საქართველო ფინალშია! ჩვენთან შესახვედრად უკრაინა და რუსეთი იბრძოლებენ [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
U17. მინსკის საერთაშორისო ტურნირი
საქართველო–ბელგია 4:2
საქართველო: ადამია, კაკაბაძე, ნ. ჭანტურია, მელიქიძე, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (67. გოროზია), ცინცაძე, წილოსანი, ახვლედიანი, მესხი (59. მაჭავარიანი), ჯიქია (65. დარციმელია)
მწვრთნელი: ვ. მაისურაძე
ბელგია: კრანინქსი, რივიტუზო (41. გერკენსი), ფიორე, იასარი, ლოჩინიო (60. ბისკოტი), პაულო და სილვა (60. დირქსი), მერტი, სერვაისი, ჰენდრიქსი (56. ვან დერ ბუისი), მილოშევიჩი, სალაეტსი
მწვრთნელი: პ. კლინკენბერგი
გოლები: 1:0 წილოსანი (22), 2:0 წილოსანი (24), 3:0 ჯიქია (29), 4:0 ჯიქია (44), 4:1 ლოჩინიო (60), 4:2 დირქსი (76. პენ)
გაფრთხილება: ლოჩინიო - ცინცაძე, დარციმელია, კაკაბაძე
არბიტრი: ვ. ბლიზნიუკი (ბელარუსი)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და იმის მიუხედავად, თუ როგორ ითამაშებს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ფინალის საგზური დაიბევა.

შეგახსენებთ, გუშინწინ დრამატულ ბრძოლაში ვასილ მაისურაძის გუნდმა მასპინძელი ბელარუსები 4:3 დაამარცხა, გუშინ კი კიდევ ერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა და ბელგიელ თანატოლებს დამაჯერებლად, 4:2 აჯობა.

სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოს ნაკრებმა უმაღლეს დონზე ითამაშა. ჩვენებს არც მინსკის მანეჟში მისული ქართველების მხარდაჭერა დაჰკლებიათ და ნეიტრალური ქომაგების დიდი სიმპათიებიც დაიმსახურეს.

საქართველოს ნაკრების წევრებს პირველი შეხვედრის შემდეგ სულის მოსათქმელად ცოტა დრო ჰქონდათ, მაგრამ ტექნიკასთან ერთად კარგი ფიზიკური მომზადებაც გამოავლინეს.

პირველი გოლი ფლანგურ შეტევას მოჰყვა: ჭიაბერ ჭეჭელაშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ვანო წილოსანი დაუხვდა და ჩვენი გუნდი თავურით დააწინაურა. ორიოდე წუთში წილოსანმა დუბლი შეასრულა - მან მათე ცინცაძის გონივრული გადაცემა გამოიყენა.

მალე ანგარიში მეტოქისთვის კატასტროფული გახდა: ნიკა ახვლედიანის შესანიშნავი პასი დავით ჯიქიამ მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა, მცველები და მეკარე მოატყუა და - 3:0.

მეორე ნახევარი ბელგიელებმა ოდნავ აქტიურად დაიწყეს და ერთი-ორჯერ მწვავე შეტევის განხორციელებაც სცადეს, თუმცა გოლი კვლავ საკუთარ კარში მიიღეს. ახვლედიანის მორიგი ჩინებული პასი კვლავ ჯიქიამ გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ჯიქიამ მინსკში ჩატარებულ ორივე მატჩში დუბლი გაიფორმა.

ამის შემდეგ ქართველებს კვლავ ჰქონდათ საგოლე მომენტები, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბელგიელებმა პრესტიჟის ორი ბურთის გატანა შეძლეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელარუსმა 2:1 დაამარცხა ლატვია და მაისურაძის გუნდი მეტოქეთათვის მიუწვდომელი შეიქმნა.

ზეგ ჩვენი ჭაბუკები ლატვიელებთან არაფრისმომცემ მატჩს გამართავენ, ფინალი კი 27 იანვარსაა. ქართველების მეტოქე მეორე ჯგუფის ლიდერების, უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირებაში გაირკვევა. ფრე უკრაინელებს აძლევთ ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჰაღ მიჭებო,გაიხარეთ, ისე მანამ პატარები არიან რა კარგად თამაშიობენ და მერე რა ემართებათ ხოლმე დიდობაში?
provokat-2
12:47 24-01-2012
0

სიახლეები პოპულარული