U17, U19. მეტოქეები: პოიეტი და ესპანელი ბომბარდირი თბილისში

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩატარებულმა წილისყრამ ოთხი ქართული ნაკრების მომავალი მეტოქეები გაარკვია.

შეგპირდით, რომ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა საელიტრაუნდო მეტოქეებზე მცირე ინფორმაციას მოგაწვდიდით და დანაპირებს ვასრულებთ.

U17
ესპანეთი
ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებს ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 37 წლის სანტიაგო დენია, იგივე სანტი წვრთნის, რომელიც 1995-96 წლების სეზონში დიდებული "ატლეტიკოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ცენტრალური მცველის ამპლუაში მან იმ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. "ატლეტიკოს" შემადგენლობაში სანტიმ 9 სეზონი ჩაატარა და რამდენიმე შეხვედრაში ესპანეთის
ეროვნული ნაკრების მაისურაც მოირგო.

2009 წელს ცოტა ხნით "ატლეტიკოს" მეორე მწვრთნელი იყო, კიდევ უფრო მცირე დროით კი - მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი. შარშან ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს და იმ თაობასთან ერთად წლეულს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში დამაჯერებლად გავიდა.

ესპანელებმა პირველი რაუნდის სამ მატჩში სამივე მოიგეს - ჩერნოგორიასთან 2:1, მალტასთან 6:0 და პოლონეთთან 2:0.

სანდრო რამირესი - ეს სახელი და გვარი უნდა დავიხსომოთ, ესპანელებს ახალი ვარსკვლავი ეზრდებათ. "ბარსელონას" ფორვარდმა სამ შეხვედრაში ერთი ჰეთ თრიქი და ორი დუბლი შეასრულა, ანუ 7 გოლს მოუყარა თავი და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. რამირესი პირველი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

მეტოქე მეტისმეტად ძლიერი გვყავს, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა პირენეელებს ივნისში ტოლი არ დაუდო - ბაქოში გამართულ "კასპიის თასზე" ფრედ, 1:1 ეთამაშა, მაგრამ ესპანელები ფინალში გატანილ-მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით გავიდნენ.

ინგლისი
ელიტრაუნდში ინგლისმაც 9 ქულით გააღწია. ბრიტანელებმა ლატვია 4:0 გაანადგურეს, ბოსნია 2:0 დაამარცხეს, ხოლო ჰოლანდიას მინიმალურად, 1:0 მოუგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისელთა ეს თაობა შარშანდელ 17-წლამდელებს არ ჩამოუვარდება.

გუნდს კვლავაც გამოცდილი ჯონ პიკოკი წვრთნის, რომლის გუნდმაც შარშან თბილისში გამართულ შესარჩევ ტურნირში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და ელიტრაუნდში პირველი ადგილით გავიდა. საქართველო-ინგლისი კი ეროვნულ სტადიონზე, შეგახსენებთ, 1:1 დასრულდა - მატჩის მიწურულს კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ანგარიში ბაჩანა არაბულის ეფექტური დარტყმით გაათანაბრა.

დევენტ კოულმა და აფრიკული წარმოშობის ჩუბა აკპომმა პირველ რაუნდში ორ-ორი გოლი გაიტანეს, ინგლისის ნაკრების კაპიტანი კი დიეგო პოიეტია, ცნობილი ურუგვაელი ნახევარმცველის, ბრიტანეთში დაფუძნებული გუსტავო პოიეტის ვაჟი.

უკრაინა
2:0 ბელგიასთან, 0:1 ხორვატიასთან და 0:0 აზერბაიჯანთან - ასეთი წვალებით გავიდნენ უკრაინელები ელიტრაუნდში, თუმცა ამან არ უნდა მოგვატყუოს, რადგან, ტრადიციულად, ამ ქვეყანას ძლიერი ჭაბუკთა ნაკრებები ჰყავს.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ალექსანდრ პეტრაკოვი. ამჯერად გუნდის განაცხადში ქართული წარმოშობის ფეხბურთელი არ არის.

U19. ევრო 2012-ის ელიტრაუნდი
ხორვატია
ერთი შეხედვით, გიორგი დევდარიანის გუნდის მთავარი კონკურენტი ხორვატიის ნაკრები უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ელიტრაუნდის ამ ჯგუფის მატჩებს სწორედ ეს ქვეყანა უმასპინძლებს.

ხორვატმა 17-წლამდელებმა ჯგუფში 7 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დაიკავეს - ფინეთი 4:2 დაამარცხეს, მოლდოვა 4:0 გაანადგურეს, ხოლო ჰოლანდიასთან ფრედ, 0:0 ითამაშეს.

პირველ ეტაპზე ხორვატთა საუკეთესო ბომბარდირი 3 გოლით მარიო იელავიჩი გახდა. გუნდის თავკაცია დინკო იელიჩიჩი.

ბოსნია
ბოსნიის ნაკრები ელიტრაუნდში ქულათა მაქსიმუმით გავიდა, თანაც ისეთი ჯგუფიდან, სადაც მაჩანჩალები არ იყვნენ - რუსეთს, ირლანდიასა და ბულგარეთს, შესაბამისად, 2:0, 2:0 და 2:1 მოუგო.

ექვსი ბოსნიური გოლიდან ყველაზე მეტი - 2 საფეტ სივისიჩმა გაიტანა. გუნდს ტონი კარაჩიჩი წვრთნის.

ავსტრია
ავსტრიის ნაკრები საიმედო დაცვით უნდა გამოირჩეოდეს - ეს გუნდი ელიტრაუნდში ისე გავიდა, არც დამარცხებულა და არც გოლი გაუშვია, თუმცა პირველ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა - მალტას 3:0 მოუგო, ალბანეთსა და დანიას კი უგოლო ფრეებით გაეყარა.

რუპერტ მარკოს გუნდის შემადგენლობიდან პირველ რაუნდში ორი ბურთიც კი არავის გაუტანია.

საინტერესოა, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი კუთხური (29) ავსტრიის ნაკრებმა მოაწოდა, დანიასა და ჰოლანდიასთან ერთად კი ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველ რაუნდში კარი მშრალად შეინახა.

* * *
ელიტრაუნდამდე დარჩენილ პერიოდში სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციებს როგორც ჩვენი 17 და 19-წლამდელების, ასევე მათი მეტოქეების სამზადისისა და ტესტმატჩების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული