ვაკო ყაზაიშვილი პორტუს ტურნირის ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
პორტუგალიასთან წაგებისა 0:5 და საფრანგეთთან სენსაციური გამარჯვების (3:0) შემდეგ, ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა პორტუს საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს სერბეთთან 3:2 გაიმარჯვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

მატჩის ვრცელი მიმოხილვა სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე იყო და სხვა რა გზაა, მათ უნდა დავეყრდნოთ.

"პორტუს საერთაშორისო ტურნირზე ევროპაში უდავოდ ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. სერბები ამჯერად საქართველოს ნაკრებთან დამარცხდნენ.

ქართველებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ: მანამდე საფრანგეთს დამსახურებულად მოუგეს და ტურნირზე მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს", - წერს სერბეთის ფედერაციის პრეს-სამსახური.

სერბების ცნობით, მათ ნაკრებს (რომელიც ელიტრაუნდის შეხვედრებს
17 მაისს იწყებს) ტურნირზე ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ტრავმის გამო კი მესამე შეხვედრა კაპიტანმა სპაიჩმა და მეკარე პაჯოვიჩმა გამოტოვეს.

მატჩის პირველი 30 წუთი ქართველების უპირატესობით წარიმართა, რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ფანცულაიას, ორჯერ კარგად შეუტია ჩვენმა კაპიტანმა ლაშა პარუნაშვილმა, მაგრამ მეტოქის მეკარე საიმედოდ თამაშობდა. სერბებმა მხოლოდ 28-ე წუთზე მოახერხეს მწვავე შეტევის წამოწყება, როდესაც კარში კარვიჩმა დაარტყა.

ჩვენებმა თავისი შანსი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ. 37-ე წუთზე რადოვანოვიჩის შორეული გადაცემის შემდეგ პეტროვიჩმა ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი ანგარიში ნიკოლიჩმა გახსნა.

მე-40 წუთზე რადოვანოვიჩმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და საჯარიმოში ნიკოლიჩი მოძებნა, რომელიც მეკარე ლეგაშვილმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ ჩვენ მეკარეს ვერ აჯობა. მალე სერბეთს უპირატესობის გაზრდის მშევენიერი შანსი მიეცა, მაგრამ ლემაიჩის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ქართველები გამოცოცხლდნენ, მეორე ტაიმი აგრესიულად დაიწყეს და ხუთ წუთში მოედანზე ვითარება შეცვალეს: დაცვის შეცდომით ჯერ პარუნაშვილმა ისარგებლა, 49-ე წუთზე კი დავით გელაშვილმა ჩვენები დაააწინაურა. 65-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ქართველების უპირატესობა უფრო სოლიდური გახდა - 3:1.

სერბებისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა 72-ე წუთზე, როდესაც არბიტრმა რადოვანოვიჩს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, მაგრამ სერბებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის შემცირება - 89-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის მერე გოლი პეტროვიჩმა გაიტანა.

მეორე შეხვედრა პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის 0:0 დასრულდა და 7 ქულით ტურნირის გამარჯვებული პორტუგალია გახდა.

14 აპრილი. "ტროფენსე". 300 მაყურებელი.
საქართველო-სერბეთი 3:2
1:0ნიკოლიჩი (37), 1:1 პარუნაშვილი (46), 1:2 გელაშვილი (49), 1:3 ყაზაიშვილი (65), 2:3 პეტროვიჩი (89).
გამოუყენებელი პენალტი: ნიკოლიჩი (40. მეკარე)
საქართველო: ლეგაშვილი - გრიგალაშვილი, გაგნიძე, სანდოხაძე, გეგეჭკორი (46. გაგოშიძე) - პაპავა - ზარნაძე (68. რუხაძე), რეხვიაშვილი (68. კიკნაველიძე), პარუნაშვილი, ყაზაიშვილი - ფანცულაია (46. გელაშვილი ,86. ჯგერენაია).
არბიტრი: მ. ფერეირა (პორტუგალია)
გაძევება: რადოვანოვიჩი (72).

1. პორტუგალია 3 2 1 0 8:2 7
2. საქართველო 3 2 0 1 6:7 6
3. საფრანგეთი 3 1 1 1 2:3 4
4. სერბეთი 3 0 0 3 4:8 0

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა: სამი საფრანგეთის კარში, ერთიც - სერბების.

პორტუგალია-საფრანგეთის მატჩის მეოთხე არბიტრი დავით ხარიტონაშვილი იყო, რომელმაც მანამდე საფრანგეთი-სერბეთის შეხვედრას მთავარი არბიტრის რანგში მოემსახურა, მეორე ტურში პორტუგალია-სერბეთზე კი მეოთხე მსაჯი გახლდათ.

ელიტრაუნდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ოთარ კორღალიძის გაწვრთნილების ნაჩვენები შედეგი დამაიმედებელია. სავარაუდოდ, გუნდს ხორვატიაში დაემატებიან არჩილ ტვილდიანი (თბილისის "დინამო"), მერაბ გიგაური ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია) და ელიტრაუნდში ურიგო შემადგენლობა არ გვეყოლება.

იმედია, პორტუში საკმაოდ კარგი ასპარეზობა ჩვენ ახალგაზრდებს ფეხბურთელებს თავში არ "აუვარდებათ" და ხორვატიაშიც კიდევ უფრო ღირსეულად ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული