ოთარ კორღალიძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, ავსტრია და ბოსნია იქნებიან.
21 მაისს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაში" ოთარ კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა და ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა.
- გუნდში საბრძოლო განწყობაა და ეს ძალიან მახარებს. 14 მაისიდან ლეგიონერების გარეშე ვემზადებით. დროულად მხოლოდ "იაგელონიას" ნახევარმცველი მერაბ გიგაური ჩამოვიდა.
სამწუხაროდ, ხორვატიაში შემოგვიერთდებიან ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია და დავით სხირტლაძე, რომლებიც კლუბებმა შეკრებაზე არ გამოუშვეს.
შემადგენლობის მონახაზი ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ შეკრებაზე თითოეულ მოთამაშეზე უფრო დეტალურად დაკვირვება მსურდა. ჩვენ შეცდომის უფლება არ გვაქვს და ნიჭიერი მოთამაშე არ უნდა გამოგვეპაროს.
- დინამოელი სანდრო რეხვიაშვილი ვერ დაგეხმარებათ?
- სამწუხაროდ, ასეა. მას ისეთი ტრავმა ჰქონდა, რომლის მორჩენასაც დრო სჭირდება. 18-კაციანი განაცხადი კი ისედაც არასაკმარისია. ღმერთმა არ ქნას, ვინმემ ორი ყვითელი ბარათი რომ მიიღოს, პრობლემა შეიქმნება. ასეთ პირობებში ტრავმირებული ფეხბურთელის წაყვანა გაუმართლებელია. მანამდე ტრავმის გამო დათა ხოჭოლავა დაგვაკლდა და ორივეზე გული მწყდება, რადგან საჭირო მოთამაშეები არიან.
- სხვა ყველა ჯანმრთელად არის?
- დავით გელაშვილმა ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ საშიში არაფერია.
- მეტოქეთა თამაშები თუ ნახეთ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ავსტრიელების მხოლოდ ერთი მატჩი ვნახეთ, ბოსნიელების კი - ორი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ტექნიკურ და გამართულ ფეხბურთს აჩვენებს. აბსოლუტურად სხვა გუნდია ხორვატია, რომელიც ძალიან ხისტი, შეიძლება ითქვას, უხეში გუნდია.
მეტოქეთა საფუძვლიანი ანალიზი გავაკეთეთ, მაგრამ დარჩენილ დღეებში ამ შეხვედრებს კიდევ ვნახავთ, რაიმე რომ არ გამოგვეპაროს.
- ხორვატიაში ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი მოგყვებათ?
- მას თავისი საქმეები აქვს და წამოსვლაზე არაფერი უთქვამს.
- მოწინააღმდეგე გუნდის ბევრი ფეხბურთელი თავისი ქვეყნის გუნდების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. ჩვენთან ასეთები თითებზე ჩამოსათვლელია - ეს პრობლემას არ გიქმნით?
- ცხადია, ეს პრობლემაა, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი დუბლშემადგენლობაში გამოდის და ესეც კარგია. მთავარია, რომ თამაშობენ და სკამზე არ სხედან.
- მსაჯები ჩვენნაირ ქვეყნებს გრანდებთან მატჩებისას ყოველთვის ჩაგრავენ. 17-წლამდელების ჰოლანდიასთან შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა. საამისოდ ბიჭები ფსიქოლოგიურად შეამზადეთ?
- სხვა საკითხებთან ერთად, თეორიულ მომზადებაზე ამაზეც ვლაპარაკობთ. თუმცა სულ სხვის სასარგებლოდ ცდებიან და იქნებ ახლა საჩვენოდ ჩაუსტვინონ? მთავარია, მსაჯებს საბაბი არ მივცეთ. ჩვენი იმედი კი ისევ ჩვენი ბიჭები, მათი მონდომება და თამაშია.
* * *
გიორგი გაგნიძე, ნაკრების ფეხბურთელი: "პორტუგალიური ტურნირი გამოცდილების კუთხითაც ძალიან წაგვადგა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან საფრანგეთთან და სერბეთთან მოგება პატარა ამბავი არ იყო.
ბიჭები უფრო თავდაჯერებულები გავხდით. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იყო ახალი მწვრთნელის მოთხოვნების გაცნობა და მის მიერ დანერგილ ახალ ტაქტიკურ სქემასთან შეგუება.
ჩვენ სამივე მეტოქის თამაში ვნახეთ და მიმაჩნია, რომ დაუმარცხებელი არცერთი არის. ახლა ჩვენ განსაკუთრებულად მოტივირებულები ვართ. მთავარია, მეტოქეებს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და ყველასთან მოგებისთვის ვითამაშოთ".
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: დავით ლეგაშვილი (უგუნდო), ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო" თბილისი).
მცველები: არჩილ ტვილდიანი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (ყველა - "დინამო" თბილისი), თედო გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), კოტე ზარნაძე ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა").
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი (ორივე - "დინამო" თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით გიგაური (იაგელონია", პოლონეთი), ნიკა ჭკუასელი ("გაგრა"), ნოდარ კიკნაველიძე ("გაგრა").
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი"), ოთარ კვერნაძე ("ზესტაფონი"), დავით გელაშვილი ("სპარტაკი", ცხინვალი)
ოთარ კორღალიძე: მთავარია, მსაჯებს საბაბი არ მივცეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"