სეკვესტრი ნაკრებულად - U15 და U14 კითხვის ნიშნის ქვეშ

AutoSharing Option
დიდია ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკურატორო ნაკრებთა სქემა შეიცვალოს - შემცირდეს გუნდების რაოდენობა.

აქამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რვა ნაკრებს პატრონობდა: ეროვნულს, U 21-ს, U 19-ს, U18-ს, U17-ს, U16-ს , U15-ს და U 14-ს. ამდენი ნაკრების ჩამოყალიბება ფედერაციის ამ ხელმძღვანელობის ნოვაცია იყო, რასაც ახალი სამწვრთნელო კადრებისა და ახალი ფეხბურთელების გარდა, ახალი ფინანსებიც სჭირდებოდა. აქამდე ყველა ეს ნაკრები უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი პერსონალით, ახლა კი სათუო გახდა ორი ნაკრების დაფინანსება - 15 და 14-წლამდელების.

რატომ მაინცდამაინც ეს ნაკრებები? თუ იმ ლოგიკას
გავყვებით, რომ უეფას ოფიციალურ ტურნირებში ამ რვა ნაკრებიდან მხოლოდ ოთხი მონაწილეობს (ეროვნული, U21, U19 და U17), მაშინ მათ გარდა ყველას არსებობას უნდა დასმოდა კითხვის ნიშანი. შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ყველაზე უმცროსთა ორი ნაკრები დანარჩენებთან შედარებით ნაკლებად აქტუალურია ან დაფინანსება, სახელმწიფოს დოტაცია უწინდელთან შედარებით მცირეა.

ერთი სიტყვით, ნაკრებთა რაოდენობის შემცირება სავსებით რეალურია. შევიტყვეთ, რომ საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა საქმე უფრო სეკვესტრამდე მიდის.

14-წლამდელთა დამრიგებელმა გოჩა ტყებუჩავამ უკვე იშოვა სხვა საქმე, ზუგდიდის "ბაიას" თავკაცად დაინიშნა. არის იმის პრეცედენტი, რომ მწვრთნელი კლუბშიც მუშაობდეს და ასაკობრივ ნაკრებშიც, მაგრამ U14-ის შემთხვევაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული