დასკვნითმა ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა. ვასილ მაისურაძემ მოთამაშეები, ძირითადად, სულ ბურთთან ამუშავა და კომბინაციები დაამუშავებინა. საბედნიეროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არავის აწუხებს და ყველა სრული დატვირთვით ემზადება.
უკვე მინსკში იმყოფება ტურნირის ყველა მონაწილე გუნდი, რომელთაგან, ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა ამავე საღამოს ივარჯიშეს. ჩვენამდე - ბელორუსებმა, ხოლო ჩვენს შემდეგ - ბელგიამ. საქართველოს ნაკრებთან ერთად, სასტუმრო "სპუტნიკში" ცხოვრობენ უკრაინისა და ლატვიის ნაკრები გუნდები.
მინსკის მე-8, საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი 22
როგორც ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ტურნირის გახსნას და ცენტრალურ თამაშს ბევრი მაყურებელი ეყოლება. ტურნირის აფიშები და ბილბორდები თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბითაა გამოფენილი და დასწრებაც უფასოა.
ადგილობრივი სპორტული პრესაც ადეკვატურ ყურადღებას იჩენს ტურნირის მიმართ. გამოქვეყნდა ბელორუსის 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის - მიხაილ მარხელის ინტერვიუც, სადაც, თავისი გუნდის მოსამზადებელ პროცესთან ერთად, ის მეტოქეებზეც საუბრობს.
"ჩვენი ჯგუფიდან, მხოლოდ ქართველებზე არ ვიცით არაფერი. ბელგიასთან და ლატვიასთან ნათამაშები გვაქვს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები ჩვენთვის ჯერჯერობით ამოუცნობი გუნდია. თუმცა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ ეს გუნდი ელიტ-რაუნდშია გასული, ცხადია, რომ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე" - ამბობს მარხელი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელორუსის 17-წლამდე ნაკრები გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ამსახველი რეპორტაჟისა და ფოტორეპორტაჟის გაცნობის საშუალება სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გექნებათ.
gbf.ge