ალექსანდრე ჩივაძემ ახალი გუნდის შენება დაიწყო. მის ხელში გუნდი ჯერ წაუგებელია. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ჩივაძემ განაცხადა, ამ თამაშმა ბევრი რამ დამანახაო და თუ რა დაანახა, 6 სექტემბერს ესტონეთთან შეხვედრაში უნდა გამოჩნდეს.
მანამდე კი იმ ფეხბურთელთა თამაში მიმოვიხილოთ, ხორვატიასთან რომ გავიდნენ მოედანზე.
გიორგი ნადირაძემ ამ შესარჩევში მეორედ დაიცვა საქართველოს
ნადირაძეს ჯერ არ აქვს სხვებზე მეტი საერთაშორისო გამოცდილება და მის პოტენციალზე საუბარიც, ალბათ, ნაადრევია.
არჩილ ტვილდიანის შესაძლებლობებს უკეთ ვიცნობთ. ხორვატიასთან პირველ ტაიმში ის გამორჩეული იყო. შეტევაში ყოჩაღად მიდიოდა და დაცვაშიც რიგიანად ირჯებოდა.
განაპირა მცველების პრობლემა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წლობით აქვს და ტვილდიანის თამაში ამადაც არის საინტერესო. ის "დინამო თბილისის" მეორე გუნდში თამაშობს და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებს. 17-წლამდელთა ნაკრებშიც ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
საბა კვირკველიას აღნაგობა არ დაეწუნება, თუმცა ხორვატიასთან მატჩში წუნი ჰქონდა. ის უფრო მოქნილი რომ იყოს, უფრო ეფექტურიც იქნებოდა.
კვირკველია 20 წლისაა და ჯერაც აქვს იმის შანსი, რომ ხარვეზები გამოასწოროს. ამ პოზიციაზე ახალგაზრდულ ნაკრებში სხვა არჩევანიც არსებობს და ვნახოთ, ვინ როგორ გაუძლებს კონკურენციას.
მამუკა კობახიძე რა ხანია, "ზესტაფონის" ძირითადის ფეხბურთელია, თუმცა მასაც არ უნდა ჰქონდეს დაბევებული ადგილი ნაკრებში.
დაცვის მარცხენა ფლანგზე ჩივაძემ თედო გრიგალაშვილი გაამწესა. ეს მისი პირველი გამოცდა იყო ასეთ დონეზე. ჩვენი ნაკრების მარცხენა ფლანგს განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუჭირდა, ხორვატიის ნაკრების შეტევათა მეტი წილი აქედან მოდიოდა.
ნიკა კვეკვესკირს ჩივაძემ კაპიტნის სამკლავური გაუკეთა. ამ ეტაპზე კვეკვესკირს ჯერ "დინამოში" აქვს დასამტკიცებელი საკუთარი შესაძლებლობები უმცროს დუშან უჰრინთან.
ჯაბა ჯიღაურმა ამ შესარჩევში უკვე მეოთხე მატჩი ითამაშა. კარგი მონაცემები აქვს ამ შუახაზელს, თუმცა ხორვატიასთან მათი სრულად წარმოჩენა ვერ მოახერხა.
ნიკა ძალამიძე სხვებზე გამოცდილია, არაერთ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ხორვატიასთან საგოლე პასი შეასრულა. მას არაერთი კონკურენტი ეყოლება ნაკრებში, თამაშის წაყვანა სხვასაც შეუძლია.
გიორგი პაპავა ცენტრალური ნახევარმცველია და ჩივაძემ ხორვატიასთან, ფაქტობრივად, მარცხენა გარემარბად ათამაშა პირველ ტაიმში. ეს მისი პოზიცია არ არის - ასეთია ჟურნალისტური აზრი.
გიორგი ჭანტურია სულ სხვა კლასია, თუმცა ლიდერობა მხოლოდ ამით არ მოდის. ხასიათი მოედანზე - ჭანტურიას ეს აქვს და მისგან ყოველთვის სხვებზე მეტს ელიან.
ის 19 წლისაა და ამ ასაკში უკვე ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობენ - ვფიქრობ, ჭანტურიასთვის მეტრი სწორედ ეროვნული ნაკრები უნდა იყოს.
დავით სხირტლაძემ გოლი გაიტანა. ამ შემტევს სხვა რამეებიც ეხერხება კარგად. საინტერესო ფეხბურთელია. მეტი მუხტი რომ ჰქონდეს, სასურველი იქნებოდა.
შეცვლაზე პირველი ლაშა ჩაფიძე შევიდა. წინა სეზონში ცხინვალის "სპარტაკში" იყო განათხოვრებული "დინამოდან" და რამდენიმე შეხვედრაში მართლაც ეფექტურად ითამაშა. მეტი საერთაშორისო გამოცდილება სჭირდება - ხორვატიასთან ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.
დავით კოხიამ პირველად ითამაშა საქართველოს მაისურით. ის რუსული "ვოლგას" ფეხბურთელია. ხორვატიასთან ოცი წუთი დაჰყო მოედანზე და მისი თამაშის შეფასება რთულია.
კონსტანტინე გაბაშვილი სწრაფი და აგრესიული თავდამსხმელია. ჯერაც დასამტკიცებელი აქვს საკუთარი შესაძლებლობები ნაკრებში თუ კლუბში.
ხორვატიასთან სათადარიგო გახლდათ ვაკო ყაზაიშვილი. შესაძლოა, ის ჭანტურიაზე ნიჭიერიც კი იყოს, ბევრი კარგი თვისება აქვს. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს მას ჩივაძე.
სათადარიგო იყო ლაშა პარუნაშვილიც. ეს შუახაზელი განსაკუთრებული მონაცემების ფეხბურთელია, თამაშის წარმართვაც შეუძლია და დაცვითი ფუნქციების შესრულებაც.
ჩივაძეს მაღალი საფეხბურთო გემოვნება აქვს და გამიკვირდა, დინამოელ პარუნაშვილს ხორვატიასთან თავის გამოჩენის შანსი რომ არ მისცა...
დანარჩენი 6 სექტემბერს გამოჩნდება.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 6 6 0 0 21-2 18
2.შვეიცარია 6 4 1 1 12-4 13
3.საქართველო 7 2 1 4 6-17 7
4.ხორვატია 7 2 1 4 7-10 7
5.ესტონეთი 6 0 1 5 1-14 1
დარჩენილი მატჩები:
6 სექტემბერი
საქართველო-ესტონეთი
შვეიცარია-ესპანეთი
10 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია
შვეიცარია-ესტონეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით