FRANCE FOOTBALL: საქართველომ საფრანგეთი მოათვინიერა

AutoSharing Option
პორტუს საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ფრანგ თანატოლებთან ქართველი 19-წლამდელების სენსაციური გამარჯვება (3:0) საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ასე შეაფასა - "მატჩი ქართველთა დომინირებით".

"საქართველომ საფრანგეთი მოათვინიერა", - ეს სათაურთ კი "ფრანს ფუტბოლს" ეკუთვნის. "პიერ მანკოვსკის გაწვრთნილებს "ყასაბად" ვაკო ყაზაიშვილი მოევლინა, რომელმაც საფრანგეთის კარში სამი გოლი გაიტანა", - წერს ცნობილი გამოცემა.

"საქართველოს 5:0 მოვუგეთ, მათ კი საფრანგეთი 3:0 დაამარცხეს. ეს ადასტურებს, რომ მეტოქე კი არ იყო სუსტი, არამედ ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი", - მატჩის შემდეგ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბორგესმა ტრაბახის შანსი
ხელიდან არ გაუშვა.

ცხადია, ქართველების ფრანგებთან გამარჯვება ყოველთვის სენსაცია იქნება. სად მსოფლიო ფეხბურთის გრანდი და სად საქართველო, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთხელაც არ გასულა, საფრანგეთმა კი ორივე ტურნირი მოიგო და მსოფლიოს უდიდესი მწვრთნელები, ფეხბურთელები და სამწვრთნელო მიმართულებები მისცა.

საფრანგეთის ამ 19-წლამდელებზე ვერ ვიტყვით, რომ თავის ასაკში გამორჩეულია გუნდია, მაგრამ ჩვენებისგან განსხვავებით (იშვიათად რომ თამაშობენ და ისიც, სომხეთ-აზერბაიჯანთან), სისტემატურად ძლიერ ნაკრებებთან სპარინგობენ.

მაგალითად, შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული, პიერ მანკოვსკის გუნდმა 6-ჯერ ითამაშა: წააგო პორტუგალაისთან (1:2) და ესპანეთთან (1:2), ფრედ ითამაშა გერმანიასთან (2:2), მოუგო უკრაინას (2:1), ორჯერ კი იტალიას (1:0 და 3:1). ანუ ბოლო პერიოდში ფრანგმა 19-წლამდელებმა ყველაზე დიდი ანგარიშით ქართველებთან წააგეს.

ჩვენი ბავშვებისგან განსხვავებით, ფრანგები ძლიერ კლუბებში იზრდებიან: მეკარე არეოლა ალპონსე "პარი სენ ჟერმენში" თამაშობს, დიმიტრი ფალკური - "სტად რენში", ჟერომო პოჟო - "მონაკოში", პრინც-დერის გუანო - "იუვენტუსში", იბრაჰიმ ამადუ - "ნანსიში", აბდულა დაკური - "რენში", ვილიამ დე პოგამი - "ლიონში", ტიბო ვიონი - "პორტუში", ბილელ ომრანი - "მარსელში".

აქვე ერთი საინტერესო ამბავი ახლახანს თბილისში დასრულებულ 17-წლამდელთა ელიტრაუნდზე: ესპანეთის ნაკრების მენეჯერი ქართველებთან მატჩის მერე გაოცებას ვერ მალავდა, საქართველოს როგორ ვერ ვაჯობეთო.

აბა, ჩვენების გაოცება იკითხეთ, როდესაც მისი მონაყოლი მოისმენეს: თურმე, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში მზარეულები გამოაგზავნა, რომელთაც საკუთარი პროდუქტები ჩამოიტანეს, ხოლო მენეჯერს დამატებითი, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ანგარიშზე მილიონი ევრო დაუსვეს. ასეთ ფუფუნება არათუ ჩვენს 17-წლამდელებს, ეროვნულ ნაკრებსაც არ გააჩნია.

სხვათა შორის, მსაჯებით უკმაყოფილო ესპანელებმა საქართველოსთან მატჩის არბიტრს კრის რაიშს უეფაში უჩივლეს, პენალტი არ დაგვინიშნაო და როგორც შევიტყვეთ, რაიში სასწრაფოდ დასაჯეს. აბა, სად მათი და სად ჩვენი გავლენები. საქართველოს ნაკრებებსა და კლუბებს კი ისე ჩაგრავენ, გამკითხავიც არავინაა.

და მაინც ხდება სასწაულები, იშვიათად, მაგრამ ახერხებენ ჩვენი ბავშვები ასეთი სენსაციების გამოცხობას. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფეხბურთში ყველაფერი წესრიგშია და რომ საფრანგეთ-ესპანეთს გავუტოლდით. ამაზე ლაპარაკი სასაცილოც იქნება, რადგან პორტუგალიასთან 0:5 წაგების სიმწარე ჯერაც არ განელებულა, ისიც არ ვიცით, ბოლო ტურში სერბეთთან მატჩი რა შედეგით დასრულდება.

მაგრამ ქართულ ფეხბურთს გარკვეული პოტენციალი გააჩნია და ორი აზრი არაა, მისი ბევრად უკეთ წარმოჩინება შეიძლება. საამისოდ, კი წლების შრომა, რეალური ზრუნვა, მილიონების დაბანდება და პირობების შექმნაა აუცილებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხადია, ქართველების ფრანგებთან გამარჯვება ყოველთვის სენსაცია იქნება. სად მსოფლიო ფეხბურთის გრანდი და სად საქართველო,

ეს ფრანგები ან თუნდაც სხვები უხოპლანეტელები არიან თუ რა... ნუ გაქვთ რა ეს დამარცხებულის მენტალიტეტი -
სეიძლება დღეს კი მაგრამ რატომ უნდა იყოს ყოველთვის სენსაცია ფრანგებთან მოგება ?
oTar
20:49 14-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული