კიდევ იმითაა ეს შეხვედრა საინტერესო, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩივაძემ გადაახალისა და მკვეთრადაა შეცვლილი შემადგენლობა.
და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯგუფიდან ვერ გადის, მესამე ადგილის შენარჩუნებისთვის მართებს ბრძოლა.
გაზაფხულის მერე საქართველოს ამ თამაშით უბრუნდება სანაკრებო ციებ-ცხელება. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ხვალ ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა რომ უნ
ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ემზადებოდა ხორვატებთან შეხვედრისთვის.
14 აგვისტოს იქ ალექსანდრე ჩივაძემ ნაკრების ფეხბურთელ ნიკა ძალამიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. რა თქმა უნდა, კითხვების მეტი წილი ნაკრების მთავარ მწვრთნელზე იყო.
ალექსანდრე ჩივაძე:
- ხორვატიასთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოვიძახეთ და ტრავმის გამო ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძე გამოგვაკლდა.
ხორვატებთან პრინციპული მატჩი გველის, ორივე გუნდს ექვს-ექვსი ქულა გვაქვს და არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტოქე უკან მოვიტოვოთ.
ამისთვის ბოლო შეხვედრაში ესტონეთის ნაკრებსაც უნდა მოვუგოთ.
ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მომდევნო შესარჩევი ეტაპის კენჭისყრისთვის ხელსაყრელ პოზიციაზე ვიყოთ.
- შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები რა კონდიციაში არიან? სეზონი ახალი დაწყებულია და ამ დროისთვის ფეხბურთელის ფიზიკური მომზადების დონე, შესაბამისად, განსაკუთრებულია...
- ნაკრებში გამოძახებული ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ქვეყნის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, მაგალითად, ნიკა ძალამიძისთვის, რომელიც პოლონეთში თამაშობს. ხორვატიაში კი 18 აგვისტოს იქაური ჩემპიონატის მეხუთე ტური გაიმართება. თუ როგორ ფორმაში არიან ჩვენი ფეხბურთელები, ყველაზე უკეთ თამაშის დროს გამოჩნდება.
სანაკრებო შეკრებაზე, ამ მხრივ, რაიმეს შეცვლა შეუძლებელია. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ფეხბურთელების ამდროინდელი კონდიციები შეგვენარჩუნებინა.
- ამ ეტაპზე როგორ ატყობთ, გუნდი კარგად არის დაბალანსებული?
- ჩვენთვის პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებია და ამიტომაც იქ არიან გამოძახებულნი ანანიძე, მჭედლიძე და ოქრიაშვილი.
ვაპირებდით ირაკლი შეყილაძის გამოძახებას, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა გვითხრა, ამ ეტაპზე ნაკრებში სათამაშოდ მზად არ ვარო. შეყილაძეს ვუთხარით, რომ ნაკრების მომდევნო მატჩისთვის, ესტონეთთან უკვე კარგად იყოს მომზადებული.
ახალგაზრდულ ნაკრებში მართლაც კარგი კონკურენციაა. მეკარე ბეგაშვილის გარდა, 1992-93 წლებში დაბადებული ფეხბურთელები გვყავს შეკრებაზე, რომელთაც ასაკის მიხედვით ახალგაზრდული ნაკრების მომდევნო შესარჩევ ციკლშიც შეუძლიათ თამაში.
- ახალგაზრდული ნაკრების ამ შეკრებაზე არ არის ლევან ყენია - რა არის ამის მიზეზი?
- მოგეხსენებათ, ის სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" აპირებდა გადასვლას. არსებობდა წინასწარი შეთანხმებაც, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.
ყენია ახალგაზრდული ნაკრების წინა მატჩებში ვათამაშეთ. ახლაც დავუკავშირდით, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა ხორვატიასთან თამაშისგან.
ყენიას ეროვნული ნაკრების კანდიდატად მოვიაზრებ და ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ.
- მეტოქეზე რას იტყოდით?
- ხორვატია წარმატებული საფეხბურთო ქვეყანაა და ახალგაზრდული ნაკრებიც საკმაოდ ძლიერი ჰყავს. ვფიქრობ, ხორვატიას წარდგენა არ სჭირდება.
- თქვენი გაწვრთნილი გუნდი შეტევაზე იქნება ორიენტირებული? პირველ ნომრად ითამაშებთ?
- თვითონ თამაში გვიჩვენებს, რა როგორ იქნება. ორიენტირი კი შედეგია.
- ვინ იქნება ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი?
- ამას მატჩის დროს ნახავთ.
- რა განწყობაა გუნდში?
ნიკა ძალამიძე:
- გუნდში მართლაც კარგი განწყობაა. ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ.
- ივო შუშაკს საქართველოში კარგად იცნობენ და რა თქმა უნდა, თქვენც კარგად იცით, თუ როგორი მწვრთნელია შუშაკი. რას ელით მისი გუნდისგან? როგორ ფიქრობთ, ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები რაიმე განსაკუთრებულს შემოგვთავაზებს?
ალექსანდრე ჩივაძე:
- შუშაკის საქართველოში ჩამოსვლას ყოველთვის მივესალმები. ახლახან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ვახლდი ელიტრაუნდის მატჩებზე ხორვატიაში და შუშაკმა იქაც მოგვინახულა, ძალიან თბილად შეგვხვდა.
შუშაკი "დინამოს" მწვრთნელი იყო. მის ხელში გუნდმა წარმატებებს მიაღწია, თანამეგობრობის თასიც კი მოიგო; შუშაკის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი რუსეთი დაამარცხა.
მე ვიცი შუშაკის გემოვნება და ისიც, რომ მისი ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან. შუშაკის გუნდს ამ შესარჩევში ჩვენმა ნაკრებმა, ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით, სტუმრად მოუგო. ახლა კი სულ სხვა გუნდი გვყავს. იმ მატჩის მონაწილე ცხრა ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ახლა აღარ არის გამოძახებული.
ჩვენ ახლა სულ სხვა გუნდი გვყავს, ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშებთ. წინა ორ შეხვედრაში ყენია და ოქრიაშვილი თუ გვყავდა, რომლებმაც წარმატებით ჩაატარეს ის ორი მატჩი, ახლა ისინიც არ არიან ჩვენთან.
- ნიკა საბანაძის გამოკლებამ, ალბათ, სიახლეებისკენ გიბიძგათ შეტევის ხაზში. ორი ფორვარდი, ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი, გარემარბები... უფრო რომელი ვარიანტისკენ იხრებით?
- თამაშამდე ინდივიდუალურადაც დაველაპარაკებით ფეხბურთელებს და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეკრებაზე ფეხბურთელები სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ და სრულფასოვანი ვარჯიშის საშუალება მხოლოდ დღეს მოგვეცა.
ერთხელაც ვიტყვი, რომ სანაკრებო შეკრებაზე გუნდის ფიზიკურად მომზადების დრო არ გვაქვს, ბევრ რამეს განაპირობებს ფეხბურთელების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება. ტაქტიკა და მოწინააღმდეგის გაცნობა - ნაკრების შეკრებაზე მეტწილად ამით უნდა ვიყოთ დაკავებულები.
* * *
პრესკონფერენციის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი სავარჯიშოდ გაიყვანა.
მოთელვა, თავბურთი მოედნის მცირე პერიმეტრზე, კვადრატი, კარში დარტყმები, ჩაწოდებები, რომელთა დაგვირგვინებისას ბევრი იყო ტექნიკური წუნი.
ამის მერე ტაქტიკური ვარჯიში წავიდა, ბურთის დიაგონალზე გადატანითა და კარის გასწვრივ ჩაწოდებებით - სულ ეს იყო, დანარჩენი კი მატჩში უნდა გვაჩვენოს ჩივაძის გუნდმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ივო შუშაკი: არ დაგავიწყდეთ ფეარ პლეი!
ჩივაძე VS შუშაკი - ყველა შეტევა და ინიციატივა მომზადებული უნდა იყოს!
ალექსანდრე ჩივაძე: სამწვრთნელო საქმისგან შორს არასდროს წავსულვარ
ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]