U17. საქართველო VS უკრაინა - ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა!

AutoSharing Option
"ესპანეთი-ინგლისის სანახავად აუცილებლად წავალ", - ასეთ იყო ბევრი ქართველი ქომაგის რეაქცია მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს "სიკვდილის ჯგუფი" ერგო და იმის მიუხედავად, რომ ელიტრაუნდის მასპინძლობა მოგვანდეს, ჩვენი გუნდის შანსებს თითქმის ყველა ძალიან სკეპტიკურად აფასებდა.

დღეისთვის კი ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ეროვნულ სტადიონზე ესპანელებისა და ინგლისელების დაპირისპირება ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის, სამაგიეროდ, "მიხეილ მესხზე", გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული მატჩის მოწმენი გავხდებით - თუ ვასილ მაისურაძის გუნდი უკრაინელებს დაამარცხებს, საქართველოს ნაკრები
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს!

ვფიქრობთ, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტიც კი არის. მხოლოდ იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ახლა ჩვენს ბიჭებს ქომაგთა გამხნევება ყველაზე მეტად სჭირდებათ და დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონის ტრიბუნები პირთამდე თუ არა, ორი მესამედით მაინც შეივსება.

თუკი ელიტრაუნდის პირველი ორი ტურის მატჩები სამუშაო დღეებში გაიმართა, ეს დღე უქმეა, თანაც, სტადიონზე შესვლა თავისუფალია და ყოველივე ეს, შესაძლოა, ანშლაგის წინაპირობადაც კი იქცეს.

დარწმუნებულები ვართ, სამწვრთნელო შტაბი გუნდს საბრძოლო განწყობით ახლაც იდეალურად დამუხტავს და ბიჭებს დაარწმუნებს, რომ ხელშესახები წარმატებისთვის ჯერ არ მიიღწევიათ და უკრაინასთანაც არანაკლებ მძიმე ბრძოლა ელით - თუნდაც იმიტომ, რომ მართალია მცირე, მაგრამ ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ჩვენს დღევანდელ მეტოქესაც დარჩა.

შანსებზე ქვემოთ, ახლა კი მოკლედ შევეხოთ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების ბანაკში შექმნილ ვითარებას. ალექსანდრ პეტრაკოვის გუნდს წითელ-ყვითელი ბარათების გამო არავინ აკლია. უკრაინელებს უბრუნდებათ პირველ ტურში გაძევებული ძირითადი მცველი ტარას კაჩარაბა.

სამაგიეროდ, ელიტრაუნდის ბოლო ტურს დიდი დანაკლისით ხვდება საქართველოს ნაკრები. ჩვენს გუნდს, სავარაუდოდ, დააკლდება კაპიტანი გიორგი აბურჯანია, რომელიც პირველ ტურში, ესპანეთთან მატჩისას დაშავდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. აბურჯანიასთან დაკავშირებით სხვა საინტერესო დეტალებიც იკვეთება, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრის წინ ამაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია და ამ თემას ელიტრაუნდის დასრულების შემდეგ მივუბრუნდებით.

გაფრთხილებათა ჭარბი რაოდენობის გამო კი საქართველოს ნაკრებს მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველები, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი და გიორგი გოროზია დააკლდებიან. სამივე ეს ფეხბურთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და სამწვრთნელო შტაბისთვის მათი სრულფასოვნად შესვლა იოლი ნამდვილად არ იქნება.

ელიტრაუნდის მსვლელობისას 18-კაციან განაცხადში ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება და ისე გამოდის, რომ უკრაინასთან დაპირისპირების წინ ვასილ მაისურაძის განკარგულებაში მხოლოდ 14 ფეხბურთელი რჩება, აქედან 2 - მეკარე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგ მოთამაშეს პოზიციის შეცვლა მოუწევს, სამწვრთნელო შტაბი კი მატჩისას სამ სრულფასოვან შეცვლასაც ვერ განახორციელებს.

მოკლედ, საქართველოს ნაკრების ამოცანას საკადრო პრობლემები კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ ჩვენმა 17-წლამდელებმა უკვე იმდენი სირთულე გადალახეს, რომ დიდი იმედი გვაქვს, ამ რთული მდგომარეობიდანაც ღირსეულად გამოვლენ.

საქართველოსა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებებისთვის ეს პირველი მატჩი არ იქნება. იანვარში ეს გუნდები ერთმანეთს მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში შეხვდნენ და გამარჯვება უკრაინელებს დარჩათ - 2:0.

31 მარტს გასამართ შეხვედრას ავსტრიელი მარკუს ჰამეტერი განსჯის.

ბოლოს კი გეტყვით, ჩვენი ჯგუფის რომელ ბინადარს ჯგუფში გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რა შანსი აქვს.

საქართველო: დღეისთვის ჯგუფს ერთპიროვნულად ვლიდერობთ, რაც ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში გვაყენებს - თუ უკრაინელები დავამარცხეთ, პარალელურად მიმდინარე მატჩის შედეგის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ფრე ხელს გვაძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელები და ესპანელებიც ფრედ ითამაშებენ, ამის იმედად ყოფნა კი, დაგვეთანხმებით, არ ღირს.

უკრაინა: უკრაინელებს მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით ან შედეგიანი გამარჯვება (2:1, 3:2...) სჭირდებათ და ამავდროულად, იმის იმედზე უნდა იყვნენ, რომ "დინამო არენაზე" მიმდინარე შეხვედრა ფრედ დასრულდება. ამ შემთხვევაში, საქართველოც, უკრაინაც და ინგლისიც 4-4 ქულას დააგროვებენ და რაკი ერთმანეთთან მოპოვებული ქულები თანაბრად ექნებათ, მერე უკვე მათი ურთიერთშეხვედრების ბურთები დაითვლება. უკრაინას ჩვენთან სოლიდური გამარჯვება სწორედ ამ კომპონენტში დასაწინაურებლად სჭირდება.

ინგლისი: ინგლისელთა ამოცანა მკაფიოა - მათ ფინალურ ეტაპზე ესპანელთა დამარცხება და საქართველოს ნაკრების ვერმოგება გაიყვანს.

ესპანეთი: ესპანელებს მხოლოდ გამარჯვება და ამავდროულად, ჩვენი ვერმოგება სჭირდებათ. თუ ესპანელებმა ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს, ბურთების უკეთესი სხვაობით ხუთქულიან საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოიტოვებენ. საქართველო-უკრაინის ფრის შემთხვევაში, პირენეელებს დიდი ალბათობით, მინიმალური გამარჯვებაც ეყოფათ.

ერთი სიტყვით, სხვის იმედზე ყოფნა არაფერს გვარგებს, ჩვენმა მწვრთნელებმა და ბიჭებმა თავისი თავდადებით ორი ტურის შემდეგ ყველა მეტოქე ჩამოიტოვეს და შთამბეჭდავად დაწყებული საქმე სხვის დაუხმარებლად უნდა დააგვირგვინონ!

U17. ელიტრაუნდი. III ჯგუფი
31 მარტი
14:00 მ. მესხი
საქართველო-უკრაინა

14:00 ეროვნული
ინგლისი-ესპანეთი

1. საქართველო 2 1 1 0 2-1 4
2. ინგლისი 2 1 0 1 1-1 3
3. ესპანეთი 2 0 2 0 3-3 2
4. უკრაინა 2 0 1 1 2-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვას მიხედეთ, დაცვას. სხვანაირად უკრაინას ვერ მოუგებ.
ramo
11:24 31-03-2012
0

სიახლეები პოპულარული