ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შინ პირველ მატჩს თამაშობდა, მოწინააღმდეგე კი ჩვენი ძველი ნაცნობის, ივო შუშაკის ხორვატია იყო - ინტერესი ამანაც ვერ გააღვივა.
თვითონ თამაშს რაც შეეხება, დიდი ვერაფერი გამოდგა. ჩვენი ნაკრებისგან უფრო მეტს ველოდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ახალი შექმნილია. ვერ ვნახეთ ახალგაზრდა ქართველების კარგი ინდივიდუალური თამაში, თორემ გუნდურობისგან ამ ეტაპზე განსაკუთრებული არც არაფერი იყო მოსალოდნელი.
ხორვატიამაც
საქართველო შინ თამაშობდა და შემტევი ფეხბურთი მისთვის თავისებური მოვალეობა იყო. ჩივაძემ ცენტრფორვარდად დავით სხირტლაძე გაამწესა.
სხირტლაძეს ამ პოზიციაზე "ორჰუსშიც" უწევს თამაში, თუმცა უფრო უკან, პლეიმეიკერსა და მეორე ფორვარდს შორის არის მისი საყვარელი ადგილი.
გიორგი ჭანტურიამ მარჯვენა გარემარბის პოზიცია დაიკავა, "ვიტესშიც" ამ ფუნქციას აკისრებენ ხოლმე; მარცხენაფლანგელად კი გიორგი პაპავა მოგვევლინა - არაერთხელ დავსწრებივარ "დინამოს" დუბლების თამაშს და პაპავა ამ პოზიციაზე არ შემინიშნავს.
რა თქმა უნდა, მწვრთნელმა უკეთ იცის, ვის რა პოზიცია მიუჩინოს და ექსპერიმენტების უფლებაც აქვს.
მასპინძლებს მალევე შეეძლოთ გოლის გატანა - ხორვატ მცველს ფეხი დაუცდა, სხირტლაძემ ამით კარგად ისარგებლა და ნიკა ძალამიძეს გადააწოდა ბურთი. ის კართან ახლოს იყო, თუმცა ამ ეპიზოდიდან ოდენ კუთხურს გამორჩა.
ამის შემდეგ ჯაბა ჯიღაურმა ოციოდე მეტრიდან ჭვინტით დაარტყა - ბურთი ხორვატიის მეკარემ მოიგდო ხელებში.
არც სტუმრები დაურჩნენ ვალში მასპინძლებს: დუიე კოპი მარცხნიდან შეიჭრა ქართველთა საჯარიმოში, მწვავედ ჩააწოდა კარის გასწვრივ. დასწრებაზე ყველას ანტონ მაგლიცამ აჯობა, თუმცა ახლოდან ზუსტად ვერ დაარტყა.
ჩივაძის გუნდს მცირე უპირატესობა მართლა ჰქონდა და ღრიჭოც მოუძებნა ხორვატიის დაცვას - ძალამიძემ ორიგინალური პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა სხირტლაძე და 1:0.
ვინც სტადიონზე მოვიდა, უმეტესობას, ალბათ, გიორგი ჭანტურიას თამაშის ნახვა აინტერესებდა. მან თავისი საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, თუმცა რამდენჯერმე გამოირჩა მოხდენილი მოძრაობითა და მახვილგონივრული პასით.
ჭანტურიას მარჯვენა ფლანგიდან ცაციათი შეჰქონდა ბურთი შუისკენ - მეტწილად ასე ცდილობდა თამაშის გამწვავებას. მან ჯერ პაპავას გადააწოდა ბურთი კარგად - დინამოელმა რიგიანად ვერ დაარტყა. შემდეგ ჭანტურიამ ჩინებული პასი გაუჭრა ჯიღაურს, რომელმაც მარცხნიდან ხეირიანად ვერ დაასრულა შეტევა.
ხორვატებმა ნელ-ნელა გამოასწორეს თამაში. ანდრეი კრამარიჩმა ერთხელ სცადა შორიდან ბედი, მეკარისთვის უხერხული ტრაექტორიით დაარტყა, ისე, რომ გიორგი ნადირაძეს სიტუაციის გაკონტროლება გაუჭირდა.
