ოთარ კორღალიძე: ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და აუცილებლად მოუმატებს

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ელიტრაუნდი გამარჯვებით დაიწყო. ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა ხორვატიაში მიმდინარე ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში ბოსნიელ თანატოლებს 4:2 მოუგეს და ცხრილში გალიდერდნენ.

მატჩის შემდეგ ოთარ კორღალიძემ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"რაც მთავარია, მოვიგეთ და ეს შედეგი ჩემთვისაც სასიხარულოა და ყველა იმ ქართველი გულშემატკივრისთვისაც, ვინც საქართველოდან გვქომაგობს.

თუმცა, თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. ზოგ ფეხბურთელს აშკარად ეტყობოდა შიში და სასტარტო მღელვარება - ეს, ძირითადად, დაცვის ხაზს ეხება. საკუთარ თავში არ იყვნენ დარწმუნებულები და შედეგად, გოლი გავუშვით.

მაგრამ, საბედნიეროდ,
ჩვენს გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ჩამორჩენაც დავძლიეთ და ორი ბურთით წინაც გავედით.

მერე, ისევ გაგვიტანეს... ამ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ უსამართლოდ დაგვინიშნეს თერთმეტმეტრიანი და საერთოდ, პირველ ტაიმში, მსაჯის ტენდენციურობა ძალიან აშკარა იყო.

შესვენებაზე ბიჭებს ასეთი რამ ვუთხარი: თამაშს ვიგებთ და ახლა მთავარია, კარი მშრალად შევინახოთ, ბურთი დიდხანს ვაკონტროლოთ და თუ კიდევ გავიტანთ, მთლად უკეთესი-თქო.

პატარა ტაქტიკური გადაადგილებებიც მოვახდინეთ - შევეცადეთ, სუსტი ადგილები შეგვევსო. მაგალითად, გიგაური გადავწიეთ მარჯვნივ, რადგან იმ ფლანგიდან უფრო აქტიურად გვიტევდნენ. ზუსტად ის თამაში ითამაშა ბოსნიამ, რასაც წინასწარ ვვარაუდობდით.

მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა თავდადებული თამაშისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის. თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია და აუცილებლად მოვუმატებთ.

26 მაისს, ბიჭებს აღდგენა ექნებათ. შემდეგ ვნახავთ და გავარჩევთ ხორვატიის თამაშის ვიდეოს. რაც ნანახი გვაქვს, ვიცით, რომ საკმაოდ უხეში გუნდია...

ძალიან კარგია, რომ მომდევნო მატჩში გუნდის კაპიტანი და დაცვის ლიდერი - აჩიკო ტვილდიანი დაბრუნდება, რომელმაც პირველი შეხვედრა შესარჩევში მიღებული ყვითელი ბართების გამო გამოტოვა.

რაც მთავარია, მსაჯებთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და უნდა ვეცადოთ, რომ არაფრის საბაბი არ მივცეთ.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთადაა და ტურნირის ბოლომდე იქნება ალექსანდრე ჩივაძე. ის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია და ბიჭებისთვის დიდი სტიმულია მისი აქ ყოფნა"
, - განაცხადა 19-წლამდელთა თავკაცმა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 მაისს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს და სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება ბევრი რამ. ეს შეხვედრაც იგივე დროს - 18:30 წუთზე, ზაგრებში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გთხოვთ თუ შესაძლებელია ტელევიზიით აჩვენეთ პირდაპირი ტრანსლიაცია.
giorgi
10:48 27-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული