U-19. საქართველო-სომხეთი 1:0 - ქარს გატანებული მომენტები

AutoSharing Option
კახა კაჭარავას გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სომეხ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

კაჭარავამ ნაკრები 4-4-2 ტაქტიკური სქემით ათამაშა, რასაც ჩვენი ნაკრებები აღარ მიმართავენ. მან გუნდში ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე მოთამაშეც მიიწვია და საინტერესო იყო, რა გუნდით ვითამაშებთ შესარჩევ ციკლში.

მასპინძლებმა შეხვედრა ისე დაიწყეს, თითქოს ძალიან იოლად და დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ. მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა გურამ სამუშია. თავდამსხმელებიც ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტები ქარს გაატანეს, რომელიც "ბასაზე" გვარიანად უბერავდა.

მერე სომხებიც გამოფხიზლდნენ - მეკარე გარიელ თებიძემ საოცარი რეაქცია
გამოავლინა და ორჯერ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.

მეორე ტაიმში ძლიერი ქარი ჩვენი შეტევების საწინააღმდეგო მიმართულებით ქროდა, მაგრამ ქართველმა ახალგაზრდებმა მაინც გაიმარჯვეს და დამსახურებულადაც. თუმცა საწყისი 15 წუთი სტუმრების იყო და ორი უმწვავესი შეტევა განახორციელეს.

დროული გამოდგა შეცვლები: საბა ლობჟანიძემ, ავთო ენდელაძემ, გიორგი პაპუნაშვილმა, ვაჟა მათიაშვილმა და ნიკა ახვლედიანმა ქართველთა შეტევები გამოაცოცხლეს და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. მაგრამ ნიკა სანდოხაძის (ორჯერ), პაპუნაშვილისა და ახვლედიანის დარტყმები ან ძელს მოხვდა, ან კარს ოდნავ ასცდა.

Sportall.Geთუმცა სამართალმა იზეიმა: თბილისის "დინამო 2"-ის თავდამსხმელმა ვაჟა მათიაშვილმა კუთხურიდან ლობჟანიძის ჩაწოდებული ბურთი მაღალ ნახტომში შორეულ კუთხეში გააგზავნა - 1:0.

აქვე ვიტყვით, რომ შეხვედრას არბიტრი ყრუაშვილი მშვენივრად გაუძღვა და მასპინძლებს არ მიმხრობია.

არადა, მსგავს მატჩებში შავფორმიანთა არაობიექტურობით უკმაყოფილო სტუმართა პრეტენზიებს ხშირად ჩვენც ვიზიარებდით, რადგან მათი დახმარებით მოგება არავის სჭირდება; ეს გამარჯვება კი დასაფასებელია, რადგან სომხებს საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავთ.

ქართველი 19-წლამდელები სომხეთთან მეორე ტესტ-მატჩს 24 აგვისტოს ჩაატარებენ და ეს შეხვედრაც "ბასაზე"17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

U-19. ამხანაგური მატჩი
22 აგვისტო. "ბასა". 400 მაყურებელი
საქართველო-სომხეთი 1:0
გოლი: 1:0 მათიაშვილი (87. ლობჟანიძის პასით).

საქართველო: თებიძე - გეგეჭკორი, ჭანტურია, სანდოხაძე, მთივლიშვილი - სამუშია, აბურჯანია, ფონიავა, ფანცულაია - არაბული, კაჭარავა.
შეცვლაზე: ლობჟანიძე, ღერყენაშვილი, ენდელაძე, მათიაშვილი, პაპუნაშვილი, კახიძე, ახვლედიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული