ტურნირის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯონ პიკოკს ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ძალიან სიმპათიური, მაგრამ უიღბლო გუნდი ჩამოიყვანეთ...
- ეს ჩვენი ბრალია. ესპანელებთან სულ რაღაც ხუთი წუთით მოვდუნდით და შეცდომები დავუშვით, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. უპირატესობის მიუხედავად, დიდი ანგარიშით წავაგეთ და მატჩის შემოტრიალება ვეღარ შევძელით.
საქართველოსთან იგივე მოხდა: უპირატესობა გვქონდა,
- რას იტყვით საქართველოს ნაკრებზე?
- ქართულ მხარეს მადლობას გადავუხდი მშვენიერი მასპინძლობისა და კარგი ორგანიზაციისთვის. თქვენს გუნდს კი გამარჯვებას ვულოცავ და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ვუსურვებ.
ქართველებთან თბილისში ადრეც გვითამაშია და ვიცი, საკუთარ მოედანზე უხერხული მოწინააღმდეგეა. ვიცოდი და ველოდით კიდეც, ჯგუფში სხვა ძლიერი მეტოქეები რომ გვყავდა, მაგრამ გამოსვლას მესამე ადგილით თუ დავამთავრებდით, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო.
- ესპანეთი და ინგლისი მსოფლიო ფეხბურთის გრანდებია. ასეთი ნაკრებების უკან ჩამოტოვება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თქვენი აზრით, საქართველომ პირველი ადგილი რის ხარჯზე დაიკავა?
- საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩეოდა. ჩვენ უფრო კარგად დავიწყეთ გამოსვლა, უკრაინას მოვუგეთ, თქვენ კი ესპანეთთან ფრედ ითამაშეთ და ძალიან ახლოს ვიყავით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლასთან.
მაგრამ ჩვენს უშუალო შეხვედრაში ქართველებმა ნებისყოფა, მონდომება და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს.
ჩემი კოლეგაც უნდა გამოვყო: საქართველოს ნაკრებს კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც იცის, ვისთან როგორ უნდა ითამაშოს. მან მეტოქეები და ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეაფასა, სწორად შეარჩია ტაქტიკა და ამ ყველაფრით შედეგსაც მიაღწია.
- საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე მოთამაშე დაგამახსოვრდათ?
- საქართველოს ნაკრებში გამოსარჩევია არა რომელიმე ინდივიდი, არამედ გუნდური სულისკვეთება და მწვრთნელი. სწორედ ეს გახდა თქვენების წარმატების საფუძველი.
ცხადია, ამას თქვენი მოთამაშეების ინდივიდუალური ნიჭიერებაც დაემატა. ტექნიკურ, სწრაფ და აზრიან ქართველებს იმპროვიზაციის კარგი უნარი გააჩნიათ.
გუნდი მენტალურადაც კარგად იყო მომზადებული. პირველი წუთებიდან იგრძნობოდა, რომ შეჩვეულები არიან ბოლომდე ბრძოლას და საკუთარი ტრიბუნების წინაშე დამარცხება ძალიან არ სურდათ. არ შეიძლება, ეს ჟინი არ დააფასო.
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრების წარმატება შემთხვევითი იყო. შემთხვევით არაფერი ხდება - თქვენ კარგად ორგანიზებული, შეკრული და ერთსულოვანი გუნდი გყავთ, რომელმაც პირველი ადგილი თავისი თამაშით დაიმსახურა.
ჩემი აზრით, საქართველოს შეუძლია, თავისი სიტყვა ევროპის ჩემპიონატზეც თქვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"