U19. ელიტრაუნდი: ოთარ კორღალიძის გუნდმა ხორვატიაში ივარჯიშა

AutoSharing Option
22 მაისს, გამთენიისას, ხორვატიაში გაემგზავრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გუნდი.

ოთარ კორღალიძის რჩეულ 18 ფეხბურთელს შორის ბოლო ვარჯიშზე ერთი ცვლილება მოხდა - დაშავებული ნიკა ჭკუასელის ნაცვლად, გუნდთან ერთად ხორვატიაში "ზესტაფონის" ნახევარმცველი - გურამ სამუშია გაემგზავრა.

მანამდე, ასევე ვარჯიშზე გამიზეზებული ძველი ტრავმის გამო, თბილისში დარჩენა მოუწია ნაკრების ნახევარმცველ სანდრო რეხვიაშვილს.

საბოლოო სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: დავით ლეგაშვილი ("სასკო"), ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო", თბილისი)
მცველები: ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე, არჩილ ტვილდიანი ("დინამო", თბილისი), თედო გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), კოტე ზარნაძე ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა")
ნახევარმცველები:
ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა ("დინამო", თბილისი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით გიგაური ("იაგელონია", პოლონეთი), ნოდარ კიკნაველიძე ("გაგრა"), გურამ სამუშია ("ზესტაფონი")
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ოთარ კვერნაძე ("ზესტაფონი"), დავით გელაშვილი ("სპარტაკი", ცხინვალი)

ხორვატიაში გამგზავრებამდე U19-ის მთავარმა მწვრთნელმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. შემდეგ კი ბოლო თბილისური ვარჯიშიც ჩაატარა.

პრესკონფერენციას ნაკრების მცველი - გიორგი გაგნიძეც ესწრებოდა. ოთარ კორღალიძის თქმით, მათ გულდასმით შეისწავლეს მეტოქეთა თამაშები. განსაკუთრებული ყურადღებით კი - ბოსნიის, ვინაიდან ჩვენს გუნდს პირველი თამაში სწორედ მათთან ექნება. კორღალიძის შეფასებით, ჩვენი მომავალი მეტოქე ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ხორვატები კი ხისტები არიან და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ მატჩში წარმატების მიღწევა საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება (იხილეთ ვრცლად).

19-წლამდელები ზაგრებში 22 მაისს, ნაშუადღევს ჩავიდნენ და ავტობუსით გაემგზავრნენ დედაქალაქის ახლომდებარე პატარა დასახლება ტუელიეში, სადაც სასტუმრო "Terme Tuhelj"-ში დაბინავდნენ. აქვე იმყოფებიან ჩვენი ელიტრაუნდელი მეტოქეებიც - მასპინძელი ხორვატია, ბოსნია და ავსტრია.

საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად და გუნდის სრულფასოვნად მოსამზადებლად ტუელიე შესანიშნავი და მყუდრო ადგილია. ჩვენმა გუნდმა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ მოედანზე საღამოს ვარჯიში უკვე გამართა.

უკვე ნაკრებთან ერთად არიან და პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს გიორგი ჭანტურიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, რომლებიც ზაგრებში ჰოლანდიიდან ჩავიდნენ. გუნდს ორ დღეში შეუერთდება დავით სხირტლაძეც.
Sportall.Ge
ჩვენს გუნდს და ქართულ დელეგაციას ხორვატიაში წვიმიანი ამინდი დახვდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოთარ კორღალიძემ ფეხბურთელები სრული დატვირთვით ავარჯიშა.

19-წლამდელთა ელიტრაუნდის პირველ მატჩამდე ჩვენი გუნდი ერთჯერად ვარჯიშებს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებს ბოსნიასთან 25 მაისს ექნება. მატჩი სტადიონ "იოსიპ სვეტოგ რადნიკაზე" გაიმართება და თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული