პროცედურას სლოვენიური ფეხბურთის "ოქროს თაობის" წარმომადგენლები, მარკო სიმეუნოვიჩი და საშო უდოვიჩი გაუძღვნენ და ფინალური ეტაპის მონაწილე რვა გუნდი ორ ჯგუფად ასე დაყვეს:
A ჯგუფი
საფრანგეთი
ისლანდია
საქართველო
გერმანია
B ჯგუფი
სლოვენია
ჰოლანდია
პოლონეთი
ბელგია
წილისყრა ყოველგვარი განთესვის გარეშე ჩატარდა. ერთადერთი, მასპინძელი სლოვენია წინასწარ გაამწესეს B ჯგუფში.
წილისყრის შედეგებზე კი რა უნდა ვთქვათ - ფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდი ნამდვილად ვერ მოხვდებო
მეტადაც გაგვმართლებოდა და ნაკლებადაც.
შეგვხვდა ფინალურ რაუნდში ჩვენს მსგავსად სენსაციურად გასული ისლანდია, აგვცდა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდია, არც მასპინძელთა ჯგუფში მოხვედრა იქნებოდა სასურველი; სამაგიეროდ, ფორტუნამ მეტოქეებად გერმანია და საფრანგეთი გვარგუნა.
ერთი სიტყვით, წილისყრაზე წუწუნი ნამდვილად არ ღირს, საქართველოს ნაკრებმა ხომ ელიტრაუნდში ისეთ სახელოვან მოწინააღმდეგეებს სძლია, რომ აწი არავის რიდი უნდა ჰქონდეს. ელიტრაუნდმაც ნათლად დაამტკიცა, რომ ამ ასაკში ფავორიტობა პირობითი ცნებაა და ბრძოლა ყველასთან შეიძლება.
შეძლებით კი ყველაფერი შეიძლებოდა. როგორც ვთქვით, განთესვა არ ყოფილა და შეიძლებოდა, მოვხვედრილიყავით როგორც გერმანია-საფრანგეთი-ჰოლანდიის, ასევე ისლანდია-სლოვენია-პოლონეთის გარემოცვაში.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 4, 7 და 10 მაისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში გერმანიას შეხვდება, მეორეში საფრანგეთს, მესამეში კი - ისლანდიას. დაგვეთანხმებით, არცთუ ხელსაყრელი კალენდარია.
13 მაისს ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდებიან: A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ფინალი 16 მაისს ლუბლიანაში გაიმართება.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, მათზე უფრო ვრცლად მოგვიანებით გიამბობთ. ახლა კი მათ სტატისტიკურ მაჩვენებლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც დაინახავთ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ სლოვენიის საგზური დამაჯერებლად მოიპოვეს, ისლანდიელებმა კი ბეწვის ხიდზე იარეს და შვეიცარიასთან 1:5-ით დაწყებული შესარჩევი ტურნირი ისტორიული მიღწევით დაასრულეს.
საფრანგეთი
პირველი რაუნდი (ლუქსემბურგი): ფარერები - 5:0, ლუქსემბურგი - 2:0, ჩრდილოეთ ირლანდია - 4:0;
ელიტრაუნდი (საფრანგეთი): იტალია - 1:0, შვეიცარია - 2:1, შვედეთი - 3:1;
მწვრთნელი: ჟან-კლოდ გიუნტინი
საუკეთესო ბომბარდირი: ანტონი მარტიალი (7 გოლი)
გერმანია
პირველი რაუნდი (ესტონეთი): ესტონეთი - 5:0, ალბანეთი - 1:0, სლოვაკეთი - 2:0;
ელიტრაუნდი (გერმანია): თურქეთი - 4:0, ბულგარეთი - 2:1, პორტუგალია - 0:0;
მწვრთნელი: შტეფან ბიოგერი
საუკეთესო ბომბარდირები: საიდ ბენკარიტი, მაქს მაიერი (3-3 გოლი)
ისლანდია
პირველი რაუნდი (ისრაელი): შვეიცარია - 1:5, საბერძნეთი - 1:0, ისრაელი - 1:0;
ელიტრაუნდი (შოტლანდია): დანია - 2:2, შოტლანდია - 1:0, ლიტვა - 4:0;
მწვრთნელი: გუნარ გუდმუნდსონი
საუკეთესო ბომბარდირი: პალ ტორსტეინსონი, კრისტიან ფინბოგასონი, დადი ბერგსონი (2-2 გოლი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"