ნოდარ აკობია: 17-წლამდელთა ახალი თაობაც საკმაოდ ნიჭიერია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. ამის პარალელურად კი ქართველ 17-წლამდელთა შემდეგი თაობა კონტინენტის მომდევნო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ამ გუნდს მთავარი მწვრთნელი შეუცვალეს - გელა შეყილაძის ადგილი ნოდარ აკობიამ დაიკავა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას 30 ოქტომბერს დაიწყებს. ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს და ჩვენი მეტოქეები უკრაინა, შოტლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. ელიტრაუნდში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გავა.

რამდენიმე დღის წინ თბილისში 17-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსება ერთი წლით უმცროსებმა, ანუ 1997
წელს დაბადებულებმა დაიცვეს. ეს თაობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გაისად ჩაერთვება.

სანამ ამჟამინდელ 17-წლამდელებზე გადავალთ, განვლილი ტურნირის შესახებ აკობიასეულ შეფასებას გაგაცნობთ:

"ნახევარფინალში სომხეთის ნაკრებს დამაჯერებლად ვძლიეთ. სომხებს, ჩვენს მსგავსად, 1997 წელს დაბადებულთა გუნდი ჰყავდათ ჩამოყვანილი; თურქებს კი, რომლებთანაც ფინალში დავმარცხდით, 1996-იანები. ამ ასაკში ერთწლიანი სხვაობაც კი ბევრს ნიშნავს და ეს შედეგიც კანონზომიერი იყო.

თურქებმა შემდეგ გვითხრეს, არ ვიცოდით, თქვენ თუ უმცროსებით თამაშობდით, თორემ ჩვენც 97-იანებს ჩამოვიყვანდითო.

მთლიანობაში ტურნირმა თავისი როლი შეასრულა და ბიჭებმა კარგი გამოცდილება მიიღეს. მწვრთნელებიც კიდევ ერთხელ დავაკვირდით ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს. უახლოეს თვეებში კი მთლიანად 96-იანებზე გადავერთვებით და შევეცდებით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ღირსეულად შევხვდეთ".


17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში აკობიას გარდა, შედიან კახა გოგიჩაიშვილი და ჯუმბერ ბურჯანაძე, მეკარეთა მწვრთნელი კი გრიგოლ ჭანტურიაა.

უახლოესი ტურნირი, რომელიც აკობიას გუნდს ელის, ყაზახეთში გასამართი "პრეზიდენტის თასია": საქართველოს ნაკრები 26 აპრილს გაემგზავრება, ტურნირი კი 28-ში იწყება. მაისის ბოლოს კი აკობიას გუნდი ბაქოში "კასპიის თასზე" იასპარეზებს და იქაც საკმაო გამოცდილებას მიიღებს. მზადების პერიოდში დაგეგმილია სხვა ტურნირებზე გამგზავრებაც და შეკრებების მოწყობაც.

"საკმაოდ ნიჭიერი თაობაა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი და აუცილებელია, იქამდე თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი იშრომოს.

ყველაზე დიდი ხარვეზები დაცვის ხაზში გვაქვს და მათ გამოსასწორებლად დროულად უნდა ვიზრუნოთ. გუნდის ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები სულაც არაა გამორიცხული და საინტერესო ახალგაზრდების აღმოსაჩენად მთელ საქართველოს მოვივლით", - გვითხრა აკობიამ.

იმ გუნდიდან, რომელსაც შეყილაძე წვრთნიდა, აკობიას ნაკრებში ფეხბურთელთა უმრავლესობა მოხვდა და შემადგენლობაში მხოლოდ მინიმალური ცვლილებები განხორციელდა.

აკობია მოხარულია, რომ ნაკრებში რეგიონებიდან არაერთი ჭაბუკია წარმოდგენილი. თბილისელთა გარდა, 17-წლამდელთა ღირსებას ქუთაისელი, ზუგდიდელი და გორელი ფეხბურთელები იცავენ. ნაკრებში მოხვედრის შანსი აჭარლებსაც აქვთ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ახალი 17-წლამდელთა ნაკრების ჩამოყალიბება სულ მალე დასრულდება და ისღა დაგვრჩენია, ამ თაობას ერთი წლით უფროსთა წარმატების გამეორება ვუსურვოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული