ოთარ კორღალიძე: ცუდი ნაკრები არ უნდა გვყავდეს

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანის გადადგომის შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოთარ კორღალიძეს ჩააბარეს. ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გუნდი პირველად შეკრიბა, სასტუმრო "ვარაზში" დააბინავა და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის, "ბასას" ხელოვნურსაფარიან მინდორზე ავარჯიშა.

შეკრებაზე კორღალიძემ შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა: ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი პაპავა, თევდორე კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ნიკა სანდოხაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გაგნიძე, ბუბა რუხაძე, ნიკა კაჭარავა (ყველა - "დინამო" თბილისი), გიორგი ჯგერენაია, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე - "გაგრა"), თორნიკე გრიგალაშვილი, თევდორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, გურამ სამუშია (ყველა - "ზესტაფონი"), გიორგი ბერია, კოტე
ზარნაძე, დავით გელაშვილი (ყველა - "სპარტაკი", ცხინვალი), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ავთო ენდელაძე ("ბაია", ზუგდიდი).

ამ ეტაპზე მწვრთნელს ნაკრებში არ გამოუძახებია ლეგიონერები: გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი (ორივე - "ვიტესი", ჰოლანდია), მერაბ გიგაური ("იაგელონია", პოლონეთი) და დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ და კორღალიძემ მათი კლუბებში დატოვება ამჯობინა.

მათ გარდა, შეკრებაზე არაა 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და ლიდერი, მცველი დავით ხოჭოლავა - "დინამოს" მცველი ტრავმირებულია.

თბილისური შეკრების შემდეგ, 18 მარტს ნაკრები კვიპროსში გაემგზავრება, ლარნაკაში კი კვიპროსელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს მიმდინარე საკითხებზე ველაპარაკეთ.

- ლევან ბარათაშვილის გარდა, ვინ შევიდა თქვენს სამწვრთნელო შტაბში?
- ერთი ეს ცვლილებაა, ბარათაშვილი გიორგი მიქაძის ნაცვლად იმუშავებს. ყველა დანარჩენი კი დავტოვეთ, მათ შორის, მეკარეთა მწვრთნელი ირაკლი ბალაძე და ადმინისტრატორი.

- კვიპროსში გამგზავრებამდე საკონტროლო მატჩს გეგმავთ?
- ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, 17 მარტს უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდთან გვეთამაშა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჩემპიონატის ტური ალბათ არ გადაიდება და ამიტომ 17 მარტს ორმხრივ თამაშს დავჯერდებით. თუ კარგი ამინდი იქნება, კარლო მჭედლიძის აკადემიაში ვითამაშებთ, თუ არადა, "ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

- გამოძახებულთა შორის რატომ არ არიან ნაკრების ძირითადი მეკარე დავით ლეგაშვილი და გუნდის კაპიტანი არჩილ ტვილდიანი?
- ტვილდიანი "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, რაც უკვე ბევრს ნიშნავს. ამიტომ მისი გუნდში დარჩენა და სხვა მოთამაშეებზე დაკვირვება ვამჯობინეთ.

რაც შეეხება დავით ლეგაშვილს, სამწუხაროდ, მას თითი აქვს მოტეხილი და ვერ ვარჯიშობს, მაგრამ პირველ მეკარედ სწორედ ის წარმომიდგენია და იმედია, მაისამდე მომჯობინდება. თუმცა ისედაც უგუნდოდ იყო და ძალიან მინდა, ფედერაციას დახმარება ვთხოვო, მომჯობინების შემდეგ რომელიმე გუნდში რომ ჩაირიცხოს. ასეთი ნიჭიერი ბავშვი უგუნდოდ არ უნდა ცდებოდეს.

- ჭანტურიას, ყაზაიშვილის, გიგაურისა და სხირტლაძის გარდა, ლეგიონერებში ვის აკვირდებით?
- უცხოეთში ბევრი ქართველია და მინდა, საუკეთესოები ჩამოვიყვანოთ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ "კრასნოდარში" თამაშობს ნახევარმცველი ხალვაში, კიევის "ობოლონში" კი 1994 წელს დაბადებული ირაკლი ღერკენაშვილი, რომლითაც კახა კაჭარავაც დაინტერესდა.

თუმცა ბავშვების მოძიებას საქართველოშიც გავაგრძელებთ. საინტერესო ბიჭები არიან "გაგრას" ნახევარმცველი ჭკუასელი და ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ფანცულაია. ძალიან აქებენ ზუგდიდის მეკარე ზურაშვილსაც. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ცუდი ნაკრები არ უნდა გვყავდეს.

- პირველ დღეს გუნდი ნაკრების ბაზის ხელოვნურსაფრიან მოედანზე ავარჯიშეთ და არა ნატურალურზე - შეკრების ბოლომდე ასე გააგრძელებთ?
- მთავარ მოედანზე თოვლი იდო და იქ შესვლას მინდვრის გაფუჭების შიშით მოვერიდეთ, მაგრამ დღეს ბალახზე (14 მარტს - რედ.) ვივარჯიშებთ.

- ცოტა უცნაურია, რომ ნაკრებს საკუთარი ბაზა აქვს, სადაც საცხოვრებელი ოთახებია, თქვენ კი სასტუმრო "ვარაზში" დაბინავდით...
- ნაკრების ბაზაზე მხოლოდ ეროვნული გუნდის წევრები ცხოვრობენ. სხვათა შორის, პორტუგალიასთან შეკრებამდე დიღომში, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შესვლა გადავწყვიტეთ, რადგან "ვარაზი" ქალაქის ცენტრშია და მუდმივი საცობების გამო მოუხერხებელია.

- ელიტრაუნდის შემადგენლობას როდის დაასახელებთ?
- ბოლო შეკრებას 15 მაისს დავიწყებთ, 19 ან 20 მაისს ხორვატიაში გავემგზავრებით. შემადგენლობას კი გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე გამოვაცხადებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მამულაშვილო შალამბერიძეზე დაწერე რამე
gigi1984
14:29 15-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული