ვასილ მაისურაძე: ბიჭებს არავის რიდი არ აქვთ!

AutoSharing Option
სლოვენიაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს შევეხმიანეთ და ბლიც-ინტერვიუში ბოლო მატჩით მიღებულ შთაბეჭდილებებსა და სანახევარფინალო სამზადისზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, ამ წარმატებას გილოცავთ. რის ხარჯზე შეძლო საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა?
- მადლობა მოლოცვისთვის. ამაზე საუბარი ძალიან დიდხანს შემიძლია, მოკლედ კი ასე გიპასუხებთ - ბიჭებმა ამდენს შემართებით, პროფესიონალიზმითა და სამშობლოს სიყვარულით მიაღწიეს.

- როგორი კონდიციებით ხვდება საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან დაპირისპირებას? გადაღლილობის საფრთხე ხომ არ არსებობს?
- ახლა ნაკრებ
ის სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი სწორედ ის არის, რომ ფეხბურთელები ნახევარფინალს დასვენებული გონებითა და ძალებით შეხვდნენ. ამ ეტაპზე პირველ პლანზე ფსიქოლოგიური მომზადება გამოდის. ბიჭებს არც ერთი მეტოქის რიდი არ აქვთ, მაგრამ ნახევარფინალი მაინც ნახევარფინალია და მას სხვაგვარი მომზადება სჭირდება.

- ისლანდიასთან მატჩის მეორე დღემ როგორ ჩაიარა?
- გუნდი მინიმალურად დავტვირთეთ. ჰოლანდიასთან შეხვედრამდე ძალიან მცირე დრო გვრჩება და ძალები რაციონალურად უნდა გავანაწილოთ.

- მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- უკვე ვნახეთ ჰოლანდია-ინგლისი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გაიმართა. სლოვენიაში ჰოლანდიელთა თამაშის ცოცხლად ნახვა ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროდ, ხელთ გვაქვს მათ მიერ ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამივე მატჩის ვიდეოჩანაწერი და მათ ფეხბურთელებთან ერთად დეტალურად გავაანალიზებთ.

რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი გუნდია, მისი რამდენიმე წევრი კი უკვე ხვდება წამყვანი ჰოლანდიური კლუბების 18-კაციან განაცხადში.

ჰოლანდიელები ჩვეულ სტილს არ ღალატობენ და მათი 17-წლამდელთა ნაკრებიც ამ ქვეყნის საფეხბურთო ტრადიციების შესაბამისად თამაშობს.

- ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო ლაშა დვალი დაგვაკლდება. სხვა რომელიმე ფეხბურთელის გამოკლების საშიშროება ხომ არ არსებობს?
- არა, მხოლოდ დვალი ვერ ითამაშებს. მან გაფრთხილება საკმაოდ დასანან ვითარებაში მიიღო...

- ბოლო მატჩში ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილების განხორციელება რით იყო გამოწვეული?
- გადაღლილ ჭეჭელაშვილსა და წილოსანს დასვენებულები, აბურჯანია და მესხი ვამჯობინე. მოხარული ვარ, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ აბურჯანია არათუ ძველებურ დონეზე ათამაშდა, არამედ მძაფრი კონკურენციის წყალობით, მოუმატა კიდეც და ეს შანსიც დაიმსახურა.

- ნახევარფინალისთვის სასტარტო თერთმეტეული უკვე შერჩეული გყავთ?
- ჩვენთან კონკურენცია ნაკლებად ეხება მეკარესა და დაცვის ხაზს, სხვა რგოლებში კი ძირითადი შემადგენლობის წევრები არცთუ იშვიათად იცვლებიან. შესაბამისად, ცვლილებები არც ამჯერადაა გამორიცხული. მოედანზე პირველივე წუთიდან ის თერთმეტი მოთამაშე გავა, რომლებიც მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე კონკურენტებზე უკეთ წარმოაჩენენ თავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული