U17. ევროპის ჩემპიონატი: საქართველო VS ისლანდია

AutoSharing Option
10 მაისს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება და გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გასვლას.

შეგახსენებთ, ჩვენი გუნდის ამოცანა ასეთია - უნდა დაამარცხოს ისლანდია და ამავდროულად, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უმოტივაციოდ დარჩენილმა და ჯგუფში პირველი ადგილის გამნაღდებელმა გერმანიამ ჩვენს უშუალო კონკურენტ საფრანგეთთან არ უნდა წააგოს.

როგორც ხედავთ, სიტუაცია არცთუ იოლია, მაგრამ უიმედოც არ ეთქმის.

ისლანდია-საქართველო დომჟალეს "სპორტნი პარკზე" გაიმართება და მისი ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ტელეეთერით იქნება შესაძლებელი.
მატჩს ფინელი არბიტრი მატიას გესტრანიუსი განსჯის.

მეტოქე ხელწამოსაკრავი რომ არ არის, ეს მხოლოდ შესარჩევ ტურნირში კი არა, სლოვენიაში მიმდინარე ევროპირველობის საწყის ორ მატჩშიც გამოჩნდა, როცა კუნძულელებმა ჯერ საფრანგეთს ამოუქაჩეს ორბურთიანი ჩამორჩენა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულეს; შემდეგ კი გერმანიასთან მინიმალურად, 0:1 დამარცხდნენ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრების კარში გოლები გუნდის კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა ჰიორტურ ჰერმანსონმა და შეცვლაზე შესულმა გუნლაგურ ბირგსონმა გაიტანეს. გერმანიასთან შეხვედრისთვის ისლანდიელთა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდა და პირველივე წუთიდან თამაშის უფლება სწორედ ბირგსონმა მიიღო.

ცუდია, რომ ქართველებთან დაპირისპირებას ისლანდიელთაგან დისკვალიფიკაციის გამო არავინ გამოტოვებს, მაგრამ, სამაგიეროდ, საკადრო პრობლემები არც ჩვენს ნაკრებს აწუხებს და ქართველი 17-წლამდელებიც ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.

საქართველოსთან მატჩი ისლანდიისთვის ფინალია
მოახლოებული მატჩის წინ უეფას ოფიციალური ვებგვერდი ჰიორტურ ჰერმანსონს ესაუბრა. ისლანდიის ნაკრების კაპიტანს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი ევროპას მორიგ სენსაციას შესთავაზებს და ნახევარფინალის საგზურს დაეუფლება.

მანვე განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის საქართველოს მატჩი ფინალის ტოლფასია:

"საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ეს ნახევარფინალის გარანტიას არ გვაძლევს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფის მეორე მატჩში ჩვენთვის ხელსაყრელი შედეგი დაფიქსირდება.

მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ფინალისთვის ვემზადებით და რეალურად, ამ შეხვედრას მართლაც აქვს ამხელა მნიშვნელობა".

ჰერმანსონმა საფრანგეთის ნაკრების კარში გატანილი გოლიც გაიხსენა:

"რა თქმა უნდა, ეს ჩემს კარიერაში ჯერჯერობით უმნიშვნელოვანესი გოლია. თუმცა, ამასთანავე, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებულად მაღალ დონეზე ჩავატარე. ნაკრებისთვის ყველა მატჩში ერთნაირად ვიხარჯები და ყოველთვის ვცდილობ, გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ვიყო".


ისლანდიელთა კაპიტანმა აღნიშნა, რომ გერმანიასთან დაპირისპირებამ მის გუნდს დიდი ენერგია წაართვა, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ბრძოლის წინ ძალების აღდგენას მოასწრებენ. ბოლოს კი დასძინა, სლოვენიაში ყოფნა ძალიან მოგვწონს და იმედი გვაქვს, აქ კიდევ უფრო დიდი ხნით დარჩენის საშუალება მოგვეცემაო.

განწყობა და ერთსულოვნება
უეფას საიტის რესპონდენტი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნიკა ჭანტურიაც იყო. ვებგვერდი აღნიშნავს, რომ საფრანგეთთან ფრედ დასრულებულ მატჩში ქართულ დაცვას დიდი ჯაფა დაადგა. ერთ-ერთი გამორჩეული კი ქართველ 17-წლამდელთა კაპიტანი, ცენტრალური მცველი ჭანტურია იყო.

"ძალიან მძიმე შეხვედრა გამოვიდა, რაც მოსალოდნელიც იყო. თუმცა მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრი ვიბრძოლეთ და ჩვენს მიერ მიღწეული შედეგით გულშემატკივრებს კიდევ ერთი სიურპრიზი შევთავაზეთ.

მართალია, გარკვეული შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ მთლიანობაში, გამართული და ძალიან კარგი დაცვითი ფეხბურთი ვაჩვენეთ. საქართველოს ნაკრები, უპირველესად, გუნდური თამაშით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა"
, - ამბობს ჭანტურია.

მან მეტოქეც შეაქო:

"საფრანგეთის ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ფრანგებს ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური, სწრაფი და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავთ. კარგი იქნებოდა, მათთვის მოგვეგო. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავზე ვიქნებოდით დამოკიდებულნი, მაგრამ წარსულს ვეღარ შევცვლით. ნახევარფინალში გასვლის შანსი მაინც გვაქვს და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ".

ჭანტურიამ დასძინა, რომ საქართველოს ნაკრებში ერთიანობა სუფევს და გუნდში ყველას დიდი იმედი აქვს, რომ ჯგუფური ეტაპი დაუძლეველი არ დარჩება.

"ყველა მოახლოებულ მატჩზე ვფიქრობთ, მაგრამ ამასთანავე, საჭიროა, ფსიქიკა ზედმეტად არ გადაგვეტვირთოს და ამიტომ განტვირთვისთვის ქალაქის ქუჩებში ვსეირნობთ და ვცდილობთ, ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას დასვენებულები შევხვდეთ", - თქვა ჩვენმა კაპიტანმა.

* * *
დასასრულს, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას და იმედი დავიტოვოთ, რომ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის აქტიური გაშუქების საფუძველი უახლოეს დღეებშიც გვექნება.

A ჯგუფი
1. გერმანია 2 2 0 0 2-0 6
2. საფრანგეთი 2 0 2 0 3-3 2
3. ისლანდია 2 0 1 1 2-3 1
4. საქართველო 2 0 1 1 1-2 1

21:30. დომჟალე. სპორტნი პარკი
ისლანდია-საქართველო

21:30. ლუბლიანა. სტოჟიცე
გერმანია-საფრანგეთი

B ჯგუფი
1. ჰოლანდია 2 1 1 0 3-1 4
2. პოლონეთი 2 1 1 0 2-1 4
3. ბელგია 2 0 1 1 0-1 1
4. სლოვენია 2 0 1 1 2-4 1

19:30. მარიბორი. ლიუდსკი
ბელგია-სლოვენია

19:30. ლენდავა. სპორტნი პარკი
ჰოლანდია-პოლონეთი

"ქართულ-ისლანდიური იმედები" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ

ოთარ კორღალიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი 17-წლამდელები ისლანდიასთან მოიგებენ
ზაურ სვანაძე: ვასილ მაისურაძის გუნდს ისლანდიასთან იოლი თამაში არ ელის
გიორგი კიკნაძე: ჩვენი ნაკრები პირველ ტაიმში სხვა გუნდია, მეორეში სხვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ბიჭებოოოოოო
vova
23:12 10-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული