U17.ესპანეთი-უკრაინა 2:2 - საჩვენო შედეგი

AutoSharing Option
28.03. დინამო არენა. 1 500 მაყურებელი
ესპანეთი-უკრაინა 2:2
0:1 ტიშჩენკო (8), 1:1 კალერო (19), 1:2 ბილონოგი (71), 2:2 ბუსტოსი (72)

ესპანეთი უკრაინა
4-1-4-1 4-4-2
ბლანკო სარნავსკი
ბელერინი ბურდა
საესი ლუხტანოვი
სანჩესი ხარატინი
გაია ტკაჩუკი
კოტანი პოლეხენკო
არგესი ტანკოვსკი
სამპერი გაბელოკი
კასტილეხო მირანიანი
ბუსტოსი ტიშჩენკო
კალერო ბილონოგი

მწვრთნელი მწვრთნელი
ს. დენია ა. პეტრაკოვი

ესპანეთი
41. გაია - გრიმალდო
55. კასტილეხო - იგლესიასი
68. არგესი - სერანო
სათადარიგოები: კანტერო, რუისი, მარტინესი, ფერნანდესი

უკრაინა
39. ტანკოვსკი - ლაზაროვიჩი
58. მირანიანი - რადჩენკო
74. ტიშჩენკო - ვეტროვი
სათადარიგოები: სტავიცკი, იარემჩუკი

გაფრთხილება: ტკაჩუკი (49), კასტილეხო (50), ხარატინი (62), სერანო (77)

არბიტრი: ნ. იორდანოვი (ბულგარეთი)

მატჩის დაწყებისას ეროვნული სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილ ხალხს სათითაოდ დაითვლიდით, პირველი ტაიმის მიწურულს კი "დინამო არენაზე" "მიხეილ მესხიდან" მისული გულშემატკივრები უკვე მრავლად იყვნენ. გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით გახარებულ ქომაგებს კონკურენტთა მატჩის შედეგი აინტერესებდათ.

ისე კი, როგორც ამ შეხვედრისას განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, იქ მისვლა მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებით არ ღირდა - მაყურებელმა ორი კარგი გუნდი, შეუპოვარი ბრძოლა და შესანიშნავი სანახაობა იხილა.

ჩვენი გუნდის გამარჯვებამ ესპანელებსაც და უკრაინელებსაც შეტევისკენ უბიძგა. ელიტრაუნდის სასტარტო ტურში წაბორძიკებამ მათ სხვა გზა არც დაუტოვა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესპანელები ჩვეულ სტილში უტევდნენ, უკრაინელები კი არანაკლებ ეფექტურ კონტრიერიშებს ახორციელებდნენ, რასაც, დაგვეთანხმებით, გამუდმებით შეტევაში ყოფნაზე ნაკლები კლასი სულაც არ სჭირდება.

უკრაინის ნაკრები სწორედ ამგვარ სიტუაციაში დააწინაურა მაქსიმ ტიშჩენკომ, მე-16 წუთზე კი ესპანელებს ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ სერხი სამპერის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარე ბოგდან სარნავსკიმ მოიგერია.

პირინეელებმა თანაგუნდელის მიერ დაშვებული შეცდომა სამიოდე წუთში გამოასწორეს და ეფექტური კომბინაცია ივან კალეროს გოლით დაასრულეს - 1:1.

უკრაინელთა თითქმის ყველა კონტრშეტევას ხიფათი მოსდევდა და ასე მოხდა პირველი ტაიმის მიწურულსაც - პენალტი ამჯერად ესპანელი 17-წლამდელების კარში დაინიშნა. უკრაინელ კოლეგას არც ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი რუბენ ბლანკო ჩამორჩა და მეტოქის კაპიტნის, იგორ ხარატინის პენალტი მოიგერია.

ნაკლები სანახაობა არც შესვენების შემდეგ ყოფილა. უფრო მეტი ხიფათი სანტი დენიას გუნდმა შექმნა - თუნდაც სამუელ კასტილეხოს მიერ ძელისთვის გარტყმული ბურთი რად ღირს... მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უკრაინა მარცხს იმსახურებდა. 71-ე წუთზე ალექსანდრ პეტრაკოვის გუნდი დაწინაურდა კიდეც და ესპანელები კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო - უნაკლო კონტრშეტევა ამჯერად დმიტრო ბილონოგმა დააგვირგვინა.

ზუსტად ერთ წუთში კი ესპანელთაგან უდავოდ გამორჩეულმა ფლანგელმა ალვარო ბუსტოსმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა - ბურთი დიდოსტატურად მოჭრა და უკრაინელთა კარის ცხრიანში ჩაუშვა.

დარჩენილ წუთებში ორივე გუნდი უტევდა. საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა, რითაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ესპანეთმაც შეინარჩუნა და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინამაც.

ჩვენი კოზირი კი ის არის, რომ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც ბოლო ტურის წინ მკაფიო ამოცანა აქვს - საკუთარი მატჩის მოგება და ამ შემთხვევაში პარალელურად მიმდინარე შეხვედრის შედეგი აღარ დააინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული