გიორგი ჭანტურია: ნაკრები შემდეგ ციკლში ბევრად უკეთესად ითამაშებს

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ბევრი ჭანტურია გვახსოვს, ბევრ მათგანს უთამაშია საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში. ახლა ქართულ ფეხბურთში აქტუალური ორი ჭანტურიას ამბავია: ნიკა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამხარებელი 17-წლამდელების კაპიტანი გახლავთ, გიორგი კი - ჰოლანდიური ერედივიზიეს არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი.

ორივე საქართველოს ნაკრების წევრია და ორივეს მიმართ სოლიდური კლუბები დაინტერესდნენ. ჩვენი დღევანდელი წერილიც მათზეა.

გიორგი ჭანტურია: მიმაჩნია, რომ ნაკრები პერსპექტიულია
"ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ აღიარა, რომ სერია A-ს "ჯენოამ" მის კლუბთან მოლაპარაკება დაიწყო, არნემელთა პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია
კი მზად არის, კონკრეტული წინადადება განიხილოს. ტრანსფერი 80 პროცენტით გადაწყვეტილია და ალბათ, აგვისტოს ბოლომდე "ჯენოასთან" კონტრაქტს გავაფორმებო (იხილეთ ვრცლად).

რამდენიმე დღეში "ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეზიოზიმ La Gazzetta dello sport-თან დაადასტურა, ჭანტურიას შეძენა გვსურსო.

სატრანსფერო სავარაუდო თანხა 4 მილიონი ევროა და ჟორდანია მზად არის, იტალიელთა წინადადება განიხილოს.

ბუნებრივია, გიორგის უკეთეს ლიგაში გადასვლა რომ სურს. ამის ბრალია თუ სხვა რამ არის მიზეზი, ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო ტურში "ზვოლესთან" შეხვედრაში სათადარიგოთა შორის იყო, ძირითადში ადგილი კი რენატო იბარას დაუთმო.

სანამ გიორგის "ჯენოაში" გადასვლის საკითხი გადაწყდება, მანამდე "ვიტესის" თავდამსხმელს განვლილ ევროსეზონსა და ამჟამინდელ კლუბზე ველაპარაკეთ.

- ჰოლანდიური კლუბის საწყის ეტაპზე გამოვარდნა ყოველთვის მოულოდნელობაა, მიუხედავად იმისა, რომ ამბიციური "ანჟი" შეგხვდათ...
- ფეხბურთში სახელი ბევრს ნიშნავს, მაგრამ "ანჟი" ძალიან კარგი გუნდი გამოდგა. შეხვედრის ბედი კი მაღალი კლასის მოთამაშეებმა გადაწყვიტეს. მარტო ეტოოა ისეთი ფეხბურთელი, მარტოს შეუძლია მოიგოს.

- თუმცა პირველ შეხვედრაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდით და მოგებაც შეგეძლოთ...
- რეალური მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ. არადა, მომენტებში ვჯობდით კიდეც.

- მწვრთნელის შეცვლით შენს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა?
- შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ კარგისკენ. ფრედ რუტენისგან ნდობას ვგრძნობ, კარგი სპეციალისტია და იმედია, მისი ხელმძღვანელობით "ვიტესი" უფრო განვითარდება. მე ის ძველ მწვრთნელს, ჯონ ვან დერ ბრომს მირჩევნია.

- წასვლის შემდეგ ვან დერ ბრომი ალაპარაკდა, თითქოს მერაბ ჟორდანია ფეხბურთელების დაყენებას ურჩევდა. დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა?
- სიმართლე გითხრა, მისი ეს განცხადება ვერავინ გაიგო. ორი წელიწადია, გუნდში ვარ და ვერ ვიხსენებ, რომ ჟორდანია მწვრთნელის საქმეში ჩარეულიყო, ასეთი რამ არ ახასიათებს.

- ხორვატიასთან შეხვედრაზე რას იტყვი?
- მართალია, ჯგუფიდან გასვლის შანსი დიდი ხნის წინათ დავკარგეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, მით უფრო, ისეთ ძლიერ ნაკრებთან, როგორიც ხორვატიაა.

სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რადგან გუნდი განახლების პროცესშია. მეტოქეზე უმცროსი ასაკის ფეხბურთელებით ცუდად მაინც არ ვითამაშეთ.

მიმაჩნია, რომ პერსპექტიული ნაკრები გვყავს. ახლა ჩვენ შეთამაშება გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი შემდეგ ციკლში ბევრად უკეთ ითამაშებს.

ნიკა ჭანტურია: ღმერთმა ლონდონის "არსენალში" თამაშის შანსი მომცა და შრომა დამეზარება?!


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით
სამუელ ეტოომ გურამ კაშია გაამწარა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი, სულ გამარჯვებით გევლოს, კარგი კაცი ხარ. ფეხბურთი გოლებით არის ლამაზი და გულშემატკივართა გასახარად ბევრი და მნიშვნელოვანი გოლი გაგეტანოს შენს საფეხბურთო კარიერაში.
gizog
18:02 24-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული