ესტონეთის ჩემპიონატის 9 მატჩში ბეგლარიშვილმა 7 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირია, 14 ტურის შემდეგ კი მეისტრილიიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ "კალიუს" თავდამსხმელ ტარნო ნეემელოს ჩამორჩება. მაგრამ ამ უკანასკნელმა 9 გოლი 12 შეხვედრაში გაიტანა.
ბეგლარიშვილის ამჟამინდელი კლუბი "ფლორა" ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდია და ცხადია, ბალტიისპირელებთან მოახლოებული შეხვედრის წინ დავინტერესდით, მოწინააღმდეგის
- რა შეგიძლია გვითხრა ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებზე?
- ეს არის საკმაოდ ორგანიზებული ნაკრები, რომელიც ნებისმიერ გუნდთან ბოლო წუთამდე იბრძვის. მაგრამ რასაც ვამჩნევ, საქართველოს ნაკრების ძალიან ეშინიათ. ჩვენები იმპროვიზაციითა და ტექნიკით გამოირჩევიან, წინა ციკლში კი საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა და ეს კარგად დაიმახსოვრეს.
აქვე მადლობა მსურს მოვახსენო ალექსანდრე ჩივაძეს, რომელიც მენდო და ახალგაზრდულში გამომიძახა. ნაკრებში თამაში ყოველთვის მიხაროდა, მით უფრო ახლა, როდესაც ესტონეთს ვხვდებით.
- ცხადია, თქვენს თამაშებს ვერ ვუყურებთ, მაგრამ მაღალი შედეგიანობა მეტყველებს, რომ სეზონი კარგად დაიწყე.
- საწყისი 5 ტური გამოვტოვე, რადგან მუხლის ტრავმა მქონდა და ვმკურნალობდი. ბოლო 9 მატჩში კი 7 გოლი გავიტანე, აქედან 6 - ბოლოსწინა ორ თამაშში, ორჯერ ჰეთ-თრიქი შევასრულე, "პაიდესთან" და "კალევთან", ბოლო სამი შეხვედრაში კი საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.
ტრაბახი არ მიყვარს, მაგრამ ვგრძნობ, ისეთ ფორმაში ვარ, როგორც არასოდეს. ესტონელები ყოველთვის მქომაგობენ, აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, ხალხიც კარგია და ქვეყანაც, მაგრამ ახლა ვამჩნევ, ეს ამბავი აფრთხობთ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ნაკრებში ვარ გამოძახებული და კარგ ფორმაში მყოფი მოწინააღმდეგე არავის სიამოვნებს. უფრო კი იმის ეშინიათ, რომ მათზე თითქმის ყველაფერი ვიცი და ცხადია, ამ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გამოვიყენებ. თანაც ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი ვარ.
ბუნებრივია, ეს მეგობრულ ჩარჩოს არ სცილდებოდა და მეხუმრებიან, ჩვენც სამი გოლს ხომ არ შეგვიგდებო.
- "ფლორაში" ესტონეთის ახალგაზრდულის რამდენი ფეხბურთელია?
- ბევრს იწვევენ, მაგრამ სისტემატურად ხუთ მათგანს ენდობიან: მარცხენა მცველ მეელის პეიტრეს, ცენტრალურ მცველ კარლ მეტცს, მარცხენა ნახევარმცველ კარლ ერიკ ლუიგენტს, ცენტრალური ნახევრმცველ რეიო ლააბუსსა და თავდამსხმელ რაუნო ალიკუს.
კარგი ბიჭები არიან, შრომა არ ეზარებათ და მიმაჩნია, რომ ცუდი პერსპექტივა არ აქვთ, თანაც ყველასთან ვმეგობრობ. ესტონეთის ახალგაზრდულის სხვა მოთამაშეებსაც ახლოს ვიცნობ.
- შენი აზრით, ჩვენმა მოთამაშეებმა განსაკუთრებული ყურადღება ესტონელთა რომელ ფეხბურთელს უნდა მიაქციონ?
- კარგი ახალგაზრდული ნაკრები კი ჰყავთ, მაგრამ წამყვანი მოთამაშეები ეროვნულ გუნდში ბალტიის ქვყნების ეროვნული გუნდების ტურნირზე გამოიძახეს, ზოგიერთი ლიდერი კი ტრავმირებულია და ჩვენთან არ იქნებიან. მაგალითად, ჰენრი ანიერი, რომელიც წელს ნორვეგიის "ვიკინგში" გადავიდა. ანუ ჩვენთან დასუსტრებული შემადგენლობით ითამაშებენ და ისეთი გუნდი არ ეყოლებათ, რაც წინა თამაშებში.
- მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას გვეტყვი?
- ამათი უდიდესი პლუსი კარგი ფიზიკური მომზადება და სათამაშო დისციპლინაა. 90 წუთი დარბიან და არ იღლებიან. მაგრამ საფეხბურთო აზროვნებით და ტექნიკით ჩვენთან ახლოს ვერ მოვლენ და მჯერა, რომ მოვუგებთ.
- დაბოლოს, მართალია, რომ თბილისის "დინამოში" გიწვევდნენ?
- ეს ლაპარაკი ზამთარში იყო, მეც ძალიან მინდოდა დაბრუნება, მაგრამ "ფლორასთან" კონტრაქტი მხოლოდ შემოდგომაზე მიმთავრდება და გადმოსვლა აღარ გამოდიოდა. ახლაც არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ 100-პროცენტიანი წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"