U17. საქართველომ ინგლისი ბეჭზე გააკრა [+VIDEO]

AutoSharing Option
28 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი. 6000 მაყურებელი
საქართველო-ინგლისი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
1:0 პაპუნაშვილი(80+3, დარციმელიას პასით)

ინგლისი საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1

უილისი ადამია
უები კაკალაძე
ჰაიდენი დვალი
ინისი ჭანტურია
შაუ სამხარაძე
კ. ჩამბერსი გოროზია
ჯები ჭეჭელაშვილი
გრემი პაპუნაშვილი
სვიფტი მზევაშვილი
აკპომი ჯიქია
რობინსონი წილოსანი

მწვრთნელი: მწვრთნელი:
ჯ. პიკოკი ვ. მაისურაძე

საქართველო
51. ჯიქია - დარციმელია
77. ჭეჭელაშვილი - ცინცაძე
სათადარიგოები: შერმადინი, აბურჯანია, ახვლედიანი, გურეშიძე, მესხი

ინგლისი
41. გრემი - ბენეტი
74. ჯები - ჰიუზი
75. ინისი - ლ. ჩამბერსი
სათადარიგოები: განი, გორდონი, ვუდლნადი, უოლისი

გაფრთხილება: გოროზია (34), დვალი (36), წილოსანი (38), კ.ჩამბერსი (51), ჰაიდენი (59), სვიფტი
(71), ჭეჭელაშვილი (80+3), პაპუნაშვილი (80+3)

არბიტრი: კ.რეიში(ლუქსემბურგი)

"ჩვენ სისტემა, დიდი მანქანა დავამარცხეთ. ეს ყველაფერი გააკეთა სიყვარულმა და თავდადებამ", - მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს 17-წლამდელთა დამრიგებელმა ვასილ მაისურაძემ.

საქართველომ ფეხბურთში ინგლისს მოუგო. შეხვედრის მიწურულს გიორგი პაპუნაშვილმა დათო დარციმელიასთან კედელი გაითამაშა და შორეულ კუთხეში დაბალი ბურთი უთავაზა ინგლისელთა კიპერ ჯორჯ უილისს.

საქართველომ ინგლისს მაქსიმალური კონცენტრაციითა და შეუპოვრობით მოუგო. რა თქმა უნდა, იღბალი აქაც საჭირო იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ფორტუნამ ზურგი არ შეგვაქცია, თუმცა გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მართლაც დამსახურებულად მოიპოვა.

ზორბა ინგლისელებმა თავიანთი თამაში ითამაშეს, მაგრამ გამარჯვებისთვის აუცილებელი მუხტი არ ეყოთ. ეს მოგება საქართველოს უფრო სჭირდებოდა, ჩვენ უფრო გვწყუროდა და ამ ყველაფერს სათავე მაისურაძის გუნდმა სწორი თამაშით დაუდო.

ინგლისელთა თავკაცმა ჯონ პიკოკმა საქართველოსთან სასტარტოში არ გაამწესა უილიამ ჰიუზი. ეს ჯეელი წინა შეხვედრაში უკრაინასთან ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, გუნდის თამაშს წარმართავდა, შეტევების ორგანიზატორი იყო. შესაძლოა, პიკოკმა ქედმაღლობა გამოიჩინა, ან სულაც ლიდერის დასვენება განიზრახა ელიტრაუნდის ბოლო, გადამწყვეტი ტურისთვის.

როგორც უნდა იყოს, ინგლისს თამაშის დამლაგებელი ფეხბურთელი საქართველოსთან ნაღდად აკლდა.

საქართველომ კი, ალბათ, მაქსიმუმი გამოადინა საკუთარ შესაძლებლობებს და მჭექი სამი ქულაც მოინაგრა, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გაიზარდა და ახლა ჯერი გულშემატკივარზეა - 31 მარტს "მიხეილ მესხის" სტადიონზე ბევრად მეტი ხალხი თუ მოვა, ჩვენს ბიჭებს უკრაინასთან ეს დიდად დაეხმარება.

პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში იყო. შეტევაში დიდი ძალებით გადასვლას ორივე გუნდი ერიდებოდა. ჩუბა აკპომს ალექსანდრე ადამიამ არ დაანება გოლის გატანა, ჯორდან გრემს კი ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა.

საქართველოს პირველ ტაიმში საგოლე მომენტი არ შეუქმნია, თუმცა მოწინააღმდეგეს არაერთხელ აგრძნობინა, ჯაბანი გუნდი არ გეგონოო.

შესვენების შემდეგ ინგლისი ნელ-ნელა ეუფლებოდა ტერიტორიულ უპირატესობას. ჩვენი გუნდი 5-6 ფეხბურთელით იერიშში ჩართვას ისევ ერიდებოდა, თითქოს ძალას ზოგავსო.

ჯანი მართლაც ყველაფრისთვის იყო საჭირო. ახმახ ინგლისელებთან ორთაბრძოლები, ზონების შევსება, უბურთოდ არცთუ ცოტა სირბილი - ჩვენმა თინეიჯერებმა ძალები სწორად გადაანაწილეს.

ინგლისელთა მარჯვენა მცველმა ჯოშ უებმა კი ამასობაში შეცდომა დაუშვა და ჩვენს გუნდს პირველი საგოლე შესაძლებლობაც გაუჩნდა - ვანო წილოსანმა შორეული ძელისკენ ხვეულად დაარტყა. მეკარემ მოიგერია. დამატებაზე ყველას პაპუნაშვილმა დაასწრო, მაგრამ უილისს მანაც ვერ აჯობა.

ინგლისმა ზეწოლას მოუმატა. ჟეკ ჯებს ადამიამ აუღო რთული ბურთი, აკპომმა მიზანი ვერ გაისწორა. ეს კრიტიკული მომენტი იყო, რასაც ჩვენმა გუნდმა გაუძლო.

ბრიტანელები შეტევებს აგრძელებდნენ, თუმცა მათ იერიშებს თავდაჯერებულობა და ფანტაზია აკლდა. შეცვლაზე შესულმა ჰიუზმა ორი კარგი გადაცემის შესრულება მოასწრო, თუმცა ამით თავის გუნდს ვერ უშველა.

საქართველომ კი ძალა მოიკრიბა და ინგლისი ბეჭზე გააკრა - ამ ყველაფერს შეძლება უნდა!

მატჩის შემდეგ
ჯონ პიკოკი: "საქართველოს გამარჯვებას ვულოცავ. მეტოქე მართლაც კარგი გუნდი იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა და ამან ჩვენს გუნდზე უარყოფითად იმოქმედა. სასტარტოში ჰიუზი იმიტომ არ დავაყენე, რომ ამ ასაკში რთულია ყველა მატჩის სტაბილურად თამაში. ელიტრაუნდში კი კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი".

ვასილ მაისურაძე: "ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ თამაშს არ წავაგებდით. ფეხბურთელებსაც ეს ვუთხარი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ბრძოლა მოედნის ყველა მონაკვეთზე - ასეთი იყო ჩვენი სტრატეგია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი მსაჯობის ხელში კიდევ კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ დისკვალიფიკაციის გამო უკრაინასთან ვერ ითამაშებენ ჭეჭელაშვილი, გოროზია და დვალი".

გიორგი პაპუნაშვილი: "რაც შეეხება გოლს, კედელი რომ გავითამაშეთ, მერე ყველაფერი თავისით მოხდა. რაც შეგვეძლო, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის".

* * *
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდი

ესპანეთი-უკრაინა 2-2
(იხილეთ ვრცლად)


III ჯგუფი

1. საქართველო 2 1 1 0 2-1 4
2. ინგლისი 2 1 0 1 1-1 3
3. ესპანეთი 2 0 2 0 3-3 2
4. უკრაინა 2 0 1 1 2-3 1

31 მარტი
14:00 მ. მესხი საქართველო-უკრაინა
14:00 ეროვნული ესპანეთი-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაია ბიჭებო საღოლ...
აი შეგვძლებია ინგლისთან და ესPანეთანაც თამაში გენაცვალეთ..
პატარებში სულ კაი ნაკრებები გვყავს ეხლა მთავარია ძველ თაობებს რაც მოუვიდათ იგივე არ გაიმეოროთ და შრომაა გაგძელოთ
და იმედია კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ქართველ ხალხს
qarTveli003
02:53 30-03-2012
0
იფ რა ლამაზი სანახავია საქართველო ინგლისს და ესპანეთს ცხრილში თავზე რომ აზის.
jivsona
18:32 29-03-2012
0

სიახლეები პოპულარული