U17: ელიტრაუნდის სტატისტიკა წილისყრის წინ

AutoSharing Option
4 აპრილს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

შეგახსენებთ, ფინალური ეტაპი 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე კი რვა გუნდი იასპარეზებს: სლოვენია, საქართველო, გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ბელგია, პოლონეთი, ისლანდია.

რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ ფინალურ ეტაპზე უნგრეთი გავიდა, მაგრამ მის ჯგუფში რუსეთს ბელგიასთან ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა და ბელგიელებმა უნგრელებს ბურთების შეფარდებით გადაუსწრეს.

წილისყრისა და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ახლა კი ჩვენი გუნდის სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ.

სათადარიგო მეკარის, ნიკოლოზ
შერმადინის
გარდა, თბილისურ ელიტრაუნდში თამაშის საშუალება 18-კაციან განაცხადში შეყვანილ ყველა ფეხბურთელს მიეცა. სამივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს ალექსანდრე ადამიამ, ოთარ კაკაბაძემ, ნიკოლოზ ჭანტურიამ, გიგა სამხარაძემ, გიორგი პაპუნაშვილმა და ალექსანდრე მზევაშვილმა. მათ გარდა, სამივე შეხვედრაში, ოღონდ არასრულად, მონაწილეობა მიიღეს ვანო წილოსანმა და დავით ჯიქიამ.

საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდში სამი გოლი გაიტანა - ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და ალექსანდრე მზევაშვილმა. ჭეჭელაშვილმა შესარჩევი ტურნირის ორ რაუნდში სამი გოლი გაიტანა და სამივე - თერთმეტმეტრიანით. ელიტრაუნდში ქართველებმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთეს: დავით დარციმელიამ და ვანო წილოსანმა.

ახლა კი ორი შესარჩევი ეტაპის ჯამურ სტატისტიკას წარმოგიდგენთ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები 7-7 გოლით ესპანელი სანდრო რამირესი და ფრანგი ანტონი მარტიალი არიან. აღსანიშნავია, რომ რამირესმა შვიდივე გოლი პირველ ეტაპზე გაიტანა. ელიტრაუნდში მას ტრავმის გამო არ უთამაშია. ქართველთა საუკეთესო ბომბარდირი 3 გოლით ჭეჭელაშვილია.
ყველაზე მეტი, 5 საგოლე პასი ირლანდიელმა გარი ონილმა მიითვალა. ქართველთაგან ერთზე მეტი შედეგიანი გადაცემა არავის გაუკეთებია.

მეტოქის კარის მიმართულებით ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ, გერმანელმა საიდ ბენკარიტმა დაარტყა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი გიორგი პაპუნაშვილს აქვს - 5.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან არავინ გაუძევებიათ. ჩვენგან ყველაზე მეტი, 3 გაფრთხილება, ნიკოლოზ ჭანტურიამ მიიღო.

შესარჩევი ტურნირის ყველაზე უხეში ფეხბურთელი ლუქსემბურგელი დუაიტ ჰოლტერია. მან თამაშის წესები 21-ჯერ დაარღვია. ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ, 12-12-ჯერ, ჭეჭელაშვილი და კაკაბაძე დაჯარიმდნენ.

ყველაზე მეტჯერ, 28-ჯერ, პორტუგალიელი ივო როდრიგესის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ქართველებიდან კი 9-ჯერ ეუხეშნენ კაკაბაძეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 6 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთში დამარცხდა. ბურთების შეფარდება - 8-6.

ყველაზე მეტი დარტყმაა გერმანიის ნაკრების ანგარიშზე - 44. ქართველები 27 დარტყმით მე-14 ადგილზე არიან.

45-45 კუთხურით ინგლისი და ირლანდია ლიდერობენ. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ 16 კუთხურია, რაც მატჩში საშუალოდ 2,67-ია.

ყველაზე უხეში გუნდი 110 ჯარიმით ლუქსემბურგია, ქართველები 101 ჯარიმით მეოთხე ადგილზე არიან.

ყველაზე მეტჯერ იტალიელებს ეუხეშნენ - 107-ჯერ. ქართველთა წინააღმდეგ მეტოქეებმა თამაშის წესი 76-ჯერ დაარღვიეს.

გაფრთხილებათა რაოდენობით კი ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - ქართველთა ანგარიშზე საერთო ჯამში 21 ყვითელი ბარათია.

ელიტრაუნდში ჩვენი ნაკრების წევრთა მონაგარი კი ასეთია:
N ფეხბურთელი პოზიცია მატჩი ძირ. გოლი საგ.პ. ყვ.ბარ.
1. ალექსანდრე ადამია მეკარე 3 3 -1 - -
2. ოთარ კაკაბაძე მცველი 3 3 - - 1
3. ლაშა დვალი მცველი 2 2 - - 2
4. ნიკოლოზ ჭანტურია მცველი 3 3 - - 1
5. გიგა სამხარაძე მცველი 3 3 - - 1
6. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ნახევარმც. 2 2 1 - 2
7. გიორგი აბურჯანია ნახევარმც. 2 1 - - -
8. გიორგი პაპუნაშვილი ნახევარმც. 3 3 1 - 1
9. ვანო წილოსანი თავდ. 3 2 - 1 1
10. ნიკოლოზ ახვლედიანი ნახევარმც. 2 2 - - -
11. დავით დარციმელია თავდ. 2 - - 1 1
12. ნიკოლოზ შერმადინი მეკარე - - - - -
13. მათე ცინცაძე ნახევარმც. 2 1 - - -
14. დავით ჯიქია თავდ. 3 3 - - -
15. ალეკო მზევაშვილი თავდ. 3 3 1 - 1
16. ალექსანდრე გურეშიძე მცველი 1 1 - - -
17. არჩილ მესხი მცველი 2 - - - 1
18. გიორგი გოროზია ნახევარმც. 2 1 - - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული