ვასილ მაისურაძემ ნაკრები გერმანიასთან მატჩისთვის "გაახურა"

AutoSharing Option
2 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა და სენტ-ვაიტიდან ავტობუსით ლუბლიანაში - 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში გაემგზავრა.

გუნდი სასტუმრო "Austria Trand Hotel Ljubljana"- შია დაბინავებული, სადაც ასევე ცხოვრობენ ჩვენი უშუალო მეტოქეები - გერმანიის, საფრანგეთისა და ისლანდიის ნაკრებები.

სადილისა და მცირე შესვენების შემდეგ ჩვენს გუნდს დაგეგმილი შეხვედრა ჰქონდა ცნობილ ბერძენ არბიტრთან - კიროს ვასარასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მსაჯთა დამკვირვებლადაა მოვლენილი.

კიროს ვასარასმა ფეხბურთელებს ყველა ის შემთხვევა დაწვრილებით განუმარტა, რაზეც ევროპის ჩემპიონატის მსაჯები მკაცრ რეაგირებას მოახდენენ და თვალსაჩინოების სახით,
კლიპები და მაგალითებიც უჩვენა. შემდეგ კი ფეხბურთელების შეკითხვებსაც უპასუხა.

ამის შემდეგ U17 სპორტკომპლექს "სლოვანში" გაემგზავრა, სადაც პირველი ვარჯიში გამართა. ვასილ მაისურაძემ ჩვეული, დინამიური ვარჯიშებით დატვირთა ფეხბურთელები და თითქმის მთელი ვარჯიში ბურთთან ამუშავა.

ნაკრების უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩისთვის თავგამოდებით ემზადება. მეტოქე კი, მართლაც რომ სერიოზული გვყავს. შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშს პატარა "ჯვაროსნები" ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან - გერმანიის ნაკრებთან, 4 მაისს გამართავენ და ეს თამაში ლუბლიანაში, სტადიონ "სტოიცეზე" შედგება.

3 მაისს დაგეგმილია A ჯგუფის გუნდების მწვრთნელთა პრესკონფერენცია, სადაც ჩვენი ნაკრების თავკაცი - ვასილ მაისურაძეც უპასუხებს მედიის შეკითხვებს. შემდეგ 17-წლამდელებს უეფას ოფიციალური ფოტოსესია ექნებათ და საღამოს კი - მსუბუქი ვარჯიში და თეორიული მეცადინეობა.

ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელსა და ღირსებას დაიცავენ:

მეკარეები: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), ნიკა შერმადინი ("გაგრა")
მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია, გიორგი გაბაძე (ყველა "ლოკომოტივი", თბილისი), გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე "დინამო" თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი", თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი)
თავდამსხმელები: დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა "ლოკომოტივი", თბილისი), ვანო წილოსანი ("დინამო" თბილისი)

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს ჩვენი ლომები მოიგებენ
zviadi
10:19 04-05-2012
0

სიახლეები პოპულარული