მისმა გუნდმა 22-27 იანვარს მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენი ჭაბუკები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, დაამარცხეს ბელარუსი (4:3) და ბელგია (4:2), 2:2 ითამაშეს ლატვიასთან, ფინალში კი 0:2 წააგეს უკრაინელ თანატოლებთან.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბრძოლას ელიტრაუნდში აგრძელებს. მინსკის ტურნირიც ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი პროგრამის ნაწილი იყო.
ვასილ მაისურაძე: ტურნირი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ის ელიტრაუნდისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. ზოგადად,
- მინსკის ტურნირზე რამდენიმე ახალწვეულიც ათამაშეთ - კმაყოფილი ხართ მათი გამოსვლით?
- დავით ჯიქიას, გიგა სამხარაძისა და არჩილ მესხის თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ საქმეს თავი კარგად გაართვეს, ჯიქია ტურნირის თანაბომბარდირიც გახდა. ჩვენი სელექცია ამით არ ამოიწურება, ახალ ფეხბურთელებს ნაკრებში ისევ მოვიწვევთ.
- რა გამოხმაურება ჰქონდა ქართველების გამოსვლას მინსკში?
- აჟიოტაჟი დიდი იყო, ბევრი გულშემატკივარი გაგვიჩნდა, სხვა გუნდების წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ ჩვენს კარგ თამაშს, ფინალშიც ბევრი გვქომაგობდა.
- უკრაინის ნაკრებმა რის ხარჯზე გაჯობათ?
- ორი სიტყვით ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. პირველი გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავუშვით, კონცენტრაცია დაგვაკლდა. საერთოდაც, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში - ეს გვაკლდა. უკრაინას ყველა რგოლში სწრაფი ფეხბურთელები ჰყავდა და ამანაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.
- მინსკში ნაკრებთან ერთად არ იყო გიორგი აბურჯანია.
- მის პოზიციაზე მათე ცინცაძე ვათამაშეთ, რომელმაც საქმეს თავი კარგად გაართვა.
- ელიტრაუნდამდე რა გეგმები გაქვთ?
- თებერვალში ორ ამხანაგურ შეხვედრას ვითამაშებთ ლუქსემბურგთან და ერთხელაც გადავხედავთ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს. დავაკვირდებით ფეხბურთელების კლუბებში მზადებასაც. გვექნება 10-დღიანი შეკრება. ერთი სიტყვით, იმისკენ უნდა წავიდეთ, რომ ელიტრაუნდისთვის ვიფეთქოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"