ალექსანდრე ჩივაძე: სჯობს, მომავალზე ვიფიქროთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრე ჩივაძის დებიუტი 1 ივნისს მინსკში შედგება: ჩვენი გუნდი ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ბელარუს თანატოლებთან.

ამის მერე ქართული დელეგაცია ტალინში გადაინაცვლებს, სადაც 5 ივნისს ესტონელებთან ოფიციალური შეხვედრა გველოდება.

21 მაისს ალექსანდრე ჩივაძე მედიას შეხვდა და მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზე ელაპარაკა:

- ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში გავყვები და 24 მაისს თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრას დავესწრები. მიზეზი ისაა, რომ თემურ ქეცბაიამ ეროვნულში ახალგაზრდული ნაკრების ხუთი კანდიდატი გამოიძახა - საბა კვირკველია, ნიკა ძალამიძე, ლევან ყენია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე. შესაძლოა,
ისინი ბელარუსსა და ესტონეთთან დავიმატოთ.

ავსტრიის შემდეგ კი ხორვატიაში გავემგზავრები და ჩვენი 19-წლამდელების მატჩებს დავესწრები, რადგან რამდენიმე კანდიდატი ოთარ კორღალიძის გუნდშიც გვყავს.

ახალგაზრდულის შეკრება კი თბილისში 24 მაისს დაიწყება. ჩემს არყოფნაში გუნდს ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და დავით გვარამაძე გაწვრთნიან.

საქართველოს ჩემპიონატში დასაქმებული ფეხბურთელები პირველივე დღიდან იქნებიან, ეროვნულის ხუთ მოთამაშეს 27 მაისს ველით, სრული შემადგენლობით კი 31 მაისს მინსკში შევიკრიბებით, სადაც 19-წლამდელების ფეხბურთელებიც დაგვემატებიან.

- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის?
- საბედნიეროდ, ჯანმრთელად არიან და იმედია, ესტონეთს საბრძოლო შემადგენლობით ვესტუმრებით.

- როგორც ადრე ბრძანეთ, აქცენტს შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე გააკეთებთ...
- ჯგუფში 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზე ვიმყოფებით და მხოლოდ ესტონეთს ვუსწრებთ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიუღწეველი შედეგი ჩანს. ამიტომ შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებს გუნდის შესათამაშებლად გამოვიყენებ.

გაფართოებულ 30-კაციან სიაში აქცენტი 1992 წელს და ზევით დაბადებულებზე გავაკეთე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წინა თაობის საუკეთესო მოთამაშეებზე უარს ვამბობთ.

- რა ხდება "აუსბურგის" ნახევარმცველ აკაკი გოგიასთან დაკავშირებით: ბოლოს და ბოლოს, სურს თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაში?
- გოგიას მოწვევა მსურდა. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს.

- შევიტყვეთ, რომ კიევის "ობოლონის" ნახევარმცველს, ირაკლი მესხიას დაუკავშირდით...
- დიახ, ველაპარაკე და ირაკლიმ მითხრა, რომ მზადაა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, მაგრამ საქმეში ნახვა ახლა ვერ ხერხდება, რადგან მაისის ბოლოს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთთან გასვლითი შეხვედრის შემდეგ ქართველი ახალგაზრდები შესარჩევ ციკლში ორი საშინაო შეხვედრას ჩაატარებენ: 15 აგვისტოს ხორვატიას უმასპინძლებენ, 6 სექტემბერს კი - ესტონეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ალექსანდრე, გვჯერა თქვენი სამართლიანობის დაიმედს გამოვთქვამთ, ყურადღებას მიაქცევთ იმ ნიჭიერ ბიჭებს, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში დაჩაგრეს უსამართლოდ, (უპატრონობის გამო), წარმატებებს გისურვებთ.
messi
15:12 22-05-2012
0
ბატონი ალექსანდრე ნამდვილად ვაჟკაცია და ძლიერი ფეხბურთელია,ქართული ფეხბურთი აღორძინდება
თინა
13:34 22-05-2012
0

სიახლეები პოპულარული