ქართველმა ბიჭებმა ბელარუსი მასპინძლები ბოლო წუთზე გაამწარეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი წარმატებით დაიწყო - მასპინძელთა გუნდი დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი ბელარუსებმა მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ვასილ მაისურაძის გუნდი უფრო შედეგიანად ათამაშდა და გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გაიტანა.

ეს ტურის ცენტრალური მატჩი იყო, რომელსაც წინ ტურნირის გახსნის ცერემონიალი უძღოდა. მანეჟში თამაშს მაყურებელიც მრავლად დაესწრო. დამსწრეთა შორის ბელარუსში მცხოვრები ქართველი ქომაგებიც ბევრნი იყვნენ, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ენერგიულად ამხნევებდნენ.

"ძალიან რთული მატჩი იყო. თამაშის სადავეები ჩვენ გვეჭირა და, წესით, დიდი ანგარიშით უნდა
მოგვეგო, თუმცა უკანა ხაზში დაშვებული უაზრო შეცდომების გამო გავუშვით ის ბურთები, რამაც ამ თამაშის მოგება სათუო გაგვიხადა.

მიუხედავად ამისა, მე ბიჭების მადლობელი ვარ იმ ბრძოლისუნარიანობისა და შეუპოვრობისთვის, რაც გამოავლინეს და რისი წყალობითაც შევძელით სამი ქულის მოპოვება", - განაცხადა მატჩის შემდეგ ვასილ მაისურაძემ.

ჩვენს ჯგუფში ბელგიის ნაკრებმა ლატვია 4:0 გაანადგურა. დღეს თბილისის დროით 16 საათსა და 40 წუთზე ჩვენები ბელგიელებს შეხვდებიან და ჯგუფის გამარჯვებულის ბედიც აქ გაირკვევა.

შეგახსენებთ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ჯგუფების პირველადგილოსნები აგრძელებენ, რომლებიც ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

მეორე ჯგუფში რუსეთმა ფინეთს 4:0 სძლია, უკრაინამ კი ლიტვა 2:1 დაამარცხა.

ბელარუსი-საქართველო 3:4
გოლები: 0:1 ჯიქია (23), 1:1 რასადკინი (30. პენ.), 2:1 კორზუნი (32), 2:2 ჯიქია (54), 2:3 ახვლედიანი (62), 3:3 რასადკინი (71), 3:4 მესხი (80)
გაფრთხილება: მილევსკი, კაპლენკო - მელიქიძე, ცინცაძე

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, მელიქიძე (41. ცინცაძე), ნ. ჭანტურია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, გოროზია, ახვლედიანი (71. მაჭავარიანი), პაპუნაშვილი (41. მესხი), წილოსანი, დ. ჯიქია (67. დარციმელია).
მწვრთნელი: ვ. მაისურაძე
ბელარუსი: ფრანცკევიჩი, ნაზარენკო, გორბაჩიკი, მოროზოვი, კაბორდა, კორზუნი, მილევსკი (27. იაროცკი), კაპლენკო (54. ჟურნევიჩი), ვოდიანოვიჩი (77. მეტლიცკი), კუჩეროვი (58. აზერსკი), რასადკინი.
მწვრთნელი: მ. მარხელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული