U17. ბრძოლა ბოლო ევროპული ვაკანსიისთვის

AutoSharing Option
31 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებს და თუ გაიმარჯვა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

თბილისური ელიტრაუნდის ბოლო ტურის ვრცელ წინათქმას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ახლა კი ელიტრაუნდის სხვა ჯგუფებში შექმნილი მდგომარეობა მიმოვიხილოთ.

შვიდი ჯგუფიდან ექვსში ბრძოლა უკვე დასრულდა და შესაბამისად, 31 მარტს "მიხეილ მესხსა" და "დინამო არენაზე" გასამართი მატჩები ბოლო იქნება ელიტრაუნდში. ცნობისთვის, ჩვენი ჯგუფი რიგით მესამეა.

I ჯგუფი: ჩვენი ჯგუფის მსგავსად, შემადგენლობით აშკარად იმსახურებს "სიკვდილის ჯგუფის" სტატუსს. აქ საფრანგეთი და შვედეთი თავიდანვე წინ გაიჭრნენ და გადამწყვეტი მათი გუშინდელი
დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც ფრანგებს ფრეც ჰყოფნიდათ. მათ 3:1 გაიმარჯვეს და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. შეგახსენებთ, შვედები პირველ შესარჩევ ეტაპზე ქართველების მეტოქეები იყვნენ და ჩვენს გუნდს 2:0 სძლიეს.

II ჯგუფი: პოლონეთმა ფინალური ეტაპის საგზური პირველ ორ შეხვედრაში გამარჯვებით დაიბევა და სულ ერთი იყო, რას იზამდა ბოლო ტურში. პოლონელთა გარდა, ამ ჯგუფში ჩეხეთის, ბელარუსისა და ლუქსემბურგის ნაკრებები თამაშობდნენ.

IV ჯგუფი: ბოლო ტურში პორტუგალიას გერმანიასთან გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ 0:0-ს დასჯერდა და ფინალურ ეტაპზე გერმანელები გავიდნენ. მათ გარდა, ამ ჯგუფში ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებები თამაშობდნენ, რომლებიც, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ.

V ჯგუფი: ჰოლანდიამ და სერბეთმა ბოლო ტურში ერთმანეთთან ფრედ, 1:1 ითამაშეს და ორივემ 7-7 ქულა დააგროვა. ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ფინალური ეტაპის საგზური ჰოლანდიელებმა მოიპოვეს. ალბანეთი მესამე საფეხურზე გავიდა, ირლანდია - მეოთხეზე.

VI ჯგუფი: ელიტრაუნდის ყველაზე დიდი სენსაცია სწორედ აქ მოხდა. მართალია, ისლანდიამ არცთუ დიდი სახელებით დაკომპლექტებულ ჯგუფში გაიმარჯვა, მაგრამ მისი წარმატება მაინც გამოსარჩევია. 7-ქულიანმა ისლანდიელებმა დანიელებს ბურთების შეფარდებით აჯობეს. ჯგუფში მესამე შოტლანდია იყო, მეოთხე - ლიტვა.

VII ჯგუფი: ჯგუფის ფავორიტები რუსეთი და ბელგია იყვნენ, მაგრამ უნგრეთმა მათაც აჯობა და უელსსაც. უნგრეთი, ბელგია, რუსეთი, უელსი - ამ თანმიმდევრობით განლაგდნენ გუნდები სატურნირო ცხრილში. უნგრეთმა ასევე 7-ქულიან ბელგიას ბურთების სხვაობით გაასწრო.

კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ფინალისტები: საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, ისლანდია, უნგრეთი. იმედია, ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ საგზურს ვასილ მაისურაძის გუნდი მოიპოვებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს და ტურნირის მერვე მონაწილეც, ცხადია, ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრები იქნება.

III ჯგუფი

1. საქართველო 2 1 1 0 2-1 4
2. ინგლისი 2 1 0 1 1-1 3
3. ესპანეთი 2 0 2 0 3-3 2
4. უკრაინა 2 0 1 1 2-3 1

31 მარტი
14:00 მ. მესხი საქართველო-უკრაინა
14:00 ეროვნული ესპანეთი-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკრაინას არ ყავს სუსტი გუნდი, დაცვიდან ითამაშებს და წინ 2 სწრაფი ბავშვი ყავთ და ფრთილად უნდა ვიყოთ
bacho
10:49 31-03-2012
0
გამარჯვება ბიჭებო! ძალიან დიდი სიხარულის მოტანა შეგიძლიათ საქართველოსთვის. აბა თქვენ იცით!
თემური
17:44 30-03-2012
0

სიახლეები პოპულარული