არნემის "ვიტესში" კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს ელიან

AutoSharing Option
ნიჭიერი ქართველები და არნემის "ვიტესი" - მერაბ ჟორდანიას ფაქტორის გათვალისწინებით, ეს გზა უკვე გაჭრილია და უკვე ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ირიცხება ამ კლუბში - გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი.

რაც შეეხება გურამ კაშიას, ის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო, "ვიტესში" რომ მივიდა.

ჟორდანიას "ვიტესი" ნიჭიერი ქართველებისთვის უკვე არხი გახდა, რომელიც მუშაობს. ამის დასტურია ისიც, რომ კიდევ ორი ნიჭიერი ქართველი მიდის "ვიტესში": ლუკა ზარანდია და ცოტნე მესხი.

ორივე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის. ამ ნაკრებმა ივნისში მისთვის პირველ საერთაშორისო
ტურნირში ითამაშა, ბაქოში "კასპიის თასის" გამარჯვებული გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი ზარანდია დაასახელეს.

ზარანდიაცა და მესხიც 35-ე საფეხბურთო კლუბის აღზრდილები არიან. მათ ნიჭიერებაზე ბევრს ლაპარაკობდნენ და წინა სეზონში დავესწარი კიდეც ჭაბუკთა ლიგის ცენტრალურ შეხვედრას "სიონსა" და "გაგრას" შორის. "სიონის" სახელით "საბურთალო" თამაშობდა, "გაგრას" სახელით კი 35-ე საფეხბურთო კლუბი.

"საბურთალოში" ლამის მთელი საქართველოდან არიან თავმოყრილნი მოზარდები ამ ასაკში. საკმაოდ საინტერესო გუნდი ჰყავს მწვრთნელ გიორგი მიქაძეს, მაგრამ იმ შეხვედრაში ზარანდიასა და მესხს მისმა გუნდმა ვერაფერი მოუხერხა, "საბურთალო", ფაქტობრივად, ორმა ფეხბურთელმა დაამარცხა...

ზარანდია თავდამსხმელია, კარისკენ ზურგით მდგომს შეუძლია ბურთის მიღება, შემოტრიალება და გოლის გატანა. გარდა ამისა, ჩინებული დრიბლიორია, შეუძლია მაღალი სიჩქარე აკრიფოს და სლალომით სოლო-რეიდი შეასრულოს.

მესხი შემტევი შუახაზელია, ნათელი გონება აქვს, არაორდინალურ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩინებულად ეხერხება პასი. ცხადია, ტექნიკაც არ დაეწუნება.

"ვიტესი" და მისი პრეზიდენტი ჟორდანია საქართველოდან მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერ ფეხბურთელებს ითხოვენ, თორემ რაც ჟორდანია "ვიტესში" მივიდა, იმდენი ქართველი ფეხბურთელი შესთავაზეს, რომ მთელ ერედივიზიონს ეყოფოდა.

ზარანდიას და მესხის აყვანით "დინამო თბილისი" იყო დაინტერესებული. ამ მოზარდებს სხვა ქართული გუნდებიც აკვირდებოდნენ, თუმცა აქედან საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდა.

ზარანდია და მესხი "ფონდი არველაძის" სტიპენდიანტები არიან. ფონდის ურთიერთობა მათთან წლობით გრძელდება. სხვათა გარდა, ფონდი მათთვის ინგლისური ენის შესწავლაზეც ზრუნავდა და "ვიტესის" ვარიანტიც გაუჩარხა.

მესხი და ზარანდია ჰოლანდიაში შემოდგომაზე გაემგზავრებიან, ჯერ მხოლოდ სტაჟირებაზე, რადგან ასაკი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმების საშუალებას ჯერ არ აძლევთ.

17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს ეწყება. შესაძლოა, დევდარიანის ნაკრებმა მანამდე შეკრებაზე წაიყვანოს ფეხბურთელები და ზარანდია-მესხის "ვიტესში" წასვლა ამის გამო გადაიდოს.

როგორც უნდა იყოს, ამ ორ ქართველს "ვიტესში" უკვე ელოდებიან.

მესხსა და ზარანდიას ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. ჰოლანდიაში მოხვედრა, ალბათ, მათ წინსვლას, პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას წაადგება, თუმცა, მეორე მხრივ, დასანანია, რომ წამყვანმა ქართულმა კლუბებმა ამ ორი მართლაც ნიჭიერი ჭაბუკის აყვანის შანსი ხელიდან გაუშვეს.

კლუბისთვის ნიჭიერ ფეხბურთელზე დიდი კაპიტალი არსებობს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკას და ცოტნეს წარმატებას ვუსურვებ. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. მათ მხოლოდ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდებათ და არანაკლები გუნდისთვის სასურველი სამიზნე გახდებიან!!!!
gujakakhadze
15:04 07-08-2012
0
"კლუბისთვის ნიჭიერ ფეხბურთელზე დიდი კაპიტალი არსებობს?".... მხოლოდ არა ქართულისთვის. ქართული კლუბებისთვის სხვა კრიტერიუმები უფრო მიმზიდველია. საკითხავია რა არის ეს კრიტერიუმები, რომელსაც არ ახმაურებენ!!!!
gujakakhadze
14:59 07-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული