ვასილ მაისურაძე: ევროპის ჩემპიონატზე არავის არაფერს დავუთმობთ!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას შეუდგა. ჩვენი გუნდი ტექნიკურ ცენტრ "ბასაზეა" დაბინავებული და იქვე ვარჯიშობს.

"ბასაზევე" გაიმართა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის პრესკონფერენცია, სადაც მან მზადების პროცესსა და ევროპის ჩემპიონატზე დასახულ მიზნებზე ისაუბრა, პრესკონფერენციის შემდეგ კი ქართველმა 17-წლამდელებმა ღია ვარჯიში გამართეს.

- შეკრებაზე ორი დღეა, რაც გადავედით და პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. 22 აპრილს, გამთენიისას, ავსტრიაში გავემგზავრებით და ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას იქ გავივლით.

ავსტრიაში ორ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ - 25 აპრილს რეგიონის 19-წლამდელთა ნაკრებთან ვითამაშებთ,
28 აპრილს კი 18-წლამდელებთან. ავსტრიიდან სლოვენიაში 2 მაისს, ავტობუსით გავემგზავრებით.

- ნაკრებს საკადრო პრობლემები ხომ არ აქვს?
- სამწუხაროდ, დანაკლისს ვერ ავცდით. დაშავდა ჩვენი ცენტრალური მცველი სანდრო გურეშიძე და ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში გამოირიცხა.

ნაკრების გაფართოებულ სიაში 20 ფეხბურთელია და ევროპის ჩემპიონატისთვის განაცხადს ავსტრიაში ყოფნისას შევადგენთ. ბოლო ფეხბურთელი, ვინც გაფართოებულ სანაკრებო სიას დავამატეთ, იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურიაა. იგი თანაგუნდელებზე ერთი წლით უმცროსია და სანაკრებო გამოცდილება ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე მიიღო. გვინდოდა, სლოვენიაში განაცხადს მიღმა დარჩენილი ორი ფეხბურთელიც წაგვეყვანა, მაგრამ ეს ვერ ხერხდება.

- გუნდის დღევანდელი ფორმა დამაკმაყოფილებელია?
- ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან სააღდგომო არდადეგებმა ფეხბურთელებზე გარკვეული გავლენა მოახდინა. თუმცა საგანგაშო არაფერია, უახლოეს დღეებში ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

- ნაკრებს ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ხომ არ შემატებია?
- არა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არავინ დამატებია, გუნდს ფიზიკურადაც ჩვენი ძალებით მოვამზადებთ.

- მეტოქეების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ფლობთ?
- ყველაზე მეტს ახლა გერმანიასთან მატჩზე ვფიქრობთ. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატს გერმანელებთან შეხვედრით ვიწყებთ და ამ თამაშის შედეგს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ გერმანიასთან დადებით შედეგს მივაღწიეთ, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდება.

გერმანიის ნაკრების რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერი გავარჩიეთ და კვლავ იმ აზრზე ვართ, რომ საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვექნება.

რაც შეეხება საფრანგეთსა და ისლანდიას, მათზეც ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას, დაკვირვებას კი უშუალოდ სლოვენიაში გავაგრძელებთ.

- რის ხარჯზე შეუძლია საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით თამაში?
- კარგად გვესმის, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ელიტრაუნდისთვის.

ნაკრებში კარდინალურად არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, შევეცდებით, ყველა კომპონენტი გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ.

ვიბრძოლებთ მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის და არავის არაფერს დავუთმობთ.

- რაიმეთი თუ ხართ უკმაყოფილო?
- წინა ხაზზე უფრო სრულყოფილ თამაშს ველი. შეტევაში ბევრი რამ ინდივიდუალურ ოსტატობაზეცაა დამოკიდებული, ჩვენს ნაკრებს კი იქ იმპროვიზაცია აკლია. ამ კომპონენტში დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული