძე, გიორგი მიქაძე, ივანე ლუცენკო) ხელში კი გუნდი იზრდება და იმედია, პროგრესს კიდევ გააგრძელებს.

არადა, რა კარგი იქნებოდა, დევდარიანისა და კომპანიის დარად, კიდევ რამდენიმე ქალაქსა და საფეხბურთო სკოლაში ასეთივე სწორი მიდგომით რომ ზრდიდნენ თაობებს. მერე 13 მაისის დიუსელდორფის ამბიცია ისევ გაგვიჩნდება, რაც სულაც არ არის ფანტასტიკა - ეს ერთხელ უკვე შევძელით და დევდარიანისა და მისი გუნდის მაგალითმა ჩვენი რესურსი კვლავაც გამოაჩინა.

ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო, როდესაც დევდარიანმა უმაღლესი ლიგის "თბილისის" გაწვრთნაზე უარი თქვა და, ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - დაბრუნებულიყო ბავშვთა ფეხბურთში და კვლავაც გაეზარდა თაობები ისევე და უკეთაც, რაც გაფერმკრთალებული ქართული ფეხბურთის გამოცოცხლებული ფრაგმენტებით შეძლო "თბილისში".

დევდარიანმა და მისმა თანამოაზრეებმა ჯერ "ოლიმპში", შემდეგ კი "საბურთალოში" მოახერხეს და გაზარდეს ნიჭიერი თაობა. ეს ამბავი დასაფიქრებელიც არის და იმათ პასუხადაც გამოდგება, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოში თაობები არ მოდიან - მოდიან, მაგრამ ვერ ზრდიან, რადგან ასე გულიანად, ცოდნითა და მზრუნველობით არ ეკიდებიან, ნიჭიერს უნიჭოსგან ვერ არჩევენ, კეთილ თესლს ვერ ყრიან და უნაწოფოდაც რჩებიან.

არადა, ნიადაგი ძალიან ნოყიერია და მცოდნე კაცს ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბატონო მერაბ!
თქვენს ერთერეთ ბლო სტატიაში ქართულ გუნდებში მწვრთნელების შეცვლის შესახებ ცამმთვილილი მწვრთნელებიდან განსაკუთრებით სამწუხაროა გია ცეცაძის განთავისუფლება. მისი სატელევიზიო ინტერვიუ(ისევე რგორც დევდარიანის ნებისმიერი გამოსვლა სხვადასხვა ტელეინტერვიუში)ამტკიცებს რამდენად დიდი საფეხბურთო ინტელექტი და ადამიანური ზრდილობა,ეთიკური მიდგომა და მრავალი სხვა დადებითი თვისება აქვთ ნახსენებ ადამიანებს.შეგიძლიათ იგივე თქვათ თემურ ქეცბაიას შესახებ? ...თქვენც კარგად იცით რომ არა.
ჰოდა კეთილი ინებეთ და დაეხმარეთ ქართულ ფეხბურთს, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა კაცურად და ეგება განთავისუფლდეს ქართული ფეხბურთი ქეცბაიას ვირუსისაგან.
Jigaro
18:22 19-11-2011
0
Bატონო მერაბ, გილოცავთ,სტატია გამგივიდათ!იქნებ მსგავსი ობიექტური სტატია ერვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მუშაობის შესახებაც დაწეროთ.ვიმეორებ ბიექტურად! და არა შიშით თუ მორიდებით.
დევდარიანი რომ განათლებული,კულტურული და მიზანდასახული მწვრთნელია ეს მან უკვე მრავალგზის დაამთკიცა. ერვონული ნაკრებისადმი მიძღვნილ,ადრე დაწერილ კმენტარებში არაერთხელ ავღნიშნე,რომ ცოტა კიდევ გამოცდილება სჭირდება და დიდ მწვრთნელად ჩამოყალიბდება...ჰდა საქართველს ნაკრების მომავალიც შეიძლება ჩაბარდეს, ხოლო ამჟამად გეგუჩაზე უკეთესი მწვრთნელი არ ყავს საქართველოს.
Jigaro
18:12 19-11-2011
0

სიახლეები პოპულარული