U16: მეტი თავდადება და მოგვარებულ-მოსაგვარებელი პრობლემები

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, წლის ბოლო მატჩები ირანის ნაკრებთან ჩაატარა.

შეგახსენებთ, ორივე სპარინგი "მიხეილ მესხზე" გაიმართა და პირველი შეხვედრა ქართველებმა 2:0 მოიგეს, მეორე კი ფრედ, 1:1 დაასრულეს.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გელა შეყილაძეს ამ ბოლო მატჩების გარდა, სამომავლო სამზადისზეც ვესაუბრეთ.

- ირანელებთან დადებით შედეგს მიაღწიეთ. როგორი იყო თამაშის ხარისხი?
- იმის მიუხედავად, რომ მატჩები ამხანაგური იყო, შედეგს გარკვეული მნიშვნელობა მაინც ჰქონდა. საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ და კარგია, რომ მასთან წარმატებით ჩვენს
ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდათ. თუმცა პრობლემები მაინც მრავლად გვაქვს. ჩვენი თამაშის ხარისხი იდეალურისგან შორსაა და ხარვეზების გამოსასწორებლად ბევრი შრომა გვჭირდება.

- ჩვენი გუნდის ყველაზე თვალსაჩინო ნაკლი რა არის?
- გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება, მაგრამ პრობლემები ყველაზე მეტად დაცვაშია. ცალკეული მცველებით ძალიან უკმაყოფილო არ ვარ, ეგაა, უკანა ხაზში უფრო მეტი შეთამაშება გვჭირდება. კარგია, რომ ისეთი სპარინგპარტნიორი გვყავდა, რომელმაც საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვაში ხელი შეგვიწყო.

- ირანელებთან მატჩებში რამდენიმე ახალწვეული გასინჯეთ. როგორ წარმოაჩინეს მათ თავი?
- შვიდი ახალწვეული გვყავდა, მოედანზე გასვლის საშუალებაკი მათგან ოთხს მიეცა და ოთხივემ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. სელექციის პროცესი აქტიურად უნდა განვაგრძოთ. ამ მიმართულებით უკვე ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

- ნაკრებში რომელი რეგიონების წარმომადგენლები სჭარბობენ?
- გვყავს ჭაბუკები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. როგორც ყოველთვის, არათბილისელებიდან ნაკრებში ისევ დასავლელები სჭარბობენ.

- უახლოეს მატჩებსა და ტურნირებს როდის ჩაატარებთ?
- მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში იტალიის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც ჩვენი მონაწილეობა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. გვაქვს აზერბაიჯანული, ყაზახური, პოლონური და გერმანული ტურნირების ვარიანტებიც. ყველა ეს შეჯიბრება სანაკრებოა და მინიმუმ სამ მათგანში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ.

- არც თუ დიდი ხნის წინ ბელგიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში განცდილმა 0:9-მ ძალიან დაგვზაფრა...
- რა უნდა ვთქვა, ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. პირველად შევხვდით ასეთი დონის გუნდს და ფაქტია, ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ამის მიუხედავად, ძალიან სასარგებლო სპარინგი იყო, საიდანაც სათანადო დასკვნები გამოვიტანეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ასეთი კატასტროფული სხვაობით აღარასდროს დამარცხდება. ბიჭებმა დაინახეს, რომ თავდადების გარეშე ვერაფერს მიაღწევენ.

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრით უკმაყოფილო, ალბათ, არ უნდა იყოთ.
- ნებისმიერი მეტოქე სათანადოდ უნდა დააფასო, მაგრამ წილისყრის შედეგებთან საპრეტენზიო მართლაც არაფერი მაქვს. ამის მიუხედავად, ელიტრაუნდში გასასვლელად მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს.

- მეტოქეებზე რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ?
- ცოცხლად ჯერ არავის თამაში არ მინახავს და ჯერ ვერც მათი მატჩების ვიდეოჩანაწერები მოვიპოვეთ, მაგრამ ამ საქმეს აუცილებლად მივხედავთ. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი უკრაინა იქნება, რომელსაც ნებისმიერ ასაკში ძლიერი ნაკრებები ჰყავს ხოლმე. შოტლანდიამ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ინგლისთან 2:4 წააგო, ლუქსემბურგი კი ბელგიასთან 0:3 დამარცხდა. როგორც გითხარით, მალე სამივე მეტოქის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას მივიღებთ.

- საკვალიფიკაციო ტურნირის თბილისში გამართვა გუნდისთვის, ალბათ, დიდი სტიმული იქნება.
- რა თქმა უნდა, ესეც დამატებითი მოტივაციაა. გულშემატკივართა მხარდაჭერა ამოცანის შესრულებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, მაგრამ, ამავდროულად, მომავალი წლის შემოდგომისთვის ისეთი ნაკრები უნდა გვყავდეს, რომელიც ქომაგთა იმედებს გაამართლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული