ჩივაძე მანამდე ორჯერ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, რითაც საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა. თქმა რად უნდა, რომ ჩივაძეს ისევ აქვს სამწვრთნელო ამბიციები და საქმეს ახალგაზრდული ნაკრებიდან შეუდგა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ჩივაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ფეხბურთელთა კონტინგენტი უშუალოდ გამოსცადეთ და საქმეში ნახეთ. რა
- 19 ფეხბურთელი გახლდათ ჩემს განკარგულებაში და კიდევ 22 ფეხბურთელი მოიაზრება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატად. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი კონკურენციაა.
მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე გვაქვს იმის კარგი შანსი, რომ ცხრილში უკეთეს პოზიციაზე აღმოვჩნდეთ. ბელარუსსა და ესტონეთთან მატჩებმა კარგად დამანახეს ამ ფეხბურთელების შესაძლებლობები. ზოგთან დამშვიდობება მოგვიწევს.
ყენიას, იოსელიანის და საბანაძის გარდა, ამ მატჩებში 1992-93 წლებში დაბადებული ფეხბურთელები ვათამაშეთ. ამ კონტინგენტს დაემატებიან ანანიძე, ჭანტურია, ყაზაიშვილი, სხირტლაძე, გიგაური, პარუნაშვილი... მაინტერესებს მესხიას ნახვაც.
ჯანსაღი კონკურენცია მახარებს, ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებაც ძალიან სასიამოვნოა.
- ამ შესარჩევში ჯგუფიდან გასვლის შანსი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს არ აქვს. თუ ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ დამდეგ შესარჩევში, რაოდენ ძლიერ ჯგუფშიც უნდა მოხვდეთ, ფინალურ ეტაპზე გასვლა რეალური იქნება?
- ამოცანა აუცილებლად ასეთი იქნება. მართლა არის იმის წინაპირობა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
- რა ნაკლი შეატყვეთ ამ კონტინგენტს?
- ზედმეტად ემოციურობა, თუმცა ამ ასაკისთვის ეს უცხო არ არის. ყველაფერი გამოსწორებადია, ამ ბიჭებს, უბრალოდ, დაღვინება სჭირდებათ.
ესტონეთთან შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა "დაიჭირეს" ის სიტუაცია, რაც მსურდა - მიხვდნენ, თუ რა არის სწორი ფეხბურთის თამაში.
- მაინც რა მოდელი და რეჟისურა შეურჩიეთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს?
- ოთხი მცველი, ორი საყრდენი, მათ წინ ყენია, ორი განაპირა შემტევი და ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი - ასეთი იყო განლაგება. რაც შეეხება თამაშის შინაარსს, ვინც ბურთი და ასე ვთქვათ, თამაში იცის, იმას ვანიჭებ უპირატესობას.
ესტონეთთან იყო ისეთი ეპიზოდები, როცა ჩვენებმა ბურთი კარგად დაიჭირეს და ამით თვითონ ფეხბურთელებმაც ისიამოვნეს. ქინქლაძე, ჯამარაული, არველაძეები, ნემსაძე - ადრეც შემოქმედ ფეხბურთელებზე ვაკეთებდი აქცენტს და ახლაც ასე იქნება.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მოთამაშეთა სელექცია უკვე დასრულებული გაქვთ?
- მთლად მასეც არ არის. სელექცია უწყვეტი პროცესია. ძირითადი ბირთვი კი უკვე სახეზეა.
ლევან მჭედლიძეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ასაკის მიხედვით, მას ამ შესარჩევში კიდევ შეუძლია თამაში.
- როგორ შეაფასებდით ლევან ყენიას თამაშს ამ ორი მატჩის მიხედვით? ამ ფეხბურთელის მდგომარეობა ხომ ეროვნული ნაკრებისთვისაც არის აქტუალური...
- მისი გარჯით კმაყოფილი ვარ, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლიც შეაგდო. ყენია სასურველი ფორმისგან ჯერ შორს არის, ბევრი შრომა დასჭირდება დაკარგულის ასანაზღაურებლად. ამ ფეხბურთელს დიდი პოტენციალი აქვს და სასიხარულოა, რომ ახლა უკვე სრულიად ჯანმრთელია.
- რამდენიმე წელი მწვრთნელობას ჩამოცილებული იყავით, მწვრთნელისთვის კი დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეატყვეთ საკუთარ თავს, რთული ყოფილა პაუზის შემდეგ დაბრუნება?
- ამ საქმისგან შორს არასდროს წავსულვარ, ნაკრები გუნდების ყველა თამაშს ვესწრებოდი. თქვენი შეკითხვის არსი კარგად გავიგე და უნდა გითხრათ, რომ იმდენი გამოცდილება მაქვს, არაფერი გამჭირვებია.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ხორვატიაში რომ ვახლდი, ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იყო.
- ბარემ ხორვატული შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეთ...
- ჩვენმა გუნდმა ხორვატიასთან 1:3 წააგო, თუმცა მარცხისთვის თავის არიდება სავსებით შესაძლებელი იყო. გიორგი გაგნიძემ ისეთი გოლი გაუტანა ხორვატებს, რომ ჩემს გვერდით მჯდომი დავორ შუკერი წამოდგა და ტაში დაუკრა. მაყურებელიც იგივეს აკეთებდა.
ელიტრაუნდის ამ ჯგუფში მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი გუნდი ავსტრია იყო და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიელებს 2:1 მოუგო.
სამწუხაროდ, ოთარ კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. კორღალიძეც სულ იმას ეუბნებოდა ფეხბურთელებს, რომ სანაკრებო დონე სულ სხვა არის, აქ პატარა ლაფსუსის დაშვებაც კი არ შეიძლებაო...
ალექსანდრე ჩივაძე: შორს არასდროს წავსულვარ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]
ოთარ კორღალიძე: გიორგი ჭანტურიაზე ათასი უსიამოვნო ხმა მესმოდა...
თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა