იმედია, გაისად პრემიერლიგაშიც მომიწევს თამაში

AutoSharing Option

ჭაბუკთა ნაკრების ლიდერი ჯგუფიდან გასვლას იმედოვნებს

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" პირველი ქართველი ლეგიონერის, 18 წლის მცველ საბა კვირკველიას გამოჩენის შესახებ ივლისში გაცნობეთ. ნევისპირელთა გუნდი პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია. ამ გუნდის დუბლებში ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა კვირკველია ასპარეზობს, რომელსაც გაისად ალბათ ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი ვიხილავთ. ტანმაღალმა ქართველმა მცველმა "ზენიტის" სარეზერვო გუნდში აქამდე ორი მატჩი შეცვლაზე ითამაშა, "ტომთან" ბოლოს ჩატარებულ მატჩში კი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ამ თამაშამდე კვირკველიამ დუბლების თავკაც ანატოლი დავიდოვისგან ქება დაიმსახურა, რის შედეგადაც სარეზერვოს ნაცვლად, უკვე მთავარ გუნდში ორჯერ ავარჯიშეს.

თვეზე ნაკლები

და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს პორტუგალიაში დაიწყებს. კვირკველია ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და შესაბამისად, საკლუბოს გარდა სანაკრებო თემებზეც გავესაუბრეთ.

- საბა, როგორც ჩანს, "ზენიტში" კარგად მიდის თქვენი საქმე. "ტომთან" მატჩში უკვე დუბლების ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეთ. საუბარიც ამ შეხვედრით დავიწყოთ...
- "ზენიტს" მთავარ გუნდთან ერთად დუბლებიც ძლიერი ჰყავს და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დავამარცხეთ. პირველად ვითამაშე დუბლების სასტარტოში, მანამდე კი მთავარ გუნდთან ერთად ორჯერ ვივარჯიშე. "ტომთან" უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგვეგო. მეც შემეძლო გამეტანა, ორი საგოლე მომენტი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე.

- კვლავაც დაცვაში ითამაშეთ?
- დიახ, დაცვის ცენტრში ვთამაშობ. შეტევისას თანაგუნდელებს ვეხმარები და ორი კარგი შანსი მქონდა გოლის გატანისა. თავით დარტყმა კარგად არ გამომივიდა და ბურთი კარს ავაცილე. მერე ფეხით დავარტყი და "ტომის" კარი ძელმა იხსნა აშკარა გოლისგან.

- რუსულ ვებგვერდებს თუ გადავხედავთ, "ზენიტის" სარეზერვო გუნდის თავკაცი ანატოლი დავიდოვი გაქებთ - კვირკველია დღითი დღე იზრდებაო, რუს ჟურნალისტებს უთხრა...
- დავიდოვისგან ქება ნამდვილად არ მაკლია. ალბათ ვიმსახურებ კიდეც, თორემ აქ ტყუილად არავინ შეგაქებს. დავიდოვმა ჩემს წარმატებებზე ინტერვიუში ილაპარაკა. პირად საუბარშიც ხშირად მაქებს და მამხნევებს, რჩევა-დარიგებით მეხმარება. ჩემი მწვრთნელია, მაგრამ მამასავით მხარში მიდგას.

- წინა ორ მატჩს როგორ გაიხსენებდით?
- ცსკა-ს 5:1 მოვუგეთ, მოსკოვის "სპარტაკთან" კი 2:2 ფრე ვითამაშეთ. ამ მატჩებში შეცვლებზე ვითამაშე და ალბათ სწორედ ამ შეხვედრებში დავიმსახურე სასტარტო შემადგენლობაში თამაში.

- "ზენიტი" პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია და ოქროსთვის იბრძვის. ნევისპირელთა დუბლების მიზანი რა არის?
- ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, მოსკოვის "სპარტაკი" გვისწრებს 3 ქულით, მაგრამ თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული. ჩვენც ჩემპიონობა გვინდა და იმედი მაქვს, შევძლებთ კიდეც. მით უმეტეს "სპარტაკთან" თამაში დაგვრჩა, სეზონის დასკვნით შეხვედრაში დავუპირისპირდებით.

- დუბლებში 89 ნომრით თამაშობთ და მაისურის ზურგზე "საბა" გაწერიათ. ნომერი რის მიხედვით აირჩიეთ და რატომ მაინცდამაინც საბა, ჯანო ანანიძეს მიჰბაძეთ?
- ჯანო ჩემი მეგობარია და 19-წლამდელთა ნაკრებში ერთად არაერთი მატჩი გვაქვს ჩატარებული. მისთვის არ მიმიბაძავს, უბრალოდ, მინდოდა სახელი ყოფილიყო ჩემს მაისურაზე. რაც შეეხება ნომერს, 50 ნომრამდე მთავარი გუნდის ფეხბურთელებს აცვიათ. დუბლებში 66 და 89 ნომრები იყო თავისუფალი და ეს უკანასკნელი ავირჩიე. ნომერს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- სანკტ-პეტერბურგში ბაზაზე ცხოვრობთ?
- არა, სამოთახიანი ბინა მომცეს. ძალიან კმაყოფილი ვარ. მწვრთნელისგან ნდობას ვხედავ და ეს დამატებით სტიმულს მაძლევს. თუმცა ვთვლი, რომ მეტი შემიძლია, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და საკუთარ თავზე კვლავაც აქტიურად ვმუშაობ.

- გუნდში ვისთან გაქვს ახლო ურთიეთობა?
- ნიკოლაევთან, რომელიც 5 წლის ასაკამდე თბილისში ცხოვრობდა, ქართული არ ესმის, მაგრამ თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. გარდა ამისა, ჩემინავასთან ვმეგობრობ. ის აფხაზია, ძალიან კარგი ადამიანია.

- ზემოთ მითხარით, მთავარ გუნდთან ერთად ვივარჯიშეო. ლუჩანო სპალეტის ვარჯიშზე ხომ არ გაგიჭირდათ?
- სხვათა შორის, ძალიან მომეწონა, კარგი ვარჯიშებია. არა, არ გამჭირვებია.

- "ზენიტთან" თქვენი კონტრაქტის ფორმულირება ასეთია, 6 თვე პლუს 3 წელი. ეს საცდელი 6 თვე სეზონის ბოლოს იწურება...
- სეზონის ბოლოს არა, წლის ბოლოს იწურება. ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, კონტრაქტი უნდა გამიგრძელონ. კვლავაც მონდომებით ვვარჯიშობ და ვთამაშობ. მჯერა, ხელშეკრულებას გამიგრძელებენ.

- მთავარ გუნდში გადასვლაზე თუ ჩამოგიგდეს სიტყვა?
- თავიდანვე მითხრეს, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. ვითარების მიხედვით, ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას მთავარ გუნდთან ერთად გავივლი და ახალ სეზონში პრემიერლიგაში, თავდაპირველად 5-10 წუთს მომცემენ სათამაშოდ. დანარჩენი კი უნდა დავიმსახურო. პროგრესი უნდა გავაგრძელო და გაისად პრემიერლიგაში თამაშიც მომიწეევს თამაში.

- როგორც გავიგეთ 19-წლამდელთა ნაკრებში ხარ გამოძახებული...
- დიახ, 3 ოქტომბერს ესპანეთში შევუერთდები ნაკრებს. იქ მოვემზადებით 11 ოქტომბერს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დავიწყებთ. 1992 წელში დაბადებულთა ნაკრებში, 17-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული 22 მატჩი მაქვს ჩატარებული. ერთის გარდა, ყველა შეხვედრაში სასტარტოში ვიყავი. მშვენიერი შემადგენლობა გვყავს და ძალიან მინდა კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

- საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საბერძნეთის, აზერბაიჯანისა და მასპინძელი პორტუგალიის ნაკრებები გვყავს მეტოქეებად. როგორ ფიქრობთ, შევძლებთ ჯგუფიდან გასვლას?
- ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის და პორტუგალიაში ამისთვის მივდივართ. ყველა გუნდთან რთული მატჩები გვლის, აზერბაიჯანიც უნდა იყოს აუტსაიდერის როლში. რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი გვაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ.

დავით ცაბაძე


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული