სამწუხაროდ, ქართველმა ბავშვებმა ელიტრაუნდში წარუმატებლად იასპარეზეს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც გუნდის ლიდერის, ბაჩანა არაბულის უთამაშებლობა იყო - ნიჭიერმა თავდამსხმელმა შარშან მარტში, ელიტრაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე წინა ჯვარედინი იოგები დაიზიანა.
მას შემდეგ არაბულს აღარ უთამაშია. თავიდან ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ჯვარედინი მყესები არ ექნებოდა გაწყვეტილი, მაგრამ ბაჩანას ოპერაცია დასჭირდა, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო პერიოდიც გერმანიაში გაიარა.
"ვარჯიშის გეგმა გერმანელმა ექიმმა გამომიწერა და რეაბილიტაციის კურსსაც მისი ზედამხედველობით გავდივარ. ახლა მსუბუქად ვვარჯიშობ, მაგრამ რეაბილიტაციის ეტაპი არ დამისრულებია. ექიმი მალე მეტყვის, როდის გადავიდე სრულ დატვირთვებზე".
სად ითამაშებს ტრავმის მოშუშების შემდეგ 18 წლის თავდამსხმელი? არაბულით შარშან "მანჩესტერ სიტი" იყო დაინტერესებული. ქართველმა ფორვარდმა "სიტის" რეზერვისტებში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ ტრავმამ ინგლისში მისი გადასვლა ჩაშალა.
შარშან ზაფხულს ბაჩანას დამატება გია ცეცაძეს გორის "დილაში" სურდა, მაგრამ ცხადია, მაშინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მერე ლაპარაკი იყო თბილისის "დინამოზე", მაგრამ ბაჩანას სრულ მომჯობინებამდე ამაზე ლაპარაკი შეწყდა.
არაბულის ტრანსფერი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ეკუთვნის, რომლის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ამბობს:
"ბაჩანამ რეაბილიტაციის ეტაპის ნაწილი "კარლსრუეში" ალექსანდრე იაშვილის დახმარებით გაიარა, ახლა კი ჩვენი კლუბის სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ემზადება. მალე ისევ გერმანიაში გავუშვებთ და ექიმი ეტყვის, როდიდან შეძლებს ჩვეულებრივი რეჟიმით ვარჯიშს.
მთავარია, სერიოზული ტრავმის შემდეგ მოედანს მალე დაუბრუნდეს. ამის შემდეგ გადაწყდება, სად ითამაშებს არაბული".
ბაჩანა მხოლოდ 18 წლის არის. კარიერა ჯერაც წინ აქვს და იმედია, ძლიერ კლუბში გადასვლის შანსი გამოჯანმრთელების შემდეგ კიდევ მიეცემა.
ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, მოახერხებს კი არაბული ფორმის აღდგენას მაისამდე, როდესაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ხორვატიაში ელიტრაუნდის მატჩები ელის?
"წესით, ელიტრაუნდამდე სრული დატვირთვით ვარჯიში უნდა შევძლო. ძნელი სათქმელია, სათამაშო ფორმაში ვიქნები თუ არა, მაგრამ ამის დიდი იმედი მაქვს", - ამბობს არაბული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"