ოთარ კორღალიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი 17-წლამდელები ისლანდიასთან მოიგებენ

AutoSharing Option
10 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში ბოლო მატჩს ითამაშებს.

თქმა რად უნდა, ჩვენი ჭაბუკების სლოვენიაში გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოვლენაა და საინტერესოა, როგორ აფასებენ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის თამაშს სპეციალისტები.

ფეხბურთი იმადაც კარგია, რომ კამათის საშუალებას იძლევა და ბევრი ისეთი ნიუანსი ტივტივდება, აზრთა სხვადასხვაობას რომ იწვევს.

ხშირად სპეციალისტის აზრი სუბიექტურია ხოლმე, თუმცა ყურადსაღებიც უნდა იყოს. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება პოლემიკა 17-წლამდელებზე. ალბათ, არავის უნდა ეხამუშებოდეს განსხვავებული აზრის მოსმენა...

ოთარ კორღალიძე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
-
სასიამოვნოდ გამაკვირვა ჩვენი გუნდის თამაშმა გერმანიასთან პირველ ტაიმში. არ ველოდი, ჩვენი 17-წლამდელები ასე კარგად თუ წარმოაჩენდნენ თავს.

ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან, ინგლისსა და უკრაინასთან წარმატებით იასპარეზა, თუმცა მიმაჩნია, რომ გერმანიასთან ჩატარებული პირველი ტაიმი ამ გუნდის ჯერჯერობით საუკეთესო თამაში იყო.

გერმანიასთან არ უნდა წაგვეგო...

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე უფრო რა ფაქტორმა განაპირობა გერმანიასთან წაგება?
- ვფიქრობ, ეს არასათანადო გამოცდილების ბრალი იყო. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ასეთი რანგის ტურნირზე თამაში ძალიან იშვიათად უწევს, გერმანიას კი ბევრად უფრო დიდი გამოცდილება აქვს და სწორედ ამით გვაჯობეს.

- გერმანიის ნაკრებმა გამარჯვების გოლი მოხდენილ, მრავალსვლიან კომბინაციას მიაყოლა. შეტევა დაცვიდან დაიწყო, გუნდი სწრაფად გადავიდა საკუთარი მოედნიდან მეტოქის საჯარიმომდე... (იხილეთ ვიდეო)
- როგორც უნდა იყოს, გოლი ჩვენი დაცვის შეცდომას მოჰყვა, საგოლე კომბინაციას ჩვენმა გუნდმაც შეუწყო ხელი. გერმანიის ნაკრები კი ასეთ რამეს არავის აპატიებს.

- ისლანდიასთან მატჩზე როგორია თქვენი პროგნოზი?
- დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ.

- რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში? ასეთი რანგის ტურნირზე ხომ ყველაფერი ხელისგულზე დადებულივით ჩანს...
- იმ ნაკრებში, რომელსაც ახლა მე ვწვრთნი, არიან გამორჩეული ფეხბურთელები: გიორგი პარუნაშვილი, გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი... საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში კი ასეთნაირად გამოკვეთილი ფეხბურთელები არ ჩანან. სამაგიეროდ, შეკრული გუნდია, რომელსაც მწვრთნელის ხელი ეტყობა.

"17-წლამდელების პლუს-მინუსი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ

U17. ევროპის ჩემპიონატი: საქართველო VS ისლანდია
ზაურ სვანაძე: ვასილ მაისურაძის გუნდს ისლანდიასთან იოლი თამაში არ ელის
გიორგი კიკნაძე: ჩვენი ნაკრები პირველ ტაიმში სხვა გუნდია, მეორეში სხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული