U17. მეტოქეები - საელიტოდ ყველა დაიქოქა

AutoSharing Option
29 ნოემბერს ნიონში, უეფას შტაბბინაში ასაკობრივ ნაკრებთა შესარჩევი ტურნირების წილისყრა მოეწყო და საქართველოს 17 და 19-წლამდელების საელიტრაუნდო მეტოქეებიც გაირკვა. შეგპირდით, რომ ჩვენი ნაკრებების მზადების პარალელურად, ინფორმაციებს მოწინააღმდეგეთა ბანაკებიდანაც მოგაწვდიდით და დღეს 17-წლამდელთა თემას შევეხებით.

შეგახსენებთ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფი უმძიმესია, მაგრამ ჩვენს შანსებს ის ზრდის, რომ ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე, რომელიც სლოვენიაში ჩატარდება, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

დავიწყოთ ჯგუფის ფავორიტი
ესპანეთით. სანტი დენიას გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ იანვრიდან დაწყებული, აქტიური მოსამზადებელი ეტაპი აქვს დაგეგმილი. საქართველოში ჩამოსვლამდე ესპანელები დროის დიდ ნაწილს სამშობლოში გაატარებენ და რამდენიმე სპარინგმატჩს შინ, სავარაუდოდ, "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, გასვლითი შეხვედრების გამართვაც აუცილებელია და ამ მიზნით თბილისში სტუმრობამდე ცოტა ხნით ადრე პირენეელები რომელიმე აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში "შეივლიან".

გავიხსენოთ, რომ მაისურაძის გუნდი ესპანეთის ნაკრებს ბაქოურ ტურნირზე შეხვდა და 1:1 ეთამაშა.

ინგლისელები მინიმუმ ერთ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჯონ პიკოკის გუნდი ერთ ტესტმატჩს პორტუგალიის ნაკრებთან ჩაატარებს. პიკოკი საელიტრაუნდო მეტოქეებზე ლაპარაკისას მხოლოდ ესპანეთს ახსენებს და ჩვენზე არაფერს ამბობს - არადა, შარშან, შემოდგომაზე, მან თბილისში ინგლისელ 17-წლამდელთა წინა თაობა ჩამოიყვანა, რომელთანაც ჩვენებმა 1:1 ითამაშეს.

ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს სულ 25 მატჩი ჩაატარა, რაც საგრძნობლად აღემატება ჩვენი ნაკრების მიერ გამართულ შეხვედრათა რაოდენობას.

ესპანელთა და ინგლისელთაგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთ სახიფათო მეტოქედ ასახელებს უკრაინელ 17-წლამდელთა დამრიგებელი ალექსანდრ პეტრაკოვი. მან ნაკრების 22 კანდიდატი კიევის "დინამოს" ბაზაზე შეკრიბა და ახალ წლამდე ინტენსიურად ავარჯიშებს, ამხანაგურად კი მხოლოდ უკრაინის დაბალი ლიგის ერთ-ერთ კლუბს ეთამაშება.

იანვარში უკრაინელები ბელარუსში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ, სადაც, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებსაც შეხვდნენ - მინსკში მაისურაძის გუნდიც მიემგზავრება.

პეტრაკოვის 22-კაციან სიაში ქართული წარმოშობის ერთი ფეხბურთელიც არ არის ნახსენები, არადა, ბოლო წლებში უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატურად თამაშობდნენ ქართული გვარის მქონე ჭაბუკები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული