ვასილ მაისურაძე: წარმატების შანსი გვაქვს, ფრანგებს უნდა შევუტიოთ!

AutoSharing Option
7 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თავის მეორე შეხვედრას ფრანგ თანატოლებთან გამართავს.

დომჟალეს სტადიონზე თამაში თბილისის დროით 19:30 წთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

იქამდე კი უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მომავალ შეხვედრებს სტატია მიუძღვნა - "საქართველო შეტევაში მიდის", რასაც გუნდების მწვრთნელების მატჩებისწინა კომენტარებიც დაურთო.

შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი მატჩი გერმანიის ნაკრებთან 0:1 დათმო და ნახევარფინალში გასასვლელად ფრანგებთან წარმატება სჭირდება, რომლებმაც ისლანდიის ნაკრებთან პირველ შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშეს.

საქართველო-საფრანგეთის მატჩის პარალელურად, ჩვენი ჯგუფის ლიდერი გერმანია
ისლანდიას ხვდება.

* * *
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ A ჯფუფში სამი ქულით თავს მხოლოდ გერმანიის ნაკრები იწონებს. ცხრილის ფსკერზე საქართველოა, ხოლო ისლანდიელები და ფრანგები სასტარტო მატჩში მიღწეული ფრეს შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე გერმანელებს არაფერში ჩამორჩებოდა. გუნდის მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს სურს, რომ მისი გუნდი ფრანგებთან მხოლოდ ერთი ტაიმით არ შემოიფარგლოს. მან თავის შეგირდებს მოუწოდა, მომავალ მატჩში ისევე ითამაშონ, როგორც გერმანიასთან პირველ ტაიმში გააკეთეს.

მაისურაძემ აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიერ გერმანელებთან პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში აძლევს იმედს, რომ საქართველოს ნაკრებს ფრანგთა ძლევა შეუძლია.

"ჩვენ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ და იმავე ტაქტიკას მივმართავთ ფრანგებთანაც.

ვეცდებით, მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და ინიციატივა ხელთ ვიგდოთ. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვაქვს"
, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა.

ამასთან, საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრების მესაჭე ჟან-კლოდ ჟიუნტინმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა უფრო ხარისხიანად უნდა ითამაშოს, ვიდრე პირველ თამაშში.

"ვიცი, რომ მეორე უმძიმესი მატჩი გვექნება, - თქვა ჟიუნტინიმ. - ჩვენ ტურნირის მოთხოვნებს ფეხი უნდა ავუწყოთ, როგორც თამაშის, ისე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. ჯერჯერობით კი იმ სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ, რომელიც წარსულში თავად დავამკვიდრეთ.

მინდა, ჩემი გუნდის თამაშის ყურებისას სიამოვნებისა და სიამაყის განცდა მეუფლებოდეს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მართლა ისე ითამაშეს როგორც გერმანიასთან პიტველ ტაიმში,მაშინ შანსი გვაქვს.წარმატებას ვუსურვებ...
acho-23
19:05 07-05-2012
0

სიახლეები პოპულარული