ეს თავისებური სიგნალი უნდა ყოფილიყო ჩვენი გუნდისთვის, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ ხორვატთა ათ ნომერს ძალიან სახიფათო დარტყმა ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა: მეორე ცდაზე კრამარიჩმა დაახლოებით 7-8 მეტრი გაისეირნა ბურთიანად. კარგად რომ გაისწორა ბურთი, არც მაშინ მოისურვა ვინმემ მისთვის ხელის შეშლა.
ჰოდა, კრამარიჩმაც ისეთი დააქუხა, თქვენი მოწონებული - ბურთი ცხრიანში გაახვია.
შესვენების შემდეგ ჩივაძემ მოედანზე ფეხმალი ლაშა ჩაფიძე შეუშვა - მარცხენა გარემარბად გაამწესა, პაპავა კი თავის ჩვეულ პოზიციაზე გადაიყვანა.
ამასობაში წვიმა წამოვიდა და ხორვატებს თითქოს კარგად მოუხდათო გაგრილება - სტუმრები ჩვენს ნაკრებზე უფრო დინამიურად ათამაშდნენ, მოძრაობასა და სისწრაფეში არცთუ უმნიშვნელო უპირატესობა მოიპოვეს.
შუშაკის გუნდი ცუდად როდი იყენებდა ფლანგებს, განსაკუთრებით მარჯვენას, საიდანაც არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ჩივაძის გუნდს გოლი აღარ გაუშვია, თუმცა ამის შანსი ნამდვილად იყო.
მატჩის ბოლოსკენ უკვე ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდათ საგოლე შესაძლებლობები. ჭანტურიას ბრწყინვალე პასით კონსტანტინე გაბაშვილი მარჯვნიდან შეიჭრა ხორვატიის საჯარიმოში, მახვილი კუთხიდან ლამობდა მეკარისთვის ბურთის გადაგდებას, თუმცა ხორვატთა კიპერმა იმარჯვა და მეტოქეს ოდენ კუთხური აკმარა.
ამის მერე იყო ეპიზოდი, როცა ხორვატიის მეკარის და ცენტრალური მცველის, იგორ ბუდნიჩის უნიათობით ვერ ვისარგებლეთ - გაბაშვილმა და ჩაფიძემ ერთმანეთს ხელი შეუშალეს.
ეს ფრე ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს ხელს - შესარჩევის ბოლო ტურში ესტონეთს თუ მოუგეს, მესამე ადგილს ვერავინ შეეცილება.
U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. V ჯგუფი
15.08.2012. მიხეილ მესხი. 1500 მაყურებელი
საქართველო-ხორვატია 1-1 (ფოტორეპორტაჟი)
გოლები: 1:0 სხირტლაძე (20, ძალამიძის პასით), 1:1 კრამარიჩი (37)
საქართველო ხორვატია
4-3-3 4-3-3
ნადირაძე სლუგა
ტვილდიანი ვრსალკო
ს. კვირკველია ტიჩინოვიჩი
მ. კობახიძე ბუდნიჩი
თედო გრიგალაშვილი კელიჩი
კვეკვესკირი ანდრიაშევიჩი
ჯიღაური ადემი
ჭანტურია კრამარიჩი
ძალამიძე კოპი
პაპავა ცაკტაში
სხირტლაძე მაგლიცა
მწვრთნელები:
ა. ჩივაძე ი. შუშაკი
საქართველო:
46. კვეკვესკირი-ჩაფიძე
71. ძალამიძე-კოხია
80. სხირტლაძე-გაბაშვილი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ყაზაიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, პარუნაშვილი
ხორვატია:
57. ანდრიაშევიჩი-გლავიცა
63. კოპი-ზუპარიჩი
75. მაგლიცა-ბუდიმირი
სათადარიგოები: ცოვიჩი, ბრუჩიჩი, მირზლიაკი
გაფრთხილება: ანდრიაშევიჩი (28), ბუდნიჩი (39), პაპავა (45), ადემი (42), კელიჩი (61), ჭანტურია (87)
არბიტრი: ა. აბდულა (უკრაინა)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: რაზე უნდა ველაპარაკო ფეხბურთელს, 90 წუთი თამაში რომ არ შეუძლია?!
ივო შუშაკი: საქართველო ჩემს გულშია და თუ ღმერთი ინებებს, აქ კიდევ ჩამოვალ სამუშაოდ