ალექსანდრე ჩივაძე მწვრთნელობას ნაკრებში უბრუნდება

AutoSharing Option
დიდი ხნის წინ ამბობდა ალექსანდრე ჩივაძე, რომ მწვრთნელობას დაუბრუნდებოდა, მაგრამ გადიოდა დრო და დაბრუნება არა და არ შედგა. გუშინ კი შევიტყვეთ: თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ინიშნება.

ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებთან გადავამოწმეთ და დაგვიდასტურეს. მეტიც, ბატონმა საშამ გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები შეკრიბა და სამუშაო გეგმა გააცნო.

ჩივაძე სამწვრთნელო შტაბში რევოლუციას არ გეგმავს: მას დაეხმარებიან ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძე, ანუ ვინც აქამდე ოთარ გაბელიასთან და სოსო ჭედიასთან მუშაობდა.

რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრების აწ
უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ სოსო ჭედიას, ის ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიასთან დაბრუნდა და კვლავ მისი ასისტენტი იქნება.

გადაწყვეტილია, რომ ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდული ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს თურქეთთან გამართავს: გუნდი 18 მარტს გაემგზავრება, მატჩი კი 21 მარტს დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 1993-1997 და 2001-2003 წლებში ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით "ჯვაროსნებმა" არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწიეს - 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო მესამე ადგილზე გავიდა.

სავარაუდოდ, ფეხბურთის ფედერაცია სამწვრთნელო ცვლილებებს დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განაცხადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონი ალექსანგრე ფეხბურთის პროფესორია. ესაა მისი ლიცენზია!
zaza
12:58 31-01-2012
0
ამის გაგება უკვე ძალიან ძნელია.ჭედია დანიშნეს და "დაგვისაბუთეს",ამით ახლგაზრდული ნაკრები ძირითადი ნაკრების თამაშის სისტემაზე გადავაო რაც ესოდენ აუცილებელიაო,სულ ცოტა ხანში კი ხსნიან და ნიშნავენ ჩივაძეს.ჩანს აქ სადმე ლოგიკა? პ.ს. ისე საინტერესოა რა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია ფლობს ბატონი ალექსანდრე.
daviti
12:37 31-01-2012
0

სიახლეები პოპულარული