ოთარ კორღალიძე: საფრანგეთის ნაკრებს მამა-პაპური სქემით ვაჯობეთ

AutoSharing Option
პორტუგალიაში მიმდინარე 19-წლამდელთა ტრადიციული ოთხთა ტურნირის მეორე დღეს, ქართველმა 19-წლამდელებმა ფრანგი თანატოლები 3:0 დაამარცხეს.

არადა, ჩვენმა ნაკრებმა ტურნირი ძალიან ცუდად დაიწყო - პირველ ტურში მასპინძელთა ნაკრებთან დიდი ანგარიშით, 0:5 დამარცხდა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელს, ოთარ კორღალეს პორტუში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ფრანგებთან დიდი ანგარიშით მოგება ნებისმიერ შემთხვევაში მოულოდნელი იქნებოდა, მით უფრო, პორტუგალიასთან 0:5-ის შემდეგ.
- ამას მართლაც ვერავინ წარმოიდგინდა. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიასთან დასვენებულებს რომ გვეთამაშა, 0:5-ს ნაღდად არ წავაგებდით.

- ამ ფორმაციის გუნდისგან, ეს მარცხი გულშემატკივართათვის
შოკისმომგვრელი იყო, ფედერაციის ვებგვერდზე წაგების ერთ-ერთ ობიექტურ მიზეზად პორტუგალიაში გვიან ჩასვლა დასახელდა - მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, ჩვენი გუნდი თამაშზე ლამის პირდაპირ აეროპორტიდან მივიდაო.

- ასეც იყო. ჩვენ საფრანგეთთან იმიტომ მოვიგეთ, რომ ცოტა "აზრზე მოვედით". წარმოგიდგენიათ, მასპინძლებს 21-საათიანი მგზავრობის შემდეგ ისე ვეთამაშეთ, თამაშის წინა დღეს არც გვივარჯიშია.

- რატომ?
- პორტუში ღამე, 23 საათზე ჩამოვფრინდით, ბიჭებმა ივახშმეს და დაიძინეს. მერე დროშიც განსხვავებაა, შესაბამისად, ადაპტაციასა და აკლიმატიზაციაზე საუბარიც ზედმეტი იყო და ბიჭებს მოედანზე ლამის დაეძინათ. პორტუგალია კი ნაღდად არაა ის გუნდი, ასეთ მდგომარეობაში რაიმე გაპატიოს.

მასპინძლებს ცოტა მსაჯიც მიეხმარა, ჩვენც 0:2-ზე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ყველაფერი იღბლიანად აეწყოთ და გოლებიც ასე გაგვიტანეს.

ყველაფერი ერთად რომ აეწყო, მოედანზე არეულები ვიყავით და დიდი ანგარიშით წავაგეთ.

- პორტუში დაგვიანებით რატომ ჩახვედით?
- აბა, რა გითხრათ, ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არც მდიდარი ფედერაციაც გვყავს. შეაბამისად, არ გაგვაჩნია ფუფუნება, რომ 2-3 დღით ადრე გავემგზავროთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირებზე გამგზავრებისას, ნაკრებზე ეკონომია არ შეიძლება.

წინა შეკრებისას, კვიპროსში ჩასასვლელად 18 საათი დაგვჭირდა, პორტუგალიაში კი - 21 საათი. მალე ხორვატიაში ელიტრაუნდის შეხვედრები გველის და დროულად იქ მაინც უნდა ჩავიდეთ.

სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ: პორტუგალია ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ისე არ გვჯობია, 0:5 რომ წაგვეგო. დასვენებულებს რომ გვეთამაშა, სულ სხვა თამაში იქნებოდა.

- საფრანგეთთან შეხვედრას დავუბრუნდეთ.
- ეტყობა, წინა მატჩიდან სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. ზემოთ მასპინძლებთან მარცხის ობიექტური მიზეზები დავასახელე, მაგრამ მოთამაშეთა ზერელე დამოკიდებულებაზეც უნდა ვთქვა: ბევრს ეგონა, რომ ნახევარი ძალით თამაში საკმარისი იქნებოდა. ამიტომ, მატჩამდე ბიჭებთან საკმაოდ მწვავე ლაპარაკი მქონდა და ეტყობა, ამანაც გაჭრა.

გარდა ამისა, სათამაშო სქემაც რადიკალურად შევცვალეთ. ჩემ მისვლამდე ნაკრები 4-3-3 განლაგებით თამაშობდა და მისი შეცვლა მიზანშეწონილად არ მივიჩნიე. მაგრამ წაგებიდან და მოთამაშეთა კონტიგენტიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ "მამა-პაპური" 4-1-4-1 სისტემა აჯობებდა.

ლამის მთლიანად შევცვალეთ დაცვის ხაზიც და ცვლილებებმაც გაამართლა. ამჯერად ბიჭებმა დავალებები შეასრულეს, სათამაშო დისციპლინა კი ისეთ მაღალ დონეზე გვქონდა, რომ ფრანგებმა ერთი მომენტიც ვერ შეგვიქმნეს და ამ ფაქტმა განსაკუთრებით გამახარა.

არც იმას დავმალავ, რომ ამჯერად იღბალი ჩვენს მხარეს იყო, ყველაფერი საჩვენოდ აეწყო.

- როგორი იყო სპეციალისტების გამოხმაურება?
- რა თქმა უნდა, ასეთი მარცხის შემდეგ საფრანგეთთან ჩვენს გამარჯვებას ვერავინ წარმოიდგენდა. მით უფრო, რომ საფრანგეთმა სერბეთთან 2:0 მოიგო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ბოლო შეხვედრა გვაქვს სერბეთთან, რომელიც მართლაც მშვენიერი გუნდია და იმედია, მასთანაც ღირსეულად ვითამაშებთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ეს ტურნირი და აქ დაკავებული ადგილი, არამედ ის, რომ ელიტრაუნდისთვის კარგად მოვემზადოთ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ტურნირზე დასვენების დღე იყო, დღეს, 14 აპრილს კი, დასკვნითი მატჩები გაიმართება: ჩვენი ნაკრებისა და სერბეთის დაპირისპირება თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრაში ურთიერთობას კი საფრანგეთისა და პორტუგალიის გუნდები გაარკვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სერბებს მოუგეთ 3–2 14აპრილს.დღეს 16 ია არაფერს არ წერთ? ინტერნეტ ჟურნალი შაბათ კვირას არ მუშაობდეს –პირველად ვნახე.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